კილერის კვალი?!
21-07-2014
კილერის კვალი?!
რატომ არ აღმოჩნდა იარაღზე სისხლი?

"სხეულს ძალადობის კვალი არ ეტყობა"

"მიხატულივით ეტყობოდა ლულა საფეთქელთან, რაც ადასტურებს, რომ მჭიდრო მიბჯენით არის ნასროლი"


15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი მეგობრებთან ერთად საქმიან შეხვედრაზე უნდა წასულიყო. უახლოესმა მეგობარმა გია ხევიაშვილმა დაახლოებით დღის 4 საათზე მოიკითხა. სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრთან ერთად შინ მიაკითხა. კიწმარიშვილის ბინაში მათი მისვლა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. მეგობარი ბინაში რომ არ დახვდათ, ავტოფარეხში ჩასვლა გადაწყვიტეს, რათა ენახათ, რომელი
მანქანით იყო წასული. მათი თქმით, ავტოფარეხში ეროსი კიწმარიAშვილის ფარებანთებული ავტომანქანა იდგა. მიუახლოვდნენ და შემზარავი სურათი დახვდათ - საჭესთან სისხლში მოსვრილი ეროსი იჯდა, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მაშინვე პოლიციას დაურეკეს, მალე შემთხვევის ადგილას ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბიც მივიდა.

"ახლობელმა დამირეკა და სასწრაფოდ ეროსის სახლში მისვლა
მთხოვა. სახლთან პოლიციის კორდონი დამხვდა. ავტოფარეხში რომ შევედი, ავტომანქანაში სისხლში მოსვრილი ჩემი ძმა საჭესთან იჯდა, ღვედი შეკრული ჰქონდა, მანქანის ფარები ანთებული იყო. გავიგონე, ვიღაცამ რომ თქვა, მანქანიდან იარაღი ამოვიღეთო.
გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მე და ეროსიმ ერთ პროექტზე ვისაუბრეთ. რაღაც-რაღაცების გაკეთება მთხოვა. საქმე ბიზნესპროექტს შეეხებოდა", - იხსენებს ზურაბ კიწმარიშვილი.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ამ ვერსიის საზოგადოების ნაწილს არ სჯერა. მაგალითად, საზოგადოების ნაწილში და კიწმარიშვილის ახლობლებში ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო, გააღრმავა ფაქტმა - ავტოფარეხში კამერა სხვა მხარეს იყო მიტრიალებული და ზედ ნათითურები ეტყობოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილის მანქანაში "ჩძ75"-ის სისტემის იარაღი იპოვეს, რომელიც მან წინადღეს იყიდა. ამას მისი მეგობარი ბადრი ნანეტაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ ეროსის იარაღის მაღაზიაში თან ახლდა. მისი ცნობით, პისტოლეტს ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად ყიდულობდა. ზურაბ კიწმარიშვილი 4 ივლისს არის დაბადებული, იმ დღეს ახლო ნათესავის დაკრძალვა იყო და ეს დღე ვერ აღნიშნეს. "მე მონადირე ვარ, ახლაც მაქვს შინ გაფორმებული იარაღი. ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ეროსის ჩემთვის იარაღის ჩუქება სურდა, თუმცა, სხვა ვერსიებიც შეიძლება გამოითქვას. ველოდებით გამოძიებას. ჩვენი ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. მე ვესწრებოდი იარაღის დათვალიერებას, მას სისხლის კვალი არ ეტყობა. ჯერ არ ვიცით, სწორედ ამ იარაღით არის თუ არა მოკლული ეროსი. ვნახეთ ტყვიის გულაც, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს; ვნახეთ სისხლიანი ღვედი, მანქანის ფრაგმენტი, სადაც ტყვია შევიდა, იქაც არის სისხლის კვალი. საყურადღებოა ისიც, რომ იარაღზე არ აღმოჩნდა საკმარისი მასალა იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მასზე ეროსის თითის ანაბეჭდი", - ამბობს გარდაცვლილის ძმა.

თუ ანაბეჭდები იარაღზე არ აღმოჩნდა, მაშინ შეიძლება დაისვას კითხვა, ხომ არ არის იარაღი გაწმენდილი? თუ ასეა, მაშინ მკვლელობის ვერსია გამყარდება. გარდაცვლილის ძმა ვერ საუბრობს სავარაუდო მკვლელობის მოტივზე, არც იმაზე, ჰყავდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილს მტერი: "ეროსის არ ახასიათებდა მუქარაზე საუბარი. ის არასდროს ამბობდა, რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა და ამისთვის ზომები უნდა მიეღო. არასოდეს მინახავს, მას იარაღი ეტარებინოს".

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანიდან გაქრა 20.000 დოლარი. "სავსებით შესაძლებელია ეროსის ავტომანქანაში ჰქონოდა თანხა. მანქანაში იპოვეს ბანკის ქვითრები და თუ ფული ჰქონდა გამოტანილი, ამის დადასტურება ადვილი იქნება. ჩემს ძმას დეპრესია არ ჰქონია. არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღე არაკონტაქტური იყო გარემოსთან, მაგრამ ჩვენთან ჩვეულებრივ კონტაქტობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის ისევ ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ეროსის უფრო მეტი პრობლემა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის გამოსავალს პოულობდა", - ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.

სამართალდამცველებმა ეროსი კიწმარიშვილის მეზობლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს, სადაც დაფიქსირებულია, რომ 15 ივლისს, 15:05 საათზე ეროსი ბინიდან გამოდის და ლიფტში შედის.
ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, კადრში მის ძმას მოვარდისფრო პერანგი აცვია, არადა, ავტომანქანაში პიჯაკსა და ლურჯ პერანგში ნახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სათვალთვალო კამერის ინფრაწითელმა მოწყობილობამ ზუსტად აღბეჭდა თუ არა ტანსაცმლის ფერი.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზაში პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო: - "გარდაცვლილს სახე მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. სისხლის კვალი იყო ლურჯ პერანგზეც, გულმკერდზე, მუცელზე, მარჯვენა ხელზე სისხლის შხეფები ეტყობოდა. მარჯვენა საფეთქლის მიდამოში ჰქონდა ერთი გამჭოლი სასიკვდილო ჭრილობა, გამომავალი ჭრილობა კი მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში. შემავალ ხვრელთან არის შტანცმარკა, ანუ ანაბეჭდი - მიხატულივით ეტყობოდა ლულა საფეთქელთან, რაც ადასტურებს, რომ მჭიდრო მიბჯენით არის ნასროლი. მიბჯენითმა გასროლამ თავის ქალის ძვლების მოტეხილობა გამოიწვია. გამომავალი და შემავალი ხვრელის ადგილებში სულ ბზარები იყო.

როცა გარდაცვლილის ხელზე სისხლის შხეფები ვნახე, დამაინტერესა, როგორ იყო შხეფები განაწილებული ავტომანქანაში. შხეფებს მარაოსებრი გაგრძელება უნდა ჰქონოდა და საკმაოდ მარტივად გადაწყდებოდა საკითხი, გვერდითა სავარძელზე ვინმე იჯდა თუ არა. კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მარჯვენა სავარძელში არავინ მჯდარა. სისხლი მთლიანად გაბნეულია მარცხენა წინა კარის შიდა ნაწილშიც კი.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ეტყობა. როგორც მითხრეს, იარაღი ძირს ეგდო, მოკლულის ფეხებთან. გამოძიებამ უნდა შეადაროს და დადგინდეს, არის თუ არა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღი იმ დღეს ნაყიდი პისტოლეტი. გასაკვირია, რომ იარაღზე სისხლის კვალი არ არის. საეჭვო ლაქა არ აღმოჩნდა არც ულტრაიისფერი სხივებით, არც მაკროსკოპულად, არც თვალით, არც ლუპით.

ისეთი დაზიანება აქვს საფეთქელთან, თუ იარაღი მიდებული იყო, კვალი იარაღზე უნდა გადასულიყო, თუმცა...
ველოდებით დნმ-ის კვლევასა და თითის ანაბეჭდებს. ტყვიის გულა მანქანის საყრდენ ძელზე იყო ჩარჩენილი. გულა დეფორმირებულია. ვიზუალურად არც ტყვიის გულაზე ჩანს სისხლის ლაქები, მაგრამ ანაწმენდები გაკეთებულია და პასუხს ველოდებით. მასრა უკან იყო გადავარდნილი, მარცხენა მხარეს ორივე მინა ჩაწეული იყო. შესაძლებელია, ეს ჭრილობა მიყენებულია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ხელითაც".

თიკო ბეჟაშვილი, ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე: - "კვირას ვნახე, კარგ გუნებაზე იყო, გეგმებზე ვისაუბრეთ. სექტემბრისთვის უამრავი საქმე გველოდა. ეროსის სტიქია ტელევიზია იყო. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ მუდმივად იმას ფიქრობდა, როგორ დაბრუნებულიყო ამ სივრცეში. უნდოდა, საკაბელო ტელევიზიით დაეწყო. მისი თანაშემწე ვიყავი და იარაღის გასაფორმებლად თუ რამე საბუთი იყო საჭირო, ეს მე უნდა გამეკეთებინა. ეროსი არ იყო ის ტიპი, თვითონ ევლო საბუთებზე. ერთხელაც არ მახსოვს, ოდესმე იარაღი ეხსენებინოს. ეროსი კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა".

კიწმარიშვილს რომ მედიაში აქტიურად დაბრუნება სურდა, ამას გიორგი თარგამაძეც ადასტურებს: "ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წასვლა გადავწყვიტე, გვქონდა საუბრები საერთო სატელევიზიო პროექტზე, რომ ახალი სატელევიზიო არხი დაგვეარსებინა, ამისთვის გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. მას შემდეგ, რაც მან მიიღო გადაწყვეტილება რუსთავში თვითმმართველობის არჩევნებში ეყარა კენჭი, ამ თემებზე საუბარი აღარ გვქონია".

კიწმარიშვილის ახლობლები თვითმკვლელობისა თუ მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე პრესასთან არ საუბრობენ. თუმცა საზოგადოებაში რამდენიმე არაოფიციალური ვერსია ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კიწმარიშვილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ფლობდა სკანდალურ ინფორმაციას, რომლის გამომზეურებასაც აპირებდა.

ამ ვერსიის მიხედვით, ეს ინფორმაცია შესაძლოა, შეხებოდა როგორც ყოფილი მაღალჩინოსნების ფარულ ბიზნესწილებს, ისე აგვისტოს ომის გაუხმაურებელ დეტალებს და ჟვანიას საქმეს. ამ ვერსიას ალბათ, აქვს არსებობის უფლება, რადგან აგვისტოს ომის დროს ან ჟვანიას გარდაცვალებისას კიწმარიშვილი მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ფიგურა იყო და შესაბამისად, ბევრ დახურულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ თუ კიწმარიშვილი ზემოხსენებული საქმეების შესახებ ფლობდა ინფორმაციას და მის გახმაურებას აპირებდა, მაშინ მას საბედისწერო შეცდომა დაუშვია - ამას "სასიკვდილო ინფორმაციას" უწოდებენ.

კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიის თანახმად,
შესაძლოა, კიწმარიშვილის მკვლელობა ტელევიზიებთან არსებულ დავებს უკავშირდებოდეს.
მისი ახლობლების თქმით, ბოლო პერიოდში კიწმარიშვილი სერიოზულად ფიქრობდა და ემზადებოდა "რუსთავი 2"-ზე პრეტენზიის გაცხადებაზე. ამ ვერსიის მომხრეების მტკიცებით, ამ ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვა ყოფილი მმართველი გუნდისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

გოჩა სვანიძე, ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატი: - "კიწმარიშვილს სასამართლო დავები "რუსთავი-2"-ზე 2008 წელს ჰქონდა. მაშინ ქიბარ ხალვაშის კომპანიას უჩიოდა და დაკისრებული ვალდებულების შესრულებას სთხოვდა. ერთ დღეს გადააფორმებინეს სამივე მეწილეს წილი და არ გადაუხადეს თანხა. ეროსი თავისი წილის დაბრუნებას ითხოვდა. ფული გადახდილი რომ არ იყო, ეს სამართლებრივადაც დადასტურდა. მაშინ ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია, რადგან საქმის გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო. სარჩელის შეტანა იმიტომ დაგვიანდა, რომ ეროსი ელოდა, ახალი მფლობელები შეასრულებდნენ აღებულ ვალდებულებას, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ეროსი ამერიკაში წავიდა, იყო რუსეთში საქართველოს ელჩი და ამისთვის ვერ მოიცალა. ამ პერიოდში ქიბარ ხალვაშის კომპანიამ წილები გაასხვისა. ამის მერე შეიძლება წილი ვეღარ დაგვებრუნებინა, მაგრამ დაკისრებული ვალდებულება მაინც უნდა შესრულებულიყო. ეროსი ამბობდა, დადგება დრო და მოვითხოვ ჩემს წილსო. სამართლებრივი გზა თეორიულად არსებობდა, მაგრამ რთული იყო ბრძოლა. დიდი დავა იყო "მაესტროსთანაც". ამ საქმეშიც სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. ეროსიმ ეს დავებიც წააგო და ერთი ინსტანცია, უზენაესი დარჩა. ძირითადი ინვესტიცია 2 მილიონ-ნახევარს შეადგენდა და ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ცალკე პარტნიორებთანაც ჰქონდა წილზე დავა. მთლიანობაში 15 მილიონამდე ავიდა თანხა..."

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე მკვლელობის მუხლით უნდა აღძრულიყო. "არასოდეს მინახავს ეროსი იარაღით, არც დაცვით. არ იყო ის ადამიანი, მუქარის შეშინებოდა და იარაღის ტარება დაეწყო. 2008 წელს საჭირო მომენტისთვის უჯრაში შეინახა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები. შეიძლება, სწორედ ახლა იყო ეს საჭირო მომენტი".

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროფესიონალის მიერ შესრულებული მკვლელობაა: - გასაკვირი იყო, რაც ბოლო დროს ხდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასა" და ეროსის ურთიერთობაში. ეროსი აბსოლუტურად მიუღებელი იყო მათი ლიდერებისთვის. ამ დროს ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერის პოსტზე მხარს მათ კანდიდატს უჭერს და პარალელურად, იწყება საუბარი იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ზე ის პროექტ "60 წუთს" განაახლებს. ვფიქრობ, რაღაც გარიგება დაიდო და თუ მაინცდამაინც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ "რუსთავი 2"-ის ვერსია გამოძიების მიერ სამუშაო ვერსიად იქნეს გამოყენებული, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, პროექტ "60 წუთთან" დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაკითხვის აუცილებლობა დგება. ეროსი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალზე არაკომფორტული მოწმე იყო მარტივი მიზეზის გამო - მას შეეძლო დაედასტურებინა, რომ როდესაც "რუსთავი 2"-ში საკუთარი წილი გაყიდა, მისი რეალური მყიდველი მიხეილ სააკაშვილი იყო და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალურ მფლობელს წარმოადგენდა. ამის დადასტურება რომ არ აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", ბუნებრივია, და არ გამოვრიცხავ, ამ შესაძლო გარიგებისა და თანამშრომლობის კონტექსტი ზუსტად ამას უკავშირდებოდეს... მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ ეროსის ტრაგიკულად დაღუპვა "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა ხელს.
სავარაუდოდ, ეს პროფესიონალის შესრულებული მკვლელობაა. თვითმკვლელობის იმიტირებას მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთის შემთხვევაში აკეთებენ".

ამრიგად, შესაძლოა, 15 ივლისს მოვლენების განვითარების ორ ვერსიაზე ვისაუბროთ. ერთი ვერსიის მიხედვით, კიწმარიშვილი გადის სახლიდან, ჩადის ავტოფარეხში, ჯდება ავტომანქანაში, იცვამს პიჯაკს, იკეთებს ღვედს, ანთებს ფარებს და…უცბად თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებს. ზოგადად, არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ადამიანმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღოს (იხ. სქემა #1). თუმცა იარაღზე სისხლის კვალი რომ არ დარჩეს, ექსპერტების შეფასებით, ამის შანსი ათასიდან ერთია. მით უმეტეს, როგორც კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, იარაღზე არ აღმოჩნდა საკმარისი მასალა იმის დასადგენად, არის თუ არა მასზე ეროსი კიწმარიშვილის თითის ანაბეჭდები.

საზოგადოებაში მეორე, მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ, რომლის მიხედვით, კიწმარიშვილი პროფესიონალმა კილერმა მოკლა. ამ ვერსიის თანახმად, კიწმარიშვილს კილერი მუდმივად უთვალთვალებდა. შესაბამისად, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, რომ მან წინადღისით იარაღი შეიძინა. არც ის არის გამორიცხული, რომ კილერს სცოდნოდა - იარაღი კიწმარიშვილის მანქანაში იყო შენახული. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტები გამორიცხავენ, რომ მანქანაში კიწმარიშვილის გვერდით ვინმე იჯდა, ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, კილერი მანქანის უკანა სავარძელთან იყო ჩაწოლილი. კიწმარიშვილი მანქანაში ჩაჯდა, ღვედი გაიკეთა და ამ დროს კილერმა მიბჯენით ესროლა მსხვერპლს მისივე იარაღით (იხ. სქემა #2), თან ისე, რომ ტრაგედია თვითმკვლელობის იმიტაციას დამსგავსებოდა. ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევენ, კილერმა იარაღი გაწმინდა, რათა თავისი თითის ანაბეჭდები არ დაეტოვებინა და ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არ იყო იარაღზე სისხლის კვალი. თუმცა ექსპერტიზამ შესაძლოა, ისიც დაადგინოს, რომ კიწმარიშვილი სხვა იარაღით არის მოკლული და მისი "ჩეზე" კილერმა მსხვერპლის ფეხებთან შემდეგ დააგდო, რათა გამოძიებას თვითმკვლელობის ვერსიაზე ემუშავა, მას კი ქვეყნიდან მიმალვის დრო ჰქონოდა.

იმედია, გამოძიება დროულად დასრულდება და საზოგადოება ყველა კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს მიიღებს.

Cz 75

Cz 75 პისტოლეტის მოდელი 1975 წელს ჩეხეთში ძმებმა იოსეფ და ფრანტიშეკ კოუცკებმა შექმნეს. მისი სერიული წარმოება 1977 წელს დაიწყო. პისტოლეტმა მალე მოიპოვა პოპულარობა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თავდაპირველად პისტოლეტი ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა, თუმცა ახლა ჩეხეთში მას ძირითადად პოლიცია იყენებს.
პისტოლეტის პარამეტრები:
ყალიბი 9/19 მმ;
სიგრძე 205 მმ;
მჭიდის ტევადობა 15/16;
წონა მჭიდის გარეშე 1 000 გ;
ლულის სიგრძე 120 მმ.
პისტოლეტიდან გასროლილი ვაზნის მასრა ვარდება მარჯვენა მხარეს.

თეა ხურცილავა

ნანა
05 იანვარი 2017 15:43
ზუსტად ვერ მივხვდებით ვინ მოკლა, თავი, რომ არ მოუკლავს ეს გასაგებია, თორემ წერილს მაინც დატოვებდა ამ შემთხვევაში.
ეროვნული ხელ-ბა დევნილობაში...
24 ივლისი 2014 17:43
იარაღს რა უნდოდა ფეხებში? ეს ქილერის გაკეთებული სულაც არ იყოს, ეს შინაურის ნასროლია უკანა სკამიდან, შემდეგ გაწმინდა ეროსისვე იაღაღი და ფეხებში ჩაუგდო, რეალურად კი თვითმკვლელის იარაღი მარჯვნენა სკამისკენ ან მარჯვენა "ბარდაჩოკის"-კენ უნდა გადავარდნილიყო, ან გადავარდნილ ხელშივე უნდა ჭეროდა, რადგან ტყვია ზუსტად მარჯვნიდან არის გავლილი და გარჭობილია მარცხენა "სტოიკაში", მკვლელი ჩქარობდა, რომ ვინმეს არ შეემჩნია, თვითმკვლელობის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ უშედეგოდ, საერთოდ იაღაღი თუ ეროსისია, ეგეც საკითხავია...
სიმონ ბერია
23 ივლისი 2014 17:48
პასუხი უნდა აგოს ამ ხელისუპლებამ და წინამაც ეროსის კვლელობაზე კაცმა მანქანაში ჩაჯდა ღვედი გადაიკრა და მერე მოიკლა თავი რაააა სისულელეა ეროსი მოკლეს იმისთვის რო იცოდა ხელისუპლებამ ძლიერი პიგურა იყო როგორც ზურაბ ჟვანია მოკლეს უნდა გამოიძიონ და მკვლელები უნდა დაისაჯოს ეროსის და ზურაბ მკვლელები

რედაქტორის რჩევით