"ჩვენი შვილები იხოცებიან..." - კვირის პალიტრა

"ჩვენი შვილები იხოცებიან..."

"მკვლელის დედა სამძიმრის სათქმელად მოვიდა და ჩოჩქოლი რომ ატყდა, გაიქცა"

თურმე ოქროპირიძე ციხეში ე. წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი პატიმრებთან

2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა - 27 წლის ლაშა მახარაძეს ბოროტმოქმედმა რამდენჯერმე ესროლა. ამის შემდეგ "მერსედესის" მძღოლი და მასთან მყოფი შეიარაღებული პირი მიიმალნენ. სასიკვდილოდ დაჭრილი მახარაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანა 1989 წელს დაბადებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს, მეტსახელად "ბერძენას" ეკუთვნის. ბერძენიშვილი ფასანაურში დააკავეს და მას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წაუყენეს.

როგორც ბერძენიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, მეგობარმა გიორგი ოქროპირიძემ მას ვაკეში წაყვანა სთხოვა. სასამართლო პროცესზე ბერძენიშვილი ადვოკატის გარეშე მოიყვანეს, სხდომას არც მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ამბობს, რომ დამალვა არ უცდია, უბრალოდ, ძალიან დაიბნა და ამიტომ წავიდა ფასანაურში. ბერძენიშვილმა მოსამართლეს გირაოთი გათავისუფლება სთხოვა, მაგრამ მისი თხოვნა უარყვეს.

პროკურატურის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი წყალბურთელი, ადრე განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ოქროპირიძეა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მან მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა.  როგორც ამბობენ, გიორგი ოქროპირიძეს ციხეში ყოფნისას მოუხდა კონფლიქტი ლაშა მახარაძის აწ გარდაცვლილ ძმასთან, რომელიც მაშინ მარიხუანის მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ვერსიის თანახმად, თურმე ოქროპირიძე ციხეში ე. წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი პატიმრებთან.

ამბობენ, ლაშას ძმამ მაშინ "ოქრიკას" სცემა და სწორედ ძველი წყენა გახდა მკვლელობის მიზეზიო.

მეორე ვერსიით, ოქროპირიძე იმ დღეს სულ სხვა პირთან მიდიოდა საქმის გასარჩევად და შემთხვევით შენიშნა ქუჩაში ლაშა მახარაძე, მას რაღაც მიაძახა და ამის მერე ტყვიები დაახალაო.

ლაშას ოჯახში შარშან დიდი ტრაგედია დატრიალდა - გორთან ავტოავარიაში მოყვნენ მისი ძმა, რძალი და ძმისშვილი. "ლაშა არ იყო კონფლიქტური ბიჭი. წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი. ძალიან ნანობდა, რომ ციხეში მოხვდა. ის ბიჭი მკვლელი ყოფილა და ვინ გაათავისუფლა? ამდენი პატიმარი გამოყარეს და ისინიც დაერივნენ ხალხს", - გვითხრა ლაშა მახარაძის მეზობელმა და დასძინა, მკვლელობაში ბრალდებულის დედა სამძიმრის სათქმელად მოვიდა და ჩოჩქოლი რომ ატყდა, გაიქცაო... გიორგი ოქროპირიძე 2009 წელს უმძიმესი ბრალდებით, 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. მაშინ ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი ყველას არწმუნებდა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. არადა, ოქროპირიძეს ბრალი დაუმტკიცდა.

ოქროპირიძე, მეტსახელად "ოქრიკა", ციხიდან ახალი გამოსულია - 2014 წლის 8 მაისს პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდა. მართალია, საყოველთაო ამნისტიით განზრახ მკვლელობისთვის მისჯილი წლები გაუნახევრდა, მაგრამ ის და მისი ოჯახი ამას არ დასჯერდა, შეწყალების მოთხოვნით მიმართა კომისიას და სააღდგომოდ პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც.

ოქროპირიძის დაკავების დღიდან დედამისი, ცირა გოდერძიშვილი, ირწმუნებოდა, რომ მის შვილს ბრალი შეუთითხნეს და მკვლელობა არ ჩაუდენია. როგორც ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იხსენებს, გოდერძიშვილმა მას დასკვნის გაცემა სთხოვა. "როცა ოქროპირიძის დედა ჩემთან მოვიდა და გადავხედე მასალებს, იქ ვერ დავინახე უკანონობა. როცა უკანონობაა, თავგადაკლული ვიბრძვი. ამ საქმეში მკვლელობა დასაბუთებული იყო და დასკვნის გაცემაზე უარი ვუთხარი", - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.

ოქროპირიძის დედამ  დასკვნის აღება სხვა ექსპერტთან მაინც მოახერხა. თუმცა შვილი მაინც ვერ დაიხსნა ციხიდან, მალე ოქროპირიძეს ციხეში სცემეს და დედამისმა და მისმა ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაცია მის ცემა-წამებაში დაადანაშაულა. ოქროპირიძეს 4 ადვოკატი იცავდა და საქმე სტრასბურგშიც კი გაგზავნეს. ოქროპირიძე მორალური ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ითხოვდა - რამდენიმე ათას ევროს იმის გამო, რომ ციხეში სასტიკად ეპყრობოდნენ. ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ", რომლის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანია, მაშინ გიორგი ოქროპირიძის წამების ფაქტზე სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით (საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით იწერება დასკვნა) მომზადებული დასკვნა წარმოადგინა. როგორც ცირა გოდერძიშვილი მაშინ განმარტავდა, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოითხოვდნენ წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება არა წამების ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა, გიორგი ოქროპირიძე დაზარალებულად ცნო და ხელმეორედ დაჰკითხა. "ჩვენ ხომ სამართლიან საქართველოს ვაშენებთ?! ჰოდა, ეს არის ჩემი განაჩენი ერთადერთი შვილის ცემა-წამებისთვის! ვნახოთ, რამდენი მუხლით წარმართავს პროკურატურა გამოძიებას და რამდენად მიუკერძოებელი იქნება. ამით დავრწმუნდებით, არსებობს თუ არა სამართალი, რამდენი მუხლით დაისჯებიან სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები, სად-ის წარმომადგენლები და მედპერსონალიდან ის კონკრეტული პირები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებენ და მონაწილეობენ მის წამებაში! ამ გამოძიებით ნათელი გახდება, იცავს თუ არა სახელმწიფო 22 წლის ახალგაზრდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს!" - ამბობდა მაშინ ცირა გოდერძიშვილი.

ლევან თალაკვაძის დედამ, ჟუჟუნა თალაკვაძემ  ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს მიმართა, რომელიც მაშინ ოქროპირიძის ადვოკატი იყო. "მე გახლავართ ოქროპირიძის მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა. ბუნებრივია, თვალს ვადევნებ კიდევ ერთი მოკლულის, ლაშა მახარაძის საქმის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ამ დანაშაულის შესახებ. სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს თქვენი პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან თქვენ დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ. რასაც თქვენ წერთ, სიცრუეა. ნუთუ არ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას (მისი სახელის ხსენებაც მზარავს)? ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი? დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენ კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებთ".

პროკურატურის ცნობით, ოქროპირიძე განზრახ მკვლელობის  მუხლით იძებნება. ამბობენ, ის ციხიდან გრძელი სიით გამოვიდა და კიდევ ბევრზე აპირებს შურისძიებასო(?!).

თეა ხურცილავა