"ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებოდა, სანაპიროზე მაშველები რომ ყოფილიყვნენ" - კვირის პალიტრა

"ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებოდა, სანაპიროზე მაშველები რომ ყოფილიყვნენ"

"როცა ავთო სანაპიროზე გამოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იქ მოსული პოლიციის თანამშრომელი მთელი 30 წუთი მონაცემებს იწერდა და პირადობის ნომერს ითხოვდა, ამ დროს კი ბიჭი იხრჩობოდა"

"აჭარის რეგიონში შარშან 15 კაცი დაიხრჩო, აქედან 12 ნასვამი იყო"

"ზღვას თავისი მკაცრი კანონები აქვს"

წელსაც არაერთი მოქალაქე შეიწირა ზღვამ და მდინარეებმა. სამაშველო სამსახურების გაფრთხილების მიუხედავად, შედეგი ხშირად სავალალოა. ყოველ წელს ტრაგიკულად იღუპებიან ადამიანები, თუმცა, ბევრის გადარჩენაც ხერხდება.

დღემდე უშედეგოდ ეძებენ ბათუმის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის სანაპიროდან გაუჩინარებულ 23 წლის მირიან კახიძეს. ზღვის სანაპიროზე მისი  ნივთები: ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი დამსვენებელმა შემთხვევით იპოვა და პატრონი რომ არ გამოჩნდა, საღამოს 11 საათზე სამაშველო სამსახურს შეატყობინა. მას მერე მირიანს ეძებენ. ცნობილია, რომ ბიჭი გაუჩინარებიდან 2 საათით ადრე ოჯახის წევრებს ესაუბრა.

მამუკა თურმანიძე, აჭარის სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი: - კახიძეს სანამ არ ვიპოვით, მანამდე დაღუპულად ვერ გამოვაცხადებთ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, კახიძე ნასვამი ყოფილა. სამწუხაროდ, ეს წელს უკვე მეორე შემთხვევაა აჭარის რეგიონში. პირველი ქობულეთში დაახლოებით 20 დღის წინ მოხდა. თბილისელი ხანში შესული მამაკაცი ნასვამი შევიდა ზღვაში. ამოვიყვანეთ, თითქოს სული ჩავუდგით, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით ვთხოვო საზოგადოებას - დაუშვებელია ზღვაში ნასვამი ჩასვლა. ზღვის წყალი და ალკოჰოლი კარდიოლოგიურ შეტევას იწვევს და ხშირად ეს სიკვდილით მთავრდება. შარშან 15 კაცი დაიხრჩო აჭარის რეგიონში, აქედან 12 ნასვამი იყო. ბევრმა ცურვაც არ იცის. მათ ვურჩევ, ასე ნუ მოიქცევიან, მუდამ ახსოვდეთ, რომ წყალი საშიშია. ზღვას თავისი მკაცრი კანონები აქვს.

სხვათა შორის, ერთი პრობლემაც გვაქვს. ხშირად, როცა სირენის კივილით მიქრის სამაშველო სამსახურის მანქანა, მათ სხვა მანქანების მძღოლები გზას არ უთმობენ, ეს კი აფერხებს დროულად შემთხვევის ადგილზე მისვლას. მოვუწოდებთ მძღოლებს, გზა დაუთმონ შესაბამის სამსახურებს. იქნებ თქვენს ახლობელს უჭირს ამ დროს და დახმარება სჭირდება.

- რამდენი მაშველი გყავთ აჭარის სანაპიროზე?

- 120 მაშველია გადანაწილებული სარფიდან ჩოლოქამდე. ჩვენი მაშველები დღეში, სულ ცოტა, 20 კაცს მაინც შველიან.

ერთ დღეს ძლიერი ღელვა იყო და მხოლოდ ქობულეთში 30 კაცი გადავარჩინეთ. უმეტესად სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულები  ქმნიან პრობლემებს. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის ზღვის კანონი, როცა დაინახავ, ზღვა გადარეულია, არ უნდა შეხვიდე. თუმცა, შარშან ხელვაჩაურელი გოგონა ღამის 10 საათზე შევიდა წყალში, კრუნჩხვა დაემართა და დაიღუპა. იყო შემთხვევა, როცა ორი კაცი იხრჩობოდა და მესამე მიეშველა. მათ ცურვა არ იცოდნენ, ჩამოეკიდნენ იმ საწყალს და ის დაიხრჩო. ანალოგიური შემთხვევა შარშანაც გვქონდა.

ცუდია, რომ სამაშველო სამსახური აჭარის რეგიონის გარდა არ ჰყავს არც ანაკლიას, არც ურეკს და არც ფოთს.

- სამძებრო სამუშაოები რამდენი დღე გრძელდება?

- კანონით, წყალქვეშ ძებნა  72 საათი გრძელდება, მერე სანაპიროებზე ვაგრძელებთ ძებნას და ველოდებით ცხედრის გამორიყვას. საღამოს საათებში მოქცევა იწყება, ზღვა ზევით ამოდის და ამ დროს არ შეიძლება წყალში ჩასვლა. სავარაუდოდ, მირიან კახიძე ასეთ დროს ჩავიდა წყალში. მოქცევას მიქცევა მოსდევს და, ალბათ, გაიტანა ზღვამ...

23 ივლისს ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე 17 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავთო მიქავა ზღვაში სიმაღლიდან გადახტა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშინვე დაიწყეს ბიჭის ძებნა თვითმხილველებმა და სამაშველო სამსახურებსაც აცნობეს, მაგრამ 40 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ ბიჭი ეპოვათ. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოშიც გადაიყვანა, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

ფოთელები ჩივიან, რომ ქალაქში სამაშველო სამსახური არ არის: "მთელი დღე ზღვაზე მიწევს ყოფნა... ერთი მაშველი არ დადის სანაპიროზე, ერთი სასწრაფოს მანქანა არ დგას. რატომ უნდა გახდეს საჭირო 40 წუთი, თუნდაც 20 წუთი ლოდინი მათ მოსვლამდე, წამებსაც კი მნიშვნელობა აქვს.  უპატრონოდ არის ქალაქი მიტოვებული. ის ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაშველები რომ ყოფილიყვნენ სანაპიროზე. როცა ავთო სანაპიროზე გამოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რომელი თქვენგანი გადის ზღვაზე პირადობის მოწმობით? იქ მოსული პოლიციის თანამშრომელი მარტო 30 წუთი მონაცემებს იწერდა და პირადობის ნომერს ითხოვდა, ამ დროს კი ბიჭი ზღვაზე იხრჩობოდა. ეს ნორმალურია? სანამ გადაგზავნა ინფორმაცია და გამოუშვეს სასწრაფო, ავთო დაიხრჩო. მას უკვე ვეღარ გაგვიცოცხლებენ. კიდევ ბევრი უნდა დაიხრჩოს, რომ ამ პრობლემას ეშველოს?".

როგორც შევიტყვეთ, მართლაც დაგვიანებით გაგზავნილა სასწრაფო დახმარების ცენტრში შეტყობინება. უნდა დადგინდეს, ვისი დაუდევრობის ბრალია ეს! ექიმები ამბობენ, რომ შეტყობინებიდან ზუსტად წუთ-ნახევარში სასწრაფოს ბრიგადა შემთხვევის ადგილზე იყო და 7 წუთში ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, წყალში გადახტომის დროს დაშავდა. მისი სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, ეს ვერაფერი ნუგეშია მისი ოჯახისთვის.

სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა ფოთში. რამდენიმე დღის წინ რიონის შესართავთან 16 წლის გურამ (გუკა) გოგებაშვილი წყლის დინებამ გაიტაცა. მის ცხედარს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ოჯახი და ახლობლები 3 დღე ეძებდნენ. ცხედარი ზღვამ პორტთან გამორიყა.

იმ ადგილას, სადაც რიონი უერთდება ზღვას, შედარებით პატარა წყალია, ამიტომ ხშირად გადადიან წყალზე. თურმე გუკასა და მის მეგობარს სახლამდე მისასვლელი გზის შემოკლება მოუნდომებიათ. ამ დროს კი რიონი ადიდებულა და ბიჭები წყალმა გაიტაცა. სავარაუდოდ, იმ დღეს რიონი გაუშვეს. ნიჩბოსნობის სკოლის მწვრთნელსა და ნიჩბოსნებს ბიჭების განწირული ხმა შემოესმათ. სასწრაფოდ წყალში შეცვივდნენ და გუკას მეგობარი გადაარჩინეს, გუკას დაჭერა კი ვერ მოასწრეს, ის წყლის დინებამ გაიტაცა.

ანალოგიურად ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდში, კუპრეიშვილების ოჯახშიც. მერვეკლასელი ზუკა კუპრეიშვილი სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმში დაიხრჩო. მან ცურვა არ იცოდა, მაგრამ მდინარეში ჩავარდნილი თანატოლის გადარჩენას ცდილობდა. როგორც მამამისი, ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, მისი შვილი საბანაოდ მეზობელმა წაიყვანა. მას გაუფრთხილებია ბავშვები, წყალში მანამ არ შესულიყვნენ, სანამ წყალს არ გაზომავდა. სანამ ის ჯოხს მოიტანდა, ბავშვები წყალში მაინც შევიდნენ. თავად ზუკა თურმე ნაპირზე იჯდა და მეზობლის მოსვლას ელოდა. ამ დროს დაინახა, რომ მისი ერთი მეგობარი წყალში იხრჩობოდა, მიუხედავად იმისა, ცურვა არ იცოდა, წყალში შევარდა, წყალი ღრმა აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ბავშვს შეეშინდა და შიშისგან გული გაუჩერდა. ზუკა კუპრეიშვილს კარგა ხანს ეძებდნენ და, როგორც იქნა, იპოვეს ფსკერზე.

რამდენიმე დღის წინ კი სენაკში, კერძოდ, ნოსირშიც ტრაგედია დატრიალდა. სახოკიების ოჯახის წევრები - 36 წლის რიტა მიგინეიშვილი და ფეხმძიმე 19 წლის თეონა ბუკია ადიდებულმა ტეხურამ გაიტაცა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედრები მეთევზემ იპოვა. თურმე სულისშემძვრელი სურათი იყო - რძლები ერთმანეთს ყოფილან ჩაბღაუჭებული.

რატომ არ უნდა შევიდეთ ნასვამი წყალში

დოდო ნაფეტვარიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგი: - ნასვამი ადამიანი წყალში საბანაოდ უპირველესად იმიტომ არ უნდა შევიდეს, რომ შეიძლება შორს გავიდეს და უკან ვეღარ გამოაღწიოს. გარდა ამისა, ალკოჰოლით თრობისას დატვირთულია გულის მარცხენა პარკუჭი, რა დროსაც ვითარდება ტაქიკარდია, ჰიპოკალემია და წყალში შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის სისხლის მიმოქცევის მოშლა და ინფარქტი. ალკოჰოლის ზეგავლენით ქერქქვეშა კვანძებზე ქერქის კონტროლი მოდუნებულია, რაც ნიშნავს, რომ ამ დროს გულის კუნთის დატვირთვა არ შეიძლება. გასათვალისწინებელია ასაკობრივი ზღვარიც. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ყველაზე სარისკო ასაკი 40 წელია, რადგან სწორედ ამ ასაკშია გულის იშემიური დაავადებები გახშირებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გაახალგაზრდავებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები რამდენიმე ფაქტორის გამო - ეს არის სოციალური მდგომარეობა, სტრესი, თამბაქოზე დამოკიდებულება და მემკვიდრეობითობა. ასე რომ, ნასვამი ადამიანის წყალში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.

თეა ხურცილავა