"ეს იყო პროტესტი და არა ამბოხება" - კვირის პალიტრა

"ეს იყო პროტესტი და არა ამბოხება"

ამბოხების ინიციატორად და ორგანიზატორად ბონდო შალიკიანისა და ალექსანდრე ებრალიძის დასახელება იყო განზრახული...

მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დასრულდა, მაგრამ ამ ინციდენტის ნამდვილი მიზანი მაინც ბუნდოვანია. რა იყო ეს, ამბოხება ხელისუფლების დასამხობად თუ  იმ რეალობის გაპროტესტება, რაც აგვისტოში მოხდა?

სასამართლომ სხვადასხვა ბრალდებით 19 სამხედრო თუ სამოქალაქო პირი გაასამართლა. მათგან ერთ-ერთი, პირი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კობალაძეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის მცდელობა დაუდასტურდა და ციხეში გატარებული 8 თვე საკმარის სასჯელად ჩაეთვალა. ყველაზე დიდი სასჯელი - 29 წლით თავისუფლების აღკვეთა კობა ოთანაძეს მიუსაჯეს, ამირიძეს - 28, გორგიაშვილს - 19, სხვებს კი 15-დან 10 წლამდე. მაინც რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში?

კონფიდენციალური ინფორმაციით, თავდაპირველად ბრალდების მხარე ერთ საინტერესო ვერსიაზე მუშაობდა - ამბოხების ინიციატორად და ორგანიზატორად ბონდო შალიკიანისა და ალექსანდრე ებრალიძის დასახელება იყო განზრახული. თითქოს 2009 წლის იანვარში გია კრიალაშვილი უკრაინიდან თურქეთში ჩავიდა, სადაც  კონკრეტული პირებისგან მიიღო მითითება ამბოხების შესახებ. შემდეგ კრიალაშვილი მინსკში ბონდო შალიკიანს შეხვდა და დაიწყო აქტიური მზადება ამბოხებისთვის. გამოძიება თავდაპირველად ამ დაჯგუფებას რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ებრალიძესთანაც აკავშირებდა. ერთი სიტყვით, ებრალიძე განიხილებოდა ამბოხების მთავარ ორგანიზატორად და დამფინანსებლად, მაგრამ ყოველივე ეს საბრალდებო დასკვნაში რატომღაც არ მოხვდა. მუხროვანის ინციდენტი დასრულებული არ იყო, როცა  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მაიორი ღვალაძე გეგმას სახავს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად და თვით საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის შესაცვლელად. ვიდეოჩანაწერებში მაიორ ღვალაძის გარდა, სახე ყველას დაფარული ჰქონდა. მაიორი ღვალაძე ამტკიცებდა, შვიდმა გენერალმა მცხეთაში შეიმუშავა სახელმწიფო გადატრიალების გეგმაო. ღვალაძის ჩვენება თავიდანვე ეჭვს იწვევდა, რადგან დასახელებული გენერლებიდან ზოგიერთი არც იმყოფებოდა საქართველოში, ზოგს კი ერთმანეთთან ისეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, საეჭვოა, ასეთ საქმეს ერთად შებმოდნენ.

კობა კობალაძის გამართლება ქართული მედიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "კვირის პალიტრა" რამდენიმე თვის წინ წერდა კიდეც, რომ კობალაძის გათავისუფლებაზე მოლაპარაკება მიდიოდა.

ვახტანგ თალაკვაძე, კობა ოთანაძის ადვოკატი: - მთელი ხუთი თვის განმავლობაში, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, გარდა ღვალაძისა, კობა ოთანაძე არავის უმხილებია. ღვალაძემ კობალაძეც ამხილა, მაგრამ კობალაძე გამართლდა, ესე იგი ღვალაძემ იცრუა და შეიძლება ერთი და იმავე ჩვენების საფუძველზე ერთი გაამართლო და მეორეს 29 წელი მიუსაჯო? რაღა დაგიმალოთ და, მოუთმენლად ველი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. მაინტერესებს, რა იურიდიულ საფუძველზე აქვს ოთანაძეს ამხელა სასჯელი მისჯილი? მხოლოდ ღვალაძის ჩვენება, ამისთვის, მგონი, საკმარისი არ უნდა იყოს.

ღვალაძე თავის დროზე სამხედრო პირი გახლდათ. ავტოსაგზაო შემთხვევაში მან ძალზე მძიმე ტრავმები მიიღო - თავის ქალის ტრეპანაცია აქვს გაკეთებული და დიდხანს მკურნალობდა. როცა ვკითხეთ, ამბოხებას რომ ამზადებდით, მატერიალური დახმარება საიდან უნდა მიგეღოთ-მეთქი, ბანკის დაცვაში ვმუშაობდი, დაყაჩაღება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. მერე მითხრეს, ჩრდილო ოსეთიდან კავკასიონზე შემოფრინდება თვითმფრინავი, საიდანაც ტომრებით გადმოყრიან ფულსო, მე კი მთამსვლელთა ჯგუფი უნდა ჩამომეყალიბებინა, ისინი ავიდოდნენ ყაზბეგის მთაზე, იპოვიდნენ ტომრებს და დავაფინანსებდი ამბოხებასო. ეს სავსებით სერიოზულად განაცხადა ამ კაცმა პროცესზე. ამის შემდეგ დავაყენეთ საკითხი მისი ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ. საინტერესოა, რომ ამ შუამდგომლობას მხარი თავად ღვალაძემ დაუჭირა, მაგრამ სასამართლომ თქვა, არ არსებობს საფუძველი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვისო.

- რაც უნდა იყოს, მუხროვანის ბატალიონში განგაში გამოცხადდა და ბატალიონის ხელმძღვანელმა დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა ხელქვეითებს...

- აგვისტოს ომის შემდეგ გაღიზიანებულ მუხროვანის ბატალიონის ხელმძღვანელებსა და ჯარისკაცებს ჰქონდათ განაწყენებისა და იმედგაცრუების საფუძველი.  იმ პერიოდში ხელისუფლება სამხედრო აღლუმსა და ტაშ-ფანდურს ამზადებდა. ამან გამოიწვია ჯარისკაცებისა და მათი ხელმძღვანელების აღშფოთება და გადაწყვიტეს პროტესტის გამოთქმა.  გორგიაშვილმა მართლაც გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. ამაში აქტიურად ჩაერთო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც, მაგრამ ამბოხება რომ არ ყოფილა, ეს ხომ ცხადზე უცხადესია. ეს იყო პროტესტი და არა ამბოხება.

ეს დამარცხებული არმიის პროტესტი იყო. ყველამ ნახა, როგორ გამოიქცა არმია, გენერლებმა კი წინ გამოასწრეს და ამის დამნახავ თავმოყვარე სამხედროს არ გაუჩნდებოდა პროტესტი? ოთანაძე სამხედრო პირი არ იყო და როგორც სამხედრო, ისე გაასამართლეს? სამოქალაქო პირებს კი ამ ბრალდებით 10-10-წლიანი სასჯელები ჩამოურიგეს...

კობა კობალაძეს რომ გაათავისუფლებდნენ, ეს ინფორმაცია კულუარებში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. რა მიზეზით გაამართლეს, საიდუმლოა, თავად კობალაძეს კი ჟურნალისტებთან შეხვედრა არ სურს.

რას მივაწეროთ კობალაძის გამართლება? - ამ კითხვით მის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს მივმართეთ:

- იმას, რომ ვერ მოძებნეს სამხილები. ღვალაძის ჩვენება იმდენად აბსურდული იყო, ეტყობა, სხვა გზა არ ჰქონდათ...

მე თუ მკითხავთ, სხვების განაჩენებიც უსამართლოა. თუნდაც იმიტომ, რომ  ამბოხება არ მომხდარა. დაუმორჩილებლობა არც ამირიძესა და გორგიაშვილს უარუყვიათ, მაგრამ ყველაზე კომიკური ის იყო, რომ იმ სამოქალაქო პირებს, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ ბრალი ამბოხებაში, ბრალდება დაუმორჩილებლობის მუხლით შეუცვალეს. დაუმორჩილებლობა სამხედრო პირს ეხება, სამოქალაქო პირმა როგორ ჩაიდინა დაუმორჩილებლობა, ნამდვილად გამოცანაა ჩემთვის. ეს რომ გაემართლებინათ, თქვეს, ეს იყო თანამონაწილეობა დაუმორჩილებლობაშიო. დაუმორჩილებლობაში თანამონაწილეობა რაღაა?

სხვა იურიდიული ნონსენსიც გამოიკვეთა. სამოქალაქო პირებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მცდელობაც დასდეს ბრალად.  ქურდობის, მკვლელობის, გაუპატიურების მცდელობა გამიგია, მაგრამ იარაღის შენახვის მცდელობა პირველად მესმის...