დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე: - არ მახსოვს, ასეთი ჩვენება თუ მაქვს მიცემული... - კვირის პალიტრა

დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე: - არ მახსოვს, ასეთი ჩვენება თუ მაქვს მიცემული...

ამაზე უკვე ატყდა განგაში...

მოახერხებდა თუ არა ტყემალაძე სამმეტრიან კედელზე გადაძრომას, სასამართლომ ამ ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი თქვა(?!)

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის - "ამაზე მალე ატყდება განგაში" შემდეგ საზოგადოებაში მართლაც განგაში ატყდა. რედაქციამ "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე:  www.kvirispalitra.ge უამრავი წერილი მიიიღო.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ ველოდით, რომ მასში მოყვანილ მოსაზრებებზე დაზარალებული პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. ამ საქმის ძიების დაწყებიდანვე კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, თავად შეგვესწავლა  გვანცა ყუფარაძის წერილში მოყვანილი ფაქტები.

KvirisPalitra.Geმკითხველს შევახსენებთ, რომ საბრალდებო დასკვნისა და განაჩენის მიხედვით, 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ტყემალაძეს თანაკლასელმა, 14 წლის გვანცა ყუფარაძემ დანით, უმიზეზოდ, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, "ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით"  30 ჭრილობა მიაყენა. 14 წლის მოზარდს თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის 10 წელი მიუსაჯეს.

გვანცა ყუფარაძე დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ თორნიკე ტყემალაძე მისთვის უცნობმა ოთხმა პირმა დაჭრა, სამაგიეროდ, მათ ტყემალაძე კარგად იცნობდა. მთავარი კითხვა: რატომ, რა მიზეზით უნდა მიეყენებინა 14 წლის გოგონას თანაკლასელისთვის 30 ჭრილობა, პასუხგაუცემელია. გამოძიებამ ვერც დანაშაულის იარაღი იპოვა.

ვნახოთ, როგორია დაზარალებულ თორნიკე ტყემალაძის ვერსია.

თორნიკე ტყემალაძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო,  მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და  იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული "ჟეშტის" ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, - დანით ხარ დაჭრილიო".

ადვოკატის შეკითხვაზე, რითი დაჭრეს, ტყემალაძე პასუხობს: "დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა... დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა (დანას. - ავტ.), მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი.

ადვოკატი: - თუ უკნიდან გირტყამდა, წინა მხარეს როგორ გაქვს ჭრილობები?

- წინა მხარეს არა მაქვს ჭრილობები მიღებული, არც ტანსაცმელზე"...

გვანცა ყუფარაძის შეკითხვაზე, რატომ უნდა მეჩუქებინა შენთვის 50 ლარიო, ტყემალაძე პასუხობს: "- არ გამჩენია ეს შეკითხვა, რატომ მჩუქნიდი 50 ლარს.

- რაში გჭირდებოდა ეს ფული?

- მჭირდებოდა რა... აუცილებლად კი არ უნდა წამეყვანა ბიჭები, თუ მომცემდი ფულს, მაშინ წავიყვანდი სახინკლეში, არ მჭირდებოდა ფული.

- როგორ მოგაყენე 30 ჭრილობა?

- დარტყმის შედეგად არ გავითიშე, მაგრამ დავიბენი... ვითიშებოდი, წამიერად გავითიშე, მაგრამ გრძნობა არ დამიკარგავს. თავში მომხვდა რაღაც საგანი, მაგრამ რა, არ ვიცი. ძალა მთლიანად გამომელია, უცებ მომაყოლე დარტყმა კიდევ. შემწევდა ძალა, შეგწინააღმდეგებოდი, ვცადე, მაგრამ ვეღარ შეგეწინააღმდეგე. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ წამოვდექი, არ ვიცი, რატომ. პირველად რომ მომაყენე ჭრილობა, მაშინ ვერ წამოვდექი, მერე წამოვდექი, 30 ჭრილობის შემდეგ შევძელი გაქცევა.

- მე თუ დაგჭერი, რატომ გავიქეცი ფატი მასწავლებელთან სასწრაფოს და პატრულის გამოსაძახებლად?

- ჩემი აზრით, გეგონა, ვერ გადავრჩებოდი და შეგეშინდა, ვინმეს არ დაენახე...

- შენ თქვი, რომ ჟეშტი სკოლის ეზოს მარცხენა კუთხეში იდო. ის იქ არასოდეს ყოფილა, რა ჟეშტზე ლაპარაკობ?

- არ მახსოვს, ასეთი ჩვენება თუ მაქვს მიცემული...

ერთს ვიტყვი რა, ტყუილად ხომ არ დავადებდი ხელს გვანცას. მე მეგონა, მძიმედ არ ვიყავი დაჭრილი. არ მინდოდა, გვანცა დასჯილიყო და თავიდან ამიტომ არ ვთქვი სიმართლე. სამი დღე არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მერე ამიტომ ვთქვი ყველაფერი. სასამართლოს მივანდობ გვანცას დასჯის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ მე არ მინდა გვანცა მსუბუქად დაისაჯოს".

გვანცა ყუფარაძის საქმის დეტალები მეტად საყურადღებოდ გვეჩვენა. ამიტომ მკითხველს გავაცნობთ ჩვენს გადამოწმებულ ზოგიერთ ფაქტსაც, ხოლო მათი გაანალიზება საზოგადოებისთვის მიგვინდვია.

თორნიკე ტყემალაძის ჩვენებაში ნათქვამია, რომ 2006 წლის 9 ნოემბერს ყუფარაძესთან შესახვედრად გამოვიდა სკოლიდან და მისი ეზოს ალაყაფის კარის გვერდით კედლიდან გადაძვრა ეზოში.

ჩვენ შევამოწმეთ კედელი - ის 3 მ სიმაღლისაა და მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ფოტოგრაფი ბევრს ვეცადეთ, როგორმე გადავმძვრალიყავით, ვერაფრით მოვახერხეთ.

ტყემალაძე მიუთითებს შემთხვევის ადგილს და ამბობს, რომ იქ იდო "ჟეშტი", რომლის აწევის დროსაც დაჭრა ყუფარაძემ. ახლა, სამი წლის შემდეგ, იქ თუნუქის ფურცელი იყო თუ არა, ვერაფრით გავიგებთ, მაგრამ საქმეში არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც "ჟეშტი" მოხსენიებული არ არის.

თორნიკე ტყემალაძე ჩვენებებში მიუთითებს, რომ გვანცა ყუფარაძემ მას ჯერ დაჩოქილს, ხოლო შემდეგ მიწაზე მფორთხავს მიაყენა  30 ჭრილობა და რომ მას ჭრილობები წინა მხარეს არ ჰქონია.

საქმეში არსებული მასალების, კერძოდ კი, ექსპერტიზის დასკვნების შესწავლით, დადგინდა, რომ ტყემალაძეს ათზე მეტი ჭრილობა სწორედ წინა მხარეს აქვს მიყენებული. ათი დაზიანებიდან ზოგიერთმა ტანსაცმელში გაატანა, ზოგიერთმა - არა.

თორნიკე ტყემალაძე ჩვენებაში მიუთითებს, რომ პირველი ძლიერი დარტყმა თავში მიიღო. ექსპერტიზის დასკვნებში კი თავში მიყენებულ დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი.

სამაგიეროდ, გვანცა ყუფარაძის ჩვენებებს ადასტურებენ მოწმე მ. პაცუკი და ნატო ნინუა.

მოწმე მ. პაცუკის ჩვენებიდან: "დაახლოებით დღის 2 საათზე  მივდიოდი ჩემს ახლობელ ნატო ნინუასთან.  დავინახე, ნათაძის ქუჩის მხრიდან, ღობეზე (ზემოთ ხსენებული 3-მეტრიანი კედელი არ გეგონოთ - ავტ.), სკოლის ეზოში როგორ გადაძვრა ორი ზრდასრული პირი და მუქარითა და გინებით გაემართნენ სკოლის სტადიონისკენ, რის შემდეგაც მესმოდა გინებისა და მუქარის ხმები".

მოწმე ნატო ნინუას ჩვენებიდან: "ჩემთან მოვიდა ახლობელი პაცუკი, რომელმაც მითხრა, დავინახე, სკოლის ეზოში როგორ გადახტა ორი პირი, რომლებიც გინებითა და მუქარით წავიდნენ სკოლის ეზოს სიღრმისკენო. ვუპასუხე, ყურადღება არ მიაქციო, სკოლის ეზოში ხშირია ასეთი შემთხვევა, რადგან აქ თავს ნარკომანები იყრიან-მეთქი. რამდენიმე ხანში ჩემი სტუმარი უკან გაბრუნდა. ცოტა ხანში მე სახლიდან ეზოში გამოვედი და დავინახე ორი ზრდასრული პირი სკოლის ეზოდან გამორბოდა, მათ შორის ერთი -  წვერებიანი".

მოწმე ფატი მიქაძის (მე-12 სკოლის მასწავლებელი) ჩვენებით კი, 2006 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით სამის ნახევარზე, კარზე ბრახუნის ხმა გაიგო. კარი მისმა დედამთილმა გააღო. ამ დროს ატირებული გოგონას ხმა შემოესმა: "სასწრაფოდ გავედი გარეთ და დავინახე ჩემი კოლეგის შვილი, გვანცა ყუფარაძე, რომელიც ტიროდა და გაიძახოდა, თორნიკე დაჭრეს, მგონი, მოკლეს და პოლიციასა და საავადმყოფოში დარეკეთო".

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ტყემალაძისთვის მიყენებული დაზიანებები როგორც ტანსაცმელზე, ისე სხეულზე, გამოწვეულია არა ერთი და იმავე, არამედ ორი სხვადასხვა ზომის, 2-სანტიმეტრიანი და 4-სანტიმეტრიანი სიგანის მქონე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ასეთი შესაძლებელია იყოს დანა.

ზემოჩამოთვლილი ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ყუფარაძის საქმეში ინახება, მაგრამ სასამართლომ რატომღაც უარი თქვა ყუფარაძის ადვოკატის შუამდგომლობაზე, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი - მოახერხებდა თუ არა ტყემალაძე  სამმეტრიან კედელზე გადაძრომას, (?!).

სასამართლომ არ გაიზიარა არც მოწმე ნატო ნინუას ჩვენებები, რადგან მან მხოლოდ ის დაინახა, როგორ გადმოხტა ღობიდან სკოლის ეზოში ორი პირი, ეს კი თურმე არ წარმოადგენს არსებით ინფორმაციას(?!), რადგან იმავე მოწმის თქმით, მსგავს ფაქტებს ყოველდღე ჰქონდა ადგილი. ამიტომ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს პირები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც მსჯავრდადებულის თქმით, დაჭრა ტყემალაძეო. სასამართლომ არ გაიზიარა არც ექსპერტიზის დასკვნები და განაჩენში მიუთითა, რომ თურმე დასკვნები შედგენილია საპროცესო დარღვევებით და ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი არის შეფასებითი, საალბათო და სავარაუდო(?!).

P.S. თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ გაუჩნდება სურვილი თორნიკე ტყემალაძეს, რომ გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც საქმეში არსებობს, ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ მას გაზეთში ადგილს.