"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!"
25-08-2014
"მოვიდა დრო,  მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!"
"ახალაიამ ალბათ, იფიქრა, არ წამოაყრანტალოს რაღაცებიო, ამიტომ გადაიღო ცემის და ჩემი დამცირების ვიდეო და მაშანტაჟებდა"

რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს - დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს"


"კვირის პალიტრა" გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილ პოლიციელ მიხეილ ბიბილურიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ფოტოს გადაღება არ ისურვა(?!).

-  კუდ-ში 2004 წელს დავიწყე მუშაობა. გია ალანია და სოსო თოფურიძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და არც ვიცოდი, თუ ისინიც კუდ-ში მუშაობდნენ. ერთხელ მოდულის კიბეებზე შემხვდა ალანია და რომ გაიგო, იქ დავიწყე მუშაობა, მითხრა, ჩემი ძმაკაცი, დათა ახალაია დაინიშნა დეპარტამენტის უფროსად, მე კი სამმართველოს უფროსადო და
მკითხა, სად გინდა მუშაობაო. რა თქმა უნდა, მასთან მერჩივნა და პირველ სამმართველოში მეორე განყოფილებაში უფროს ოპერთანამშრომლად დავინიშნე.

- იქნებ გაიხსენოთ, რა მოხდა 2006 წლის 27 იანვრის ღამეს...

- იმ საღამოს შინ ვიყავი, გია ალანიამ რომ დამირეკა, სასწრაფოდ ეზოში ჩამოდი, შარვალი ლიფტში ჩაიცვიო. გია სამსახურის  ML-ის ჯიპით დამხვდა, საჭესთან დათო ქოქიაშვილი იჯდა, რომელიც მეორე სამმართველოში მუშაობდა. ალანიას ერთი კი ვკითხე, რა ხდება, რამე ღონისძიებაა-მეთქი (ასე ვეძახდით აყვანის ოპერაციას)? მითხრა, არც მე ვიცი წესიერადო. თან ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა, მოვდივარო.
ჩემი მეგობარი, ასევე კუდ-ის თანამშრომელი ავთო აფციაური იქვე, მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. მასაც გავუარეთ და ჩავისვით. ავთოც დაინტერესდა, რა ხდებაო? გიამ უთხრა, დათამ დარეკა, რაღაც ღონისძიებააო. მოდულის შენობასთან სოსო თოფურიძის "მერსედესში" გადავჯექით მე და ავთო აფციაური, ალანია და ქოქიაშვილი კი ჯიპით წავიდნენ. გაგებაში არ ვარ, რა ხდება. ბევრჯერ ყოფილა, უთქვამთ, ღონისძიებააო, მივუყვანივართ სამსახურში და არაფერი - დათას აინტერესებდა, ვინ რამდენ ხანში მოხვიდოდითო და ვიშლებოდით.
იქ ყველა ახალაიას მონა იყო, რომელიც სულ მთვრალი იყო და მის ხუშტურებზე დადიოდა ყველა. ეს ის პერიოდია, როცა ახალაია ზენიტშია და მისი სახელის ხსენებაზე თანამშრომლებს ცივი ოფლი ასხამთ. არადა, როცა კუდ-ში მოვიდა, სულ სხვანაირი ბიჭი იყო, პროვინციელი, ცოტა "სკრომნი", დადიოდა კაბინეტებში, ყველას ესალმებოდა და მოიკითხავდა. მერე "პალაჟენია" დაიყენა...

მოკლედ, მე და ავთო მივდევთ ML-ის ჯიპს, თუმცა პეკინზე რომ გავედით, თვალი ვეღარ მოვკარით. გიამ დაგვირეკა, თავისუფლების მოედნისკენ წამოდითო. მოკლე პასუხებით იფარგლებოდა და ეგრევე თიშავდა ტელეფონს... აკონტროლებდნენ, მთვრალი გირგვლიანი და ბუხაიძე როდის გამოვიდოდნენ ბარიდან და საით წავიდოდნენ... გიას დათა აძლევდა ინსტრუქციებს...

- ალექსანდრე ღაჭავა სად იყო, არ გიხსენებიათ...

- არ ვიცი, რატომ დაურეკა ალანიამ ღაჭავას და სად ჩაისვეს მანქანაში. ღაჭავა კოდუას ნათესავი იყო და თავის დროზე მან სოდ-იდან გამოაგდო, მერე კუდ-ში მოვიდა... გარწმუნებთ, სანამ სასაფლაოზე არ მივედით, არც ვიცოდი, რისთვის ვჭირდებოდი. რომ მცოდნოდა, რისთვის მივდიოდი, არ წავიდოდი, რომელი კილერი მე ვიყავი? მეც მსხვერპლი ვარ, იმათ ცხოვრება დამინგრიეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისე "მოტყდა" ორივე (ალანია და ღაჭავა), ერთი არ უთქვამთ, მივდივართო...

- დავუბრუნდეთ თემას... რა მოხდა შემდეგ?
- მოკლედ, ალანიამ ბოლოს გვითხრა, ოქროყანისკენ წამოდითო. როგორც იქნა, მე და აფციაური ავბობღდით იმ ძღინკიანი მანქანით. მერე ვნატრობდი, რა მოხდებოდა გაფუჭებულიყო, ან საბურავი გასძრომოდა, რომ ვერ ავსულიყავით-მეთქი.

ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო... ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო. გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი.
ალანიამ შეაგინა ბუხაიძეს და ცემა დაუწყო. ბუხაიძე ეცა ფეხებში და ეგრევე დააგდო, ჯანზე იყო. მერე ჩვენ მივვარდით ბუხაიძეს და ვცემეთ. ამ ბიჭს გონებაც არ დაუკარგავს. ვინმეს მათი მოკვლა რომ ნდომოდა, ისე გაქრებოდნენ, ცხოვრებაში ვერავინ იპოვიდა. გიამ ბუხაიძეს რამდენჯერმე ტელეფონი მიანათა სახეში. ცოტა ხანში რაღაც ხმაური მოგვესმა. მოვარდა ღაჭავა, ის მეორე გაიქცა და პანჩურიც ამოვარტყიო. გიამ "გადაუარა", როგორ გაგექცა, ს..რი ხარო.

- სანდროს გაქცევის დროს თქვენ გაისროლეთ?

- მე იარაღიც არ მქონდა თან და რა უნდა გამესროლა? ქოქიაშვილმა დაკითხვისას თქვა, თითქოს მე გამივარდა იარაღი. რომც გამვარდნოდა, ეს საქმესთან რა კავშირშია? ღაჭავას ჰქონდა ტაბელური იარაღი და დავინახე, რომ ბუხაიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა. გიას ვკითხე გაქცეულზე, გავყვე-მეთქი? არა, თუ გაიქცა, გაიქცესო. გიას საერთოდ აერია სამიზნე, ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა.

- სანდრო ვინ სცემა და აწამა?
- თუ ვინმე იცემა, ეს ბუხაიძე იყო. ქოქიაშვილმა მხოლოდ თავში წაარტყა მიწაზე დაწოლილ გირგვლიანს, თავი არ აიღოო. გიას და ყველას აქცენტი ბუხაიძეზე გვქონდა.

- მაშ ის სასიკვდილო ჭრილობები თვითონ მიიყენა გირგვლიანმა? თუ თქვენს მერე იმ ადგილას კიდევ ავიდა ვინმე?
- არ ვიცი. მე ოთხი წელი მარწმუნებდნენ, გირგვლიანი ხრამში ჩავარდა, დაისერა და გაიყინაო. ის ფოტოები მეც მაქვს ნანახი. ადამიანს როგორ უნდა მიაყენო ღამის 2 საათზე სიბნელეში ერთი და იმავე ზომის, სიმეტრიული ჭრილობები? ამ დეტალთან დაკავშირებით მეც მიჩნდება კითხვა. აზრზე არ ვარ, როდის რა მოხდა.

- გეცოდინებათ, რა იყო დამკვეთების მიზანი....
- ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება.
მე პირველად ვიყავი იმ ადგილას და ალანია მარწმუნებდა, აქ ჩვენც შემთხვევით მოვხვდითო. მერე გავიგე, რომ ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო, მანამდე ვიღაცები აჰყავდათ იმავე ადგილას და აწამებდნენ.
ახლა დარწმუნებული ვარ, ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ბიჭები ოქროყანაში აიყვანეთო... რა მოხდა "შარდენ-ბარში", ზუსტად ახლაც არ ვიცი, თანდათან ვიგებ.
ვიცი, რომ მთვრალმა ტიპმა "გააჯაზა", შეურაცხყოფა მიაყენა მერაბიშვილის ცოლს, რაც ვიღაცას არ ესიამოვნა და ახალაიამ გადაწყვიტა ბიჭების დასჯა. რად უნდოდა ახალაიას ალანია, როცა გურამ დონაძეც ბარში იყო, დაურეკავდა პატრულს, წაიყვანდნენ პოლიციაში და რაც უნდოდათ, იმას უზამდნენ, მაგრამ ახალაიამ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ყველაზე მაგარია და საქმეს თვითონ მოაგვარებდა. მან უბრძანა ალანიას, ოქროყანაში აიყვანეთ, სცემეთ, გაატიტვლეთ და ასე დასაჯეთო.

- თქვენ როდის და ვისგან შეიტყვეთ ამ ტრაგედიის შესახებ?
- სიუჟეტი ვნახე, ოქროყანაში მოხდა მკვლელობაო და მაშინვე გიასთან მივედი. მისგან გავიგე ვერსია, რომ გაქცეული გადაიჩეხა და გაიყინა. მაშინ მეგონა, ბუხაიძე მოკვდა. გიამ მითხრა, ის სვანი მოკვდა, მეორეო და დაამატა, რომ გაიქცა, ხევში ჩავარდა და გაიყინაო. ამ ამბის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, დაიკიდე, სააკაშვილმა იცის, ვანომ იცისო. მერე შემომითვალეს, უნდა ჩაჯდეო. ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი.

- უარი რომ გეთქვათ, რა მოხდებოდა?
- ალბათ, გამაქრობდნენ. დათამ პირდაპირ მითხრა, თუ არ დამიჯერებ, 20 წლით ჩაგსვამო. საქმეს გამოიძიებენ, როგორც ჯგუფურ მკვლელობას, 20 წლით ჩაგსვამენ და მეც ზედ მიმაყოლებენ. ამიტომ
თქვენ ჩაჯექით, დანარჩენს ადეიშვილი და დავით ჩხატარაშვილი
(რომელიც იმხანად დათა ახალაიას მოადგილე იყო)  
მოაგვარებენ. არ ინერვიულოთ, პრეზიდენტიც საქმის კურსშია, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, მეც აქ ვარ და წელიწად-ნახევარში გარეთ იქნებითო...

ერთ დღეს რუსთაველზე რაღაც მიტინგი იყო. ახალაიამ მთელი კუდ-ი ნიღბებით გაგვიყვანა. იმავე დღეს მანქანით მოდიოდა ახალაია, გზაში ნიღაბი ავიწიე და დამიძახა, მოდიო.
მითხრა, პრეზიდენტს უნდა კანცელარიაში თქვენი ნახვა და რამე რომ იყოს, ხომ არ  დაიბნევიო... ისე მიჰყავდათ საქმე, თითქოს ეს ინციდენტი "შარდენ-ბარის" კარიდან დაიწყო, გირგვლიანმა დათას შეაგინა, გიამ გაიგო და მერე ჭკუა ვასწავლეთ. დათას თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერ შუაში იყო, ჩვენ ვიყავით დამნაშავეები და აი, მე რა ჯიგარი ვარ, გპატრონობთო. "აბეზალოვკაში" ჩაგვაგდო, არადა, სინამდვილეში მის გამო უნდა მოგვეხადა სასჯელი.
შემთხვევიდან 40 დღეში დაგვიჭირეს.

- მადლიერების ნიშნად მერაბიშვილმა 100-100 ათასი დოლარი მართლა ჩაგირიცხათ ოთხივეს?
- არა, იცით, რა იყო? ახალაიამ რომ დამიბარა, ვუთხარი, ცოლი მყავს ფეხმძიმედ და ერთადერთი მარჩენალი ოჯახში მე ვარ-მეთქი. მითხრა, ოთხივემ ნახეთ თქვენი ახლობლები, ბიძაშვილები, ვინც გყავთ, თქვენს ადგილას დავნიშნავ, ხელფასი ჩაგერიცხებათ და სახელფასო ბარათით თქვენი ოჯახები ისარგებლებენო. დავთანხმდით.
თავიდან ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროზე შევეყარეთ ციხეში,
ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ვანო პრემიერ-მინისტრი გახდება, მე - შს მინისტრიო და ციხეში წავიდოდა? ის კი არა, რომ არა ადეიშვილი, ახალაია ალანიასაც არ იჭერდა. ადეიშვილთან შეხვედრის მერე გადაწყვიტა მისი ჩასმა. თავდაპირველად სამნი უნდა ჩავესვით და კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, გვარი არ მახსოვს...

- ქოქიაშვილი რატომ არ დაიჭირეს, ისიც ხომ იყო ოქროყანაში?

- დათამ პირდაპირ თქვა ამ კაცზე, პრ...ია, არ ვენდობი და მირჩევნია, ჩემი თვალთახედვის არეში მყავდესო. მე, ალბათ, გიას გამო მენდობოდა.
ახალაია გამწარებული იყო მერაბ ბაღათურიაზე (შს სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელმაც გამოიძია გირგვლიანის საქმე) და ემუქრებოდა. იცოდა, ბაღათურიას ყველა ინფორმაცია ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დათა ამბობდა, მინისტრი როცა გავხდები, ბაღათურიას ყურებს დავახევ, სიცოცხლის ბოლომდე მზის შუქს არ დავანახებო და უტრიალებდა ყველაფერს.

გვეუბნებოდა, ახლა მარტო თქვენი მხარდაჭერა მჭირდებაო. მეც ჩუმად ვიყავი და დებილივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი... მოკლედ, ახალაიამ ვანოს დაურეკა, საქმე გახსნილია, ყველაფერი მოგვარებულიაო. გიასთან მივედი, კაცი თქვენ აიყვანეთ ოქროყანაში, ღაჭავას გაექცა, მე მეუბნებით, ციხეში უნდა წახვიდეო და შენ არ მიდიხარ-მეთქი? მითხრა, მეც ვჯდები, გუშინ დათა ადეიშვილთან იყო და იმას უთქვამს, ალანია კარგს იზამს, თუ ჩაჯდებაო. მერე ვანოს შემოუთვლია დათასთვის, ალანიას სამუშაო კაბინეტი დაკეტილი იქნება, სანამ ციხიდან არ გამოვა და კუდ-ში არ დაბრუნდებაო. ამით მიანიშნა, რომ დიდი ხნით არ ჯდებოდა.

- ქოქიაშვილი ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ როდესაც ოქროყანიდან დაბრუნდით, თოფურიძის მანქანის საბარგული გახსენით, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეწყო. შემდეგ თქვენ სანდროს საფულე ამოიღეთ, სადაც 600 ლარი იდო და გაინაწილეთ, მეორე დღეს კი თქვენ და აფციაურმა ბიჭების საბუთები, საფულეები და მობილური ტელეფონები მოდულის შენობის აივანზე დაწვით. ესეც სიცრუეა?
- ისეთი სულელი ვარ, ყველას თვალწინ დამეწვა ის საბუთები? იცით, მაშინ რა დაწვეს? 2004 თუ 2005 წელს დასავლეთიდან ''მარშრუტკის" მძღოლები რომ ჩამოვიდნენ და თუ არ ვცდები, აქციები მოაწყვეს, მათ კუდ-ი და სოდ-ი დახვდა, მოწმობები და საბუთები ჩამოართვეს და ისინი დაწვეს. ქოქიაშვილი ყველაფერზე ამბობს, ბიბილურიძე და აფციაურიო... თან რაღა იმ დროს გავგიჟდი, როცა ვიცი, ამხელა ამბავია ატეხილი და 500-600 კაცის თვალწინ დავწვი იმ ადამიანების ნივთები აივანზე?! სადმე გადავყრიდი - მტკვარში ან ნაგვის ბუნკერში... ბოლო მე გამოვედი სასაფლაოდან და ბუხაიძეს ვუთხარი (კონტაქტური იყო), ფეხზე ხომ დგახარ, აქვე "ბენზოკალონკაა", ჩადი და ტაქსი გამოიძახე-მეთქი. შემეძლო ჩამესვა მანქანაში და ჩამომეყვანა, მაგრამ ეს რომ ახალაიებს გაეგოთ, მთელ ჩემს გვარს ამოწყვეტდნენ.

ვისთვის მეთქვა, პრეზიდენტით დაწყებული, ყველა დაგეშილი იყო. ვინაიდან საქმეში თაკო სალაყაია იყო გარეული, ყველაფერი კეთდებოდა, რომ ვანოს დასდგომოდნენ მხარში და სუფთა გამოსულიყო.

- მელნიკოვზე რას იტყვით? დიდხანს ცდილობდნენ ამ საქმეში მისი სახელის მიჩქმალვას.

- მელნიკოვი იყო დათა ახალაიას "შნირი". 24 საათი მასთან ერთად იყო. დათა ახალაია დათვრებოდა თუ არა, ყველას უაზროდ აგინებდა. სულ რესტორან-რესტორან დადიოდნენ ღამით ის და მისი დამქაშები.
ოლეგასაც მეტი რა უნდოდა, ამხელა გავლენიანი კაცის გვერდით კაის ჭამდა-სვამდა, კარგ სიგარეტს ეწეოდა და მაგარი მანქანებით დადიოდა. მელნიკოვი რომელიღაც განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. ბოლოს ეგეც მაგარი "ძერსკი" გახდა.
მას იმიტომ მალავდნენ, რომ სუფრასთან და ოქროყანასთან დამაკავშირებელი რგოლის გაწყვეტა უნდოდათ.

- ციხეში თქვენი სასათბურე პირობების შესახებ ლეგენდები დადიოდა. მართლა ასეთ განცხრომაში იყავით?

- ბევრს გარეთ არ ჰქონდა ის, რაც ჩვენ ციხეში გვქონდა - ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილურები, კონდიციონერი... არ გვაკლდა გართობა, ქალები, საჭმელ-სასმელი.
თვითონ ციხის თანამშრომლებს მოჰყავდათ მეძავები.
როდესაც დაგვაკავეს, პირველად "რეზბალნიცაზე" მიგვიყვანეს, სადაც ერთი ღამე გავათენეთ. თავიდან იყო მოლაპარაკება, რომ იქ უნდა მოგვეხადა "ლაითად" სასჯელი. იმ საღამოს ჩვენთან დათა და ბაჩო ახალაიები, "მასტერა" (გია დგებუაძე) და მთელი უფროსობა მოვიდა. "გაბაზრდა", რომ იქ ვიყავით და ატყდა ამბავი. მეორე დღეს მოვარდა შეშინებული კახა ბუცხრიკიძე (ბაჩოს მაშინდელი მოადგილე, ამჟამად დეპუტატი და, ღაჭავას დის ქმარი), არიქა, ბაჩომ დარეკა, სასწრაფოდ მეშვიდეში გადაიყვანეთო. გადაგვიყვანეს ძველი შსს-ს შენობაში, მე-3 სართულზე, სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო. მე-7-ში თვე-ნახევარი დავყავით.
იქ ჩვენი საკნის კარი ღია იყო, თავისუფლად ჩავდიოდით ციხის დირექტორის, მეგის ქარდავას კაბინეტში, ვგრილდებოდით, ტელევიზორს ვუყურებდით, ეზოში გამოვდიოდით... გვქონდა სამეული, სამზარეულო, ორი მაცივარი, ტელევიზორი საკაბელოთი, ტელეფონები, კომპიუტერები, პაემანზე შემოდიოდა ყველა, ვისი ნახვაც გვინდოდა - არა მარტო ოჯახის წევრები. დაცვას არავინ ეკითხებოდა, ვინ შემოეშვა ჩვენთან. სასმელიც ულევი გვქონდა.

ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს - დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს.

თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ...
ჩვენთან ბაჩოც მოდიოდა ხშირად. მიდიოდა დალევა, გულაობა... იცოდა, რომ კარგი საჭმელ-სასმელი გვქონდა, იჯდა ჩვენთან კამერაში და ეძლეოდა განცხრომას... ვანო "კაპეზეზე" მოვიდა და გაგვამხნევა, გამაგრდით, არაფერზე ინერვიულოთ, მალე ოჯახებში იქნებით, აქ ვარ, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთო. იმანაც დალია, მოილხინა და წავიდა...

საპროცესო როცა უნდა გაფორმებულიყო, პროკურორს ჩვენთვის ფორმალურად უნდა ეკითხა, დამკვეთები თუ არსებობენო და ჩვენც კამერების წინ უნდა გვეთქვა - არაო. ჩვენგან ერთ-ერთმა გაიხუმრა, არას არ ვიტყვი, ჩართე კამერა, ყველაფერი უნდა ვაღიაროო. გამომძიებელმა დავით ჩხატარაშვილს დაურეკა და აცნობა, მე-7-ში პანიკააო. იარაღებით მოგვიცვივდნენ "მასტერა", დათა და სპეცრაზმელები, რა დღეში ხართო? როცა მიხვდნენ, ხუმრობა იყო, შეგვეშვნენ...
მოგვისაჯეს თუ არა, ავჭალაში, მე-10 დაწესებულებაში გადაგვიყვანეს, რომელიც ჩვენს მისვლამდე გაარემონტეს. იქ უფრო დიდი სივრცე და მეტი ჰაერი იყო, გვქონდა აუზიც. გიამ ბაჩო დაგვალაპარაკა, რომელმაც გვკითხა, ხომ "გაგისწორდათო". ბაჩო იქაც მოდიოდა, თავს ვალდებულად თვლიდა, რადგან მის ძმას ერთი ადგილი მოვწმინდეთ. თვითონაც ერთობოდა, ჩვენთან ერთად სვამდა ვისკის, კონიაკს... ხან დღეში ორჯერაც მოსულა, ხომ არაფერი გჭირდებათო.

არ გვაკლდა დელიკატესები, ჩინური თუ იაპონური კერძები.
ერთხელ ბაჩო სპეციალურად მოვიდა, ჩინური ე.წ. საპახმელიო დელიკატესი მოიტანეს, წვნიანი. რომ დავინახე, გული გამისკდა - მატლებით, კალმარებით და კიდევ რაღაც მწერებით იყო სავსე.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი აღიარებით შეაცვლევინებთ აზრს საზოგადოებას?
- ამას ვეღარაფერი ჩამორეცხავს. დარწმუნებული ვარ, არც ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შეიცვლება რამე. ვიცი, წამოვა კითხვები, აქამდე სად იყავი, მამა აბრამის ბატკანი გამოვიდა, თავს იმართლებსო და ა.შ.
სამწუხაროა, რომ კუდ-ი თანდათანობით სადამსჯელო უწყებად გადაიქცა.

ერთხელ, ჩემ თვალწინ, ჩემს კაბინეტში შემოათრიეს და სასტიკად სცემეს პოლიციელი. შემოვარდა დათა ახალაია ვამპირის თვალებით და "გადაუარა", ლამის ძვლები დაულეწა. მერე გავიგე, ამ საქმეშიც ვანოს ცოლი ყოფილა გარეული - რესტორანში მოხდა რაღაც, თითქოს უწმაწური რეპლიკა უსვრია სალაყაიასთვის ამ პოლიციელს.

- ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოში გამოგიშვეს, მერე კი ოთხივე შეგაბრუნეს ციხეში....
- აგვისტოს ომის დროს 10 დღით გამოგვიშვეს, 2-3 დღე კუდ-შიც დავდიოდი ფორმით და ავტომატით, როგორც თანამშრომელი. 11 აგვისტოს გამოგვიშვეს.
იმ დილას ბაჩომ დაურეკა გიას, დღეს შეწყალებით გადიხართო. 10 დღის მერე გამოგვიცხადეს, ბოდიში, ბიჭებო, ახლა არ გამოვიდა, პრეზიდენტმა თავი შეიკავაო და უკან დაგვაბრუნეს.
ომი რომ არ შეწყვეტილიყო, შეწყალება მართლა გაკეთდებოდა, მერე გადაიფიქრეს...

- რა იცით ბადრი პატარკაციშვილის სახლზე დამონტაჟებული ვიდეოთვალიდან ამოღებულ ფირზე? სად გაქრა? ითქვა, რომ იმ ტერიტორიაზე თქვენი მანქანების გარდა სხვა მანქანებიც შენიშნეს...

- აზრზე არ ვარ... მე ის მსმენია, როცა დაგვიჭირეს, დათა ახალაია ამბობდა, კაცი არ ვიყო, ამ კადრების გავრცელების გამო პატარკაციშვილი თუ არ დავაჩოქო თავის რიტუალების სასახლეშიო...

- 2009 წელს შეგიწყალათ პრეზიდენტმა... ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველამ "დაგვიკიდა" და გაგვწირა. მოხდა უარესიც - 2010-ში კუდ-ში ამათრიეს და მაგრად დამჟეჟეს. დათა ახალაიამ იმის გამო დამსაჯა, რომ სამსახური ვთხოვე.
ამათრიეს დათას კაბინეტში დღის 2 საათზე და დილის 5 საათზე გამომიშვეს. ისეთი ნაცემი ვიყავი, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემებს გული გაუსკდათ. დათამ იარაღი გადატენა და შუბლზე დამადო. მერე ზედ მაფურთხა...

- რატომ, ახალაიას დაშანტაჟება ხომ არ სცადეთ?
- დათამ ასე ჩათვალა. მაგრამ მე უბრალოდ სამსახური ვთხოვე, თავის რჩენა ხომ მინდოდა. მან კამერით გადაიღო ჩემი ცემა-შეურაცხყოფა.
ახალაია ყოველდღე მიბარებდა და მამცირებდა, მაგრად "გადამიარა". დათას წამლის ჩადებაც უნდოდა და დამემუქრა, უკან შეგაბრუნებ და ხომ არ გგონია, ისევ ისე იჯდები, კარანტინიდან თავს არ გამოგაყოფინებო.
ახალაიამ ალბათ, იფიქრა, არ წამოაყრანტალოს რაღაცებიო, ამიტომ გადაიღო ცემის და ჩემი დამცირების ვიდეო და მაშანტაჟებდა.

რაც კი ხელში მოხვდა, ყველაფერს მირტყამდა. წინა კბილები ჩამიმტვრია...
მანამდე მისმა სპეცრაზმელებმა საბარგულში ჩამაგდეს, გამიტაცეს და მცემეს, მერე რაღაც გადამაფარეს, ისევ საბარგულში ჩამაგდეს და ამიყვანეს მოდულის უკანა ეზოში. წელზევით გახდილს მირტყამდნენ. მერე ახალაიამ ალანია გამომიგზავნა და შემომითვალა, მადლობელი უნდა იყო, გარეთ რომ ხარო.

- როგორ ფიქრობთ, ადეკვატური მუხლით მოიხადეთ სასჯელი?
- უნდა დავსჯილიყავი, მაგრამ პირველ რიგში, დათა ახალაიას და  სუფრის ზოგიერთ წევრს უნდა ეგო პასუხი... თუ ასეთი მაგარი ხარ, მთვრალმა კაცმა შეგაგინა, გამოდი გარეთ და პასუხი მოსთხოვე. კაცი არა ხარ? ახალაია განდიდების მანიით გაგიჟებული ადამიანია...

ასე მგონია, გირგვლიანის საქმე დაბადებიდან ჩემთან ერთად მოდის. მინდა, დროზე დასრულდეს ეს ყველაფერი. ყოველთვის მინდოდა, რომ კვალი ოდესმე ახალაიასთან მისულიყო, რომლის კისერზეც იყო სინამდვილეში ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. მგონი, მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი.

ნანა ფიცხელაური
ალექს_ს
29 სექტემბერი 2017 09:04
ალექს ანუ იმის თქმა გინდა რომ ესენი კი არა სხვები არიან დამნაშავეები?!
ვაი თქვე ნაჩუქარო აიპოდშიკებო რამდენი ხართ გამოდით უნდა დაგთვალოთ....

თუთაშხია წაკუთხული ან ნანახი ვისაც გაქვთ, იგივე სცენარით გვაბნევენ და გვირევენ ტვინს (თავისი მოკლე ჭკუით), რომ თურმე ვიღაცამ იქა და იქ უთრხა რომ აქა და აქ და ესეთი ზღაპრები, არ გრცხვენიათ, ფაქტი ერთია ამ ერთი შემთხვევის საფუძველზე გამოაშკარავდა თუ როგორ მოქმედებენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკური პირები.

და ქოცები იქნებიან თუ ნაცები არავის არ უნდა მივცეთ გალაღების უფლება და ფხიზლად უნდა ვიყოთ!!!!

ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები ხართ და გეშინოდეთ საღვთო სასამართლოსი, იქ არაფერი დაიმალება.
ნათია
28 სექტემბერი 2017 22:47
როგორ დადიან დედამიწაზე ამის გამკეთებლები. როცა იქნება მოეწევათ ცოდვა შვილებზე და შვილიშვილებზე..
sss
28 სექტემბერი 2017 12:19
და ნაციონალები კიდე შერჩევით სამართალზე საუბრობენ და დათა ახალაია პოლიტიკური დევნილია. სამარცხვინოები, ქართველების სირცხვილი:(((((

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები