გიორგი მღებრიშვილი - "კრიმინალების დახმარება არ მჭირდება" (ექსკლუზივი)
08-09-2014
გიორგი მღებრიშვილი - "კრიმინალების დახმარება არ მჭირდება" (ექსკლუზივი)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთი თვეა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიორგი მღებრიშვილი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბოლო დღეებში აქტუალური იყო მოშიმშილე პატიმრების თემა...
- ბოლო დღეებში ერთი და იმავე შინაარსის სიუჟეტები ეძღვნებოდა მოშიმშილე პატიმრებს და ეს ისე შუქდებოდა, თითქოს შიმშილობა სასჯელაღსრულების სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული. არადა, მოშიმშილეები საქმეების გადახედვას ითხოვენ, ბრალს არ ეთანხმებიან, პრეტენზიები აქვთ პროკურორებთან, გამომძიებლებთან. ზოგჯერ მსჯავრდადებულები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის ტირაჟირებას უნებურად ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება, ეს
კი ზრდის არალეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილების თუ სხვა მიზნებით წამოწყებული შიმშილობების რიცხვს. მაგალითად, პატიმარმა დაურეკა ერთ-ერთ ტელევიზიას, ამავე ტელევიზიას ესაუბრა მისი ოჯახის წევრიც, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს მისი შვილი ჩ ჰეპატიტის პროგრამაში ჩასვეს და ახლა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ. ჩ ჰეპატიტის პროგრამაში მხოლოდ ისეთ მსჯავრდადებულს ვსვამთ, რომელსაც
მკურნალობის დასრულებამდე არ მოუწევს დაწესებულების დატოვება, რადგან მკურნალობის გაწყვეტა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. ნუთუ იმიტომ  ვსვამთ ამ ძვირად ღირებულ პროგრამაში, რომ მერე ვინმემ ყურადღება არ მიაქციოს? ერთ-ერთი პატიმარი კი იანვრიდან შიმშილობს, თუმცა, არც წონა დაჰკლებია და სრულიად ჯანმრთელიც გახლავთ.

- ქუთაისის მეორე დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს - ზოგმა თვალიც კი ამოიკერა.
- მე-2 დაწესებულებაში ამჟამად 11 პატიმარი შიმშილობს.  არც ერთ მათგანს არა აქვს პრეტენზია სასჯელაღსრულების სისტემასთან. სხვადასხვა დაწესებულებაში სულ 35 მოშიმშილეა და მათგან  ორი, ფსიქოთროპული მედიკამენტების დოზის გაზრდას ითხოვენ, რაც  დაუშვებელია.

- ერთი თვეა, რაც მინისტრი ხართ. შეისწავლეთ სისტემაში არსებული ვითარება?
- რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. მუშაობს სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამები. არასრულწლოვანთა დაწესებულება სარეაბილიტაციო დაწესებულებად გადაკეთდა, სადაც ისინი ხელობას ეუფლებიან. მალე გაიხსნება რუსთავის მე-16 დაწესებულება, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ სასჯელის მოხდის დროს თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნონ. აქვე იქნება საწარმოც, სადაც პატიმრები იმუშავებენ და გასამრჯელოს მიიღებენ. ისინი განათლების მიღებასაც შეძლებენ. აქ მოთავსდებიან დაბალი რისკის მქონე პატიმრები, ისინი, ვინც მსუბუქი და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. აქ მოხვედრის შანსი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებსაც აქვთ, თუკი არ დაარღვევენ რეჟიმს და დაწესებულების ხელმძღვანელობა რეკომენდაციას გაუწევს.

- სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავთ?

- ნაცნობ-მეგობრობით აქ არავის დავნიშნავ! კადრებს კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით შევარჩევთ. ოთხიდან ორი მოადგილის ადგილი  ვაკანტურია, მათ შორის - პირველი მოადგილის, რომელიც საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ითავსებს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი ისევ მომძლავრდა.
- ზონებში მაყურებლები არ არიან.  სისტემის მართვაში კრიმინალების დახმარება არ მჭირდება. შესაძლოა, ციხეში რომელიმე მსჯავრდადებულმა სცადოს სხვებზე გავლენის მოპოვება, მაგრამ ამას ადმინისტრაცია არ წაახალისებს. ჩემი მინისტრობის პერიოდში სისტემა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

-ე.წ. კანონიერი ქურდები ისევ იზოლირებული იქნებიან მეშვიდე დაწესებულებაში?

- მათთვის შენდება ე.წ. ლაითურის დაწესებულება, რომელიც 800 ადამიანზეა გათვლილი.

- პატიმრები გვწერენ, რომ ისევ სცემენ და აწამებენ...
- 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ცემა-წამების ფაქტების გამო დასჯილია 32 ადამიანი, მაგრამ ეს ეხებოდა წარსულში მომხდარ ფაქტებს. რეაგირების გარეშე ასეთი ფაქტები არ დარჩება და თუ მსგავსი რამ მოხდება, დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.

- თქვენი მინისტრობისას იპოვეს საკანში გარდაცვლილი პატიმარი ჯონი ფირცხელიანი.
- ველოდებით ლაბორატორიული ექსპერტიზის დასკვნებს. იმ საკანში სასჯელს გარდაცვლილის დეიდაშვილიც იხდიდა. ის ამბობს, რომ ფირცხელიანმა თავი მოიკლა, ოჯახი დარწმუნდა, რომ პატიმარმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება გრძელდება...

რაც შეეხება პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკას, წელს 10 პატიმარი გარდაიცვალა. ცნობისთვის: 2004 წელს გარდაიცვალა 43 პატიმარი, 2005 წელს - 47, 2006 წელს - 92, 2007 წელს 100. 2010 წელს იყო პიკი - გარდაიცვალა 144 პატიმარი! კვლავ ხდება სუიციდის ფაქტები, თუმცა, თვითმკვლელობების რაოდენობაც შემცირდა. მაგალითად, 2011 წელს იყო 14 შემთხვევა, 2013 წელს - 6,  2014 წელს კი მხოლოდ 2. იმის მიუხედავად, რა ღონისძიებები ტარდება, შეუძლებელია, მსჯავრდადებულს ის დანაკლისი შეუვსო, რასაც თავისუფლების დაკარგვა აყენებს. ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს ისეთ სივრცეში ცხოვრებას, როგორიც ციხეა. 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მატროსოვის" ციხეში, სადაც სასჯელს ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან, ყველანაირი კომფორტი აქვთ შექმნილი, აქვთ ტელევიზორი, კომპიუტერი... რატომ მიენიჭათ მათ ეს უპირატესობა?
- ისინი ჩვეულებრივ პირობებში არიან. არ სარგებლობენ ინტერნეტით და ნურავის ეგონება, რომ თავად ტვირთავენ "ფეისბუკზე" განცხადებებს. დაწესებულების დირექტორი ინდივიდუალურად წყვეტს, მისცეს თუ არა პირს კომპიუტერით და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.  ეს არის წახალისების ფორმა, პატიმარმა ეს უნდა დაიმსახუროს.

- ანუ ვანო მერაბიშვილმა კარგი ქცევით დაიმსახურა ეს?

- ვანო მერაბიშვილმა გარკვეულ ეტაპზე ეს დაიმსახურა, მაგრამ შემდეგ
მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც მერაბიშვილმა ხელი ჰკრა ციხის დირექტორის მოადგილეს. ამის გამო მას ჩამოერთვა ტელევიზორით და კომპიუტერით სარგებლობის უფლება. ეს გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა და მოსამართლემ საქმის განხილვამდე  დართო მას კომპიუტერით სარგებლობის ნება. ვინც უნდა იყოს, ჩემი თანამშრომლის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ.
დღეს გმირობის ტოლფასია ციხეში მუშაობა.

- მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება აქვთ?

- არა. გასეირნების დროც სხვადასხვა აქვთ.

- იმასაც ამბობენ, რომ ყოფილი ჩინოვნიკების მონახულებას ადვილად ახერხებენ მათი ახლობლები...
- კანონი ვისაც აძლევს ნახვის ნებას, მათ ის ადამიანები ხვდებიან.

თეა ხურცილავა

zaza iremashvili
09 სექტემბერი 2014 19:54
დიახაც გიორგი ჯერ პატიოსანი კაცია და მერე კარგი მინისტრი მის ხელსჰი კველაპერი კანონოს პარგლებსჰი მოეგცევა,მარტლაც გმირობის ტოლპასია დგეს მის სამინისტროსჰი მუსჰაობა კველაპერი გამოსასტორებელია,ცარმატებები გიორგი აი ასეტი კაცები უნდა მარტავდნენ სამინისტროებს და მერცმუნეტ კველაპერი კანონის პარგლებსჰი იკნება.
glaxuna
08 სექტემბერი 2014 23:02


ჯერ-ჯერობით პოზიტივი ჩანს,მაგრამ ვნახოთ ,საქმით როგორ, რას გააკეთებს...


არაფერი არ იმალება და არასოდეს არაფერი დაიმალება,ვნახოთ!
....
08 სექტემბერი 2014 17:18
ცნობისთვის: ის ყველაფერი, რაც ამ მინისტრმა ჩამოთვალა, სწორედ რომ მისი წინამორბედი ,,ბეყე" მინისტრის დროს გაკეთდა, ეს მინისტრი კი ჯერჯერობით გაკეთებულის დათვალიერებითაა გართული. რაც შეეხება კრიმინალების დახმარებაზე უარის თქმას, მაშინ მოგიწევთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და ციხეების ხელმძღვანელობაში ნორმალური კადრების დანიშვნა და ნარკომანების მოშორება(ასეთები მრავლად არიან), რადგან ნარკომანის გონება ვერ მუშაობს და ფაქტია, დღეს ციხეები მაყურებლების მეშვეობით იმართება, ეს კი ტრაგედიაა. იდეებით კორიანტელის დაყენება ადვილია, შესრულება - ძნელი. ჟურნალისტიც საკადრო ცვლილებებზე ზოგადად რომ ეკითხება, იქნებ უფრო დეტალურად ჩაძიებოდა, რამდენი თანამშრომელი გაუშვა მინისტრად მოსვლის შემდეგ და რომელი რა საფუძვლით?? თუ ჟურნალისტი დაინტერესდება და ინფორმაციას გამოითხოვს, გაიგებს, რომ საკმაოდ ბევრი თანამშრომელია გაშვებული სამსახურიდან სწორედ მის მიერ და სწორედ იმ საფუძვლით, რომ საკუთარი კადრები უნდა მოეყვანა მათ ადგილზე. სამწუხაროა, რომ ძმაკაცობით და ნაცნობობით თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ დიდხანს დარჩება საქართველოში და სწორედ ამიტომ არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას!

რედაქტორის რჩევით