"თუ ვინმე იყო ამ ტელევიზიის მთავარი მეპატრონე, ეს ეროსი იყო" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე იყო ამ ტელევიზიის მთავარი მეპატრონე, ეს ეროსი იყო"

"ეროსი თუ ვინმესთვის წარმოადგენდა საფრთხეს, ეს მთავრობაა"

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ შემოქმედად არის აღიარებული, თუმცა, პოსტრევოლუციურ საქართველოში ხელისუფლებაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა მაინცდამაინც ვერ გამოუვიდა. თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რუსთავის მერობის "ნაციონალ" კანდიდატს დაუჭირა მხარი. გვესაუბრება "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანი:

- ბოლო ორი თვის განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილს ორჯერ შევხვდი და ერთხელ ტელეფონზე ველაპარაკე. შეხვედრა ეროსის ინიციატივით შედგა. მითხრა, რომ აპირებდა რუსთავის მერის არჩევნებში კენჭისყრასა და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ფიქრობდა, რომ გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ უხსენებია, თუმცა, თქვა, რომ ინტერნეტტელევიზიის შექმნას აპირებდა.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენი შეხვედრა მასთან სახლში შედგა, რომელსაც ირმა ნადირაშვილიც ესწრებოდა. მაშინ ვთხოვეთ ეროსის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერა. მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, ერთი კვირის შემდეგ კი დამირეკა და ჩვენს კანდიდატ მამუკა ჩიქოვანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მასთან შეხვედრის შემდეგ ეროსიმ გადაწყვიტა, მისთვის დაეჭირა მხარი.

- რას ფიქრობთ, თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე თუ მკვლელობასთან?

- ძნელია დავიჯერო თვითმკვლელობის ვერსია, მით უფრო, რომ ეროსი ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძირითადად, თავის გეგმებზე მელაპარაკებოდა. მას პრობლემები არ უხსენებია. მისი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე და იქაც გეგმებზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს "რუსთავი 2"-ზეც, რომელიც ბოლო დროს მთავრობის თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა. ვიცე-პრემიერმა კალაძემ ენერგეტიკის სფერო განზე გადადო და მის სამიზნედ ეს ტელევიზია იქცა. ეროსისთან დაკავშირებული ბევრი საკითხი კი პირდაპირ უკავშირდება "რუსთავი-2"-ს.\ ოპონენტების მსგავსად არ ვაპირებ, პირდაპირ გავიშვირო ხელი ხელისუფლებისკენ და ვთქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მათ მოკლეს, მაგრამ არის კითხვები.

- ერთხანს ეროსი კიწმარიშვილი თქვენი გუნდის წევრი იყო.

- დროდადრო კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებებს ან რამეს გეგმავდა.…

- თუმცა, ბევრი რამ იცოდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებზე. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, მისი მოშორება სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა ხელს.

-  ენას ძვალი არა აქვს... გაიხსენეთ მისი ბოლო გადაწყვეტილება, მან ჩვენს კანდიდატს დაუჭირა მხარი, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეროსი თუ ვინმესთვის წარმოადგენდა საფრთხეს, ეს მთავრობაა, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი არც მალავს, რომ სურთ "რუსთავი 2" ამჟამინდელ მფლობელებს წაართვან და ვირტუალურ მეპატრონეებს დაუბრუნონ. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა ეროსის, რადგან თუ ვინმე იყო მთავარი მეპატრონე ამ ტელეკომპანიისა, ეროსი კიწმარიშვილი იყო. ამ ვითარებაში კალაძესა და მის მეგობრებს საქმის "დალაგებაში" ვინც შეუშლიდა ხელს, სწორედ ეროსი იყო.

- თუ კანონიერად გაყიდა ტელეკომპანია, დღეს რა პრეტენზია შეიძლებოდა ჰქონოდა? ან იქნებ მიგაჩნიათ, რომ მართლაც უკანონოდ დაათმობინეს "რუსთავი 2"?

- არანაირი იძულება არ ყოფილა, ყველაფერი შეთანხმებით მოხდა. ეროსის გარდა იქ იყო ორი მეპატრონე, რომლებიც ტელეკომპანიაზე პრეტენზიას აცხადებენ, აი, სწორედ მათ არ დაუთმობდა ბურთსა და მოედანს ეროსი.

- გიგი უგულავას საქმეზეც მინდა გკითხოთ. ბრალდება, რომლის საფუძველზეც ის დააკავეს, არალეგალური ფულის ქვეყანაში შემოტანას შეეხება, რომლის მთავარი მოწმის, გიორგი კაპანაძის, თქმით, საქმეში არსებობს უგულავასა და მისი ქვისლის გიორგი ღონიაშვილის მიმოწერა, რომელშიც უგულავა ღონიაშვილს ავალებს ფულის მიტანას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და ვინმე მიშასთვის გადაცემას. არსებობს ვარაუდი, რომ ლაპარაკი თქვენზეა.

- ღონიაშვილი ჩვენს ოფისში, მგონი, ერთხელ არის ნამყოფი, ისიც თებერვალში თუ მარტში. მე დაკავებამდე ველაპარაკე გიგის. როგორც მითხრა, კაპანაძე ღონიაშვილთან მეგობრობდა და ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნესოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გადმოირიცხა ეს ფული. აქ "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია. არის თემები, რაც საარჩევნოდ წამოიწევა და მერე მიიჩქმალება ხოლმე. მაგალითად, გაუჩინარებული ცინდელიანის ამბავი, რომლის ახლობლებიც თენგიზ გუნავას ადანაშაულებდნენ, იცით, რომ იმ არეულობის შემდეგ თენგიზ გუნავა მივიდა მის ოჯახში და ხატზე დაიფიცა, რომ ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

- ელით, რომ უგულავას საქმეზე დაგკითხავენ?

- დამკითხონ. გიორგი ღონიაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ფული კი არა, ცარიელი ფურცელიც კი არ მოუწვდია ჩემთვის.

ნათია დოლიძე