სანიაღვრე ჭაში გატარებული 20 საათი - ნამდვილი ამბავი საშინელებათა ფილმის სიუჟეტით - კვირის პალიტრა

სანიაღვრე ჭაში გატარებული 20 საათი - ნამდვილი ამბავი საშინელებათა ფილმის სიუჟეტით

"რომ არ მიგვეგნო, ალბათ, ალეკოს მტკვარი გაიტანდა, მერე გვამს იპოვიდნენ და იტყოდნენ, თავი მოიკლაო"

"წყალი ისეთი სიძლიერით მიედინება, რომ არ ებრძოლა, დინება მტკვარში გაიტანდა"

"ყოველდღიურად  ჭის თავსახურებს იპარავენ, ამტვრევენ და არმატურას ჯართად აბარებენ"

ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული კლინიკური ქირურგიის ეროვნულ  ცენტრში 34 წლის მამაკაცი ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს. ალექსი ფუხაშვილი 24-ე დღეს მოვიდა გონს, თუმცა, ვერ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა 8 მეტრი სიღრმის სანიაღვრე ჭაში, სადაც, როგორც მისი მეუღლე ჰყვება, 20 საათს მოუწია ყოფნამ. შემთხვევა, 30 ივნისს ფეიქრების ქუჩაზე მოხდა - ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი თავახდილ სანიაღვრე ჭაში ჩავარდა.

თეონა დაიაური, ალექსი ფუხაშვილის მეუღლე: - ალეკო 30 ივნისს დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან, რესტორანში  მიდიოდა თანამშრომლებთან ერთად. იმ ღამით, დაახლოებით 3 საათზე, ჩაძინებულს გამომეღვიძა და ვნახე მისი ერთი საათით ადრე გამოგზავნილი მესიჯი. მას შემდეგ ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. მისი ასეთი საქციელი მეუცხოვა. თანამშრომლებმა მითხრეს, რომ რესტორნიდან 3 საათზე წამოსულან.

დავიწყე რეკვა საპატრულო პოლიციაში, სასწრაფოში, საავადმყოფოებში... მეგობრებისგან მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ალეკო მათ დაემშვიდობა და ფეიქრების ქუჩაზე ფეხით წამოვიდა. დიდხანს ვეძებეთ იმ ტერიტორიაზე, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. პოლიცია მეუბნებოდა, 48 საათი გავიდეს და მერე გამოვაცხადებთ ძებნასო. საპატრულომ ალეკოს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა ის ტერიტორია, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, კვალს ვერსად მივაგენით. დაახლოებით ღამის 11 საათზე ალეკოს ბიძაშვილმა თქვა, კიდევ ერთხელ მივიდეთ ფეიქრების ქუჩაზე თავახდილ ჭასთანო, არადა, იქ მანამდე სამჯერ ვიყავით. წავიდნენ მეგობრები, ჭაში ფარანი ჩაანათეს... უცებ ერთ მეგობარს დაუყვირია, სიღრმეში რაღაც ამოძრავდაო, ჩასძახეს და ალეკოს უპასუხია, აქ ვარო.

- როგორ გაძლო ამდენ ხანს გამდინარე წყალში, რას ეჭიდებოდა?

-  20 საათი იყო სანიაღვრე ჭაში, რომლის სიღრმე დაახლოებით 8 მეტრია. ეს არის მთავარი სანიაღვრე ჭა, რომელშიც გლდანი-ნაძალადევის წყლები ჩადის. მავთულს ჩასჭიდებია, არადა, წყალი ისეთი სიძლიერით მიედინება, რომ არ ებრძოლა, დინება მტკვარში გაიტანდა.

მარჯვენა მხარე სულ გაგლეჯილი აქვს, მარჯვენა ფეხი ტერფიანად დამსხვრეული, გულმკერდი - დაჟეჟილი, ელენთა დაზიანებული, ნეკნები დამტვრეული, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი დაზიანებული, კუჭი - გახვრეტილი, სწორი ნაწლავი - გახეთქილი. მიიღო შიდა ქალის ტრავმა.  ექიმები ვარაუდობდნენ, რომ დიალიზი დასჭირდებოდა, მაგრამ გადავრჩით. ფილტვები მხოლოდ მეოთხე დღეს ამუშავდა. ბინძური წყლის ყლაპვის გამო სეფსისიც დაეწყო, განუვითარდა ეპილეფსიაც. ალეკო 24 დღე იყო უგონო მდგომარეობაში. ქირურგებმა მითხრეს, თითქმის მთელი სისხლი მუცელში აქვს ჩაღვრილიო. მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც გარისკეს და ორი ოპერაცია გაუკეთეს. ამ ადამიანებმა მართლა სასწაული მოახდინეს.  მკურნალი ექიმი დღედაღამ თავს დასტრიალებს. ჩემი ქმარი  უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, არაფერი ახსოვს.  უჭირს აზროვნება. ექიმები ვერ გვაძლევენ გარანტიას, რომ სრულფასოვან ცხოვრებას მალე დაუბრუნდება.

- სანიაღვრე ჭას ახლა მაინც დაახურეს თავსახური?

- მეორე დღესვე სანიაღვრე ჭას ბეტონის თავსახური დაახურეს. დიღომში, სანიაღვრე მეურნეობას მივაკითხე, რომელიც თბილისის მერიას ექვემდებარება. ჩვენ რა შუაში ვართ, იქნებ რაიმეს მოსაპარად მივიდა, თვითონ ახადა თავი და ჭაში ჩავარდა, გონზე მოვა და თვითონ ალაპარაკდება, იქ რა უნდოდაო, მითხრეს.

- არ ჰკითხეთ, სანიაღვრე ჭაში რა უნდა მოეპარა?

- რა თქმა უნდა, ვკითხე და მიპასუხეს, რკინაბეტონის თავსახურებს ამტვრევენ და არმატურას იპარავენო. კაცს, რომელსაც მაღალანაზღაურებადი ხელფასი აქვს, რაში სჭირდება  არმატურის მოპარვა? სამი თვის წინ ჩემი თანამშრომელიც ჩავარდა ჭაში (დუშეთში) და გარდაიცვალა. რატომ უნდა იყოს ამხელა ჭები თავახდილი? რომ არ მიგვეგნო, ალბათ, ალეკოს მტკვარი გაიტანდა, მერე გვამს იპოვიდნენ და იტყოდნენ, თავი მოიკლაო.

- მკურნალობის ხარჯებს როგორ ანაზღაურებთ?

- საყოველთაო დაზღვევამ გვიშველა. მარტო რეანიმაცია ერთი დღე-ღამე 550 ლარი ღირს. დაზღვევით გათვალისწინებული 15 ათასი ლარიც ამოიწურა - ამდენი ოპერაცია, 5-ჯერ სისხლის გადასხმა, ტრაქეოსტომის ჩადგმა... ხარჯთაღრიცხვა  სანიაღვრე მეურნეობაში მივიტანეთ, მათ კი მერიას გაუგზავნეს. საგარანტიო ბარათს ხელი მამუკა ქაცარავამ მოაწერა - მერიამ ერთხელ 3 000 ლარი, მეორედ 5 500 ლარი გადმორიცხა.

ჩემი ქმარი 34 წლისაა, იგი ერთი წელი მაინც შრომის უუნარო იქნება.  როგორ შევძლებ მე, უმუშევარი ქალი, სამი მცირეწლოვანი ბავშვისა და ავადმყოფი დედამთილის რჩენას? ჩვენს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ვინც არის, კეთილი ინებოს და ყოველთვიური კომპენსაცია დაგვინიშნოს. მათმა უპასუხისმგებლობამ და უყურადღებობამ დაასახიჩრა და ლამის მომიკლა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

ნოდარ ზარდიაშვილი, შპს "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის მოადგილე:-  60 თანამშრომელი მყავს, მუშების ჩათვლით, და ისინი ვერ შეძლებენ, ყოველდღიურად შემოიარონ და 30 000 ჭა შეამოწმონ, არც ვართ ვალდებული. 30 ივნისამდე სამი კვირით ადრე ჩვენმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ ჭას ეფარა თავსახური. შემთხვევის ადგილას ბეტონის ნატეხები ყრია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რკინაბეტონის ფილა ვიღაცამ სპეციალურად დაამტვრია, რომ არმატურა მოეპარა. თავსახური შემთხვევამდე დაახლოებით 10-14 დღის მოპარული უნდა იყოს. ჩვენი მოვალეობაა, ქუჩებში, სადაც თავახდილ ჭას ვნახავთ, თავსახური დავახუროთ, მაგრამ რადგან ის ადგილი რკინიგზის ზოლშია, რკინიგზაც ყურადღებას აქცევს (ან ჩვენ უნდა დავახუროთ, ან მათ).  ეს სანიაღვრე ჭა დასახლებული პუნქტიდან შორს, ლიანდაგიდან 5 მეტრში  მდებარეობს, იქ არც სავალი გზა არის, ფერდობია და ბალახი. როგორც ჩანს, დაზარალებული რკინიგზაზე მეორე მხარეს აპირებდა გადასვლას და სიბნელეში ჭა ვერ დაინახა. როდესაც ამ ოჯახმა მოგვაკითხა, ჩვენ მერიას მივმართეთ და ვთხოვეთ, ფულადი დახმარება გაეწიათ მისთვის, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. ჩვენც დავიღალეთ - თბილისში ყოველდღიურად იპარავენ ჭის თავსახურებს, ამტვრევენ და არმატურას ჯართად აბარებენ. ვერ ავუდივართ ქურდობას.  თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლახან 15 თავსახური მოგვპარეს. ჭას, სადაც შემთხვევა მოხდა, რკინაბეტონის ფილა დავახურეთ. ყველა თავახდილ ჭას ვახურავთ თავსახურს, მაგრამ შეუძლებელია, ყოველდღე ვიაროთ და ყველა ასეთი ადგილი ვამოწმოთ.

ნანა ფიცხელაური