"მე აღვასრულებ სამართალს!" - კვირის პალიტრა

"მე აღვასრულებ სამართალს!"

"ვიცი, ციხეში მოვხვდები, მაგრამ სასჯელს კაცურად მოვიხდი"

სამართლიანობის აღდგენას ათასობით მოქალაქე ელოდება და გამოძიების დასრულების მოლოდინშია. ამბობენ, რომ საჩივრების შეტანიდან დიდი დრო გავიდა, საქმეების გამოძიება გაჭიანურდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა დაზარალებული მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსება, ისინი იმედგაცრუებული არიან და რაც ყველაზე საგანგაშოა, თავად აპირებენ დამნაშავეებზე შურისძიებას და სამართლის პოვნას.

ამ განწყობაზეა დღეს თამაზ კვარაცხელია. მისი შვილი, პაპუნა კვარაცხელია, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ისე დასახიჩრდა, რომ 29 წლის კაცი დღეს ინვალიდია. მაშინ ბევრი იბრძოლა მამამ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად - სხვადასხვა უწყებას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ვერც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეძლო შვილის დახსნა, სანამ უკიდურეს ფორმას არ მიმართა. ალბათ, საზოგადოებას ახსოვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინ მამაკაცმა ბენზინი რომ გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მაშინ ის ძალოვანებმა გადაარჩინეს. ამის შემდეგ შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაშინდელ მინისტრ სოზარ სუბარს და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

სანამ ბატონ თამაზ კვარაცხელიასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ მისი შვილის, პაპუნას განცხადებას:

"2010 წლის ნოემბრიდან ვიხდიდი სასჯელს და 2011 წლის 10 ოქტომბრამდე გლდანის მე-8 დაწესებულებაში ვიყავი. იქ თითქმის ყოველ მეორე დღეს გავყავდი საკნიდან  ოლეგ ფაცაციას, ალეკო მუხაძეს, იურას, რომლის გვარი არ ვიცი, მაგრამ ამოცნობა შემიძლია, ვინმე "ხონსკის", გაგა მკურნალიძესა და სხვებს. ეს ხალხი მონაწილეობდა ჩემს ცემა-წამებაში. დაკავების დღიდან თითქმის 5 თვე, დღეგამოშვებით, ხან დღეში სამჯერაც, მცემდნენ აღნიშნული პირები უმოწყალოდ. ისინი ჩემგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, ასევე ითხოვდნენ თანამშრომლობას, ანუ აგენტობას და სხვადასხვა მოთხოვნა მიყენებდნენ. უარის მიღების გამო, ძირითადად, ხელებს და წიხლებს მირტყამდნენ, ასე ხდებოდა ჩემს გასამართლებამდე. გასამართლების შემდეგაც გაგრძელდა ჩემი ცემა-წამება. აღარ ერიდებოდნენ სახესა და თავის არეში ხელკეტების ჩარტყმას, წიხლებით ცემას. სასამართლოს შემდეგ ორჯერ კარანტინში ისე ჩამსვეს...

2011 წლის 30 სექტემბერი საშინლად მახსოვს. კარანტინის დაშლის დღე იყო, იქ იყვნენ ოლეგ ფაცაცია, ალეკო მუხაძე, მეტსახელად "კილერა", ვიქტორი, რომლის გვარი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უსაფრთხოების უფროსი იყო. კიდევ ბევრი ჯალათი. ეს საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით 50 კაცი მირტყამდა, ეს არ იყო ცემა, ეს ადამიანის ჩაქოლვა იყო, მირტყამდნენ, მერე გავითიშე და არაფერი მახსოვს, გონზე რომ მოვედი, ტანზე შემოხვეული მქონდა სისხლში გასვრილი ტანსაცმელი, ვერ მივხვდი, სად ვიყავი, ძირს ვეგდე, მთელი სხეული მტკიოდა. სახეზე ხელი რომ მოვისვი, იმხელა კოპები მედგა. ნეკნები სულ დაბეჟილი მქონდა, ტანზე ფეხსაცმლის ძირების კვალი ისევ მეტყობოდა. ერთი ყური იასამნისფერი მქონდა, გადაადგილებას ვერ ვახერხებდი. კარგა ხანს საკანში მყოფი პატიმრები მივლიდნენ. მხოლოდ შარდმდენს მასმევდნენ. ცემის გამო მხედველობა დავკარგე. მერე რუსთავის მე-16 დაწესებულებაში გადამიყვანეს, იქ გონება დავკარგე, ხელ-ფეხი წამერთვა, ვერ ვმეტყველებდი, ასე ვიყავი ორი კვირა, მერე თოდუას კლინიკაში წამიყვანეს და  ტომოგრაფია გადამიღეს. დიაგნოზი მძიმე იყო. საშინელი თავის ტკივილი დღემდე მაქვს. მათ ცხოვრება დამინგრიეს და ჯანმრთელობა არ მივარგა".

მართალია, 29 წლის კაცი დღეს თავისუფალია, მაგრამ მისი ოჯახი დამნაშავეების დასჯას კატეგორიულად მოითხოვს.

თამაზ კვარაცხელია, პაპუნას მამა: - 2011 წლის 29-30 სექტემბერს გლდანის მე-8 დაწესებულებაში სასიკვდილოდ სცემეს ჩემს შვილს. სამი დღის შემდეგ ხელბორკილებით ჩამოკიდეს კედელზე და წყლით სავსე ბოთლს ურტყამდნენ. იმისთვის სცემეს, რომ დაეწერა, თითქოს საწოლიდან გადმოვარდა და იმ დროს მიიღო დაზიანებები. ახალგაზრდა კაცს ცხოვრება დაუნგრიეს, უამრავი დაავადება აქვს. ცემის გამო მხედველობა დაუქვეითდა და 29 წლის კაცი დაინვალიდდა. ფსიქიკური პრობლემებიც შეექმნა. სასტიკად ნაცემი პაპუნა გლდანიდან რუსთავის მე-16 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც 2012 წლის იანვარში ხელ-ფეხი წაერთვა, მეტყველების უნარი დაკარგა... იმდენად მძიმედ იყო,  თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მთავარი ექიმი, ვინმე ბადრი, დაგვიკავშირდა და სათვალისა და მედიკამენტების მიტანა მთხოვა. მპირდებოდა, რომ ჩემი შვილი გამოკეთდებოდა, ასე ვიცოდი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, მაგრამ არჩევნების შემდეგ დამიბარა და მითხრა, თქვენს შვილს სამწუხაროდ, ვერ ვუშველით. ოპერაციასაც არ გირჩევთ, შეიძლება ცოცხალი ვერ ადგეს საოპერაციო მაგიდიდანო. თავზარი დამეცა. დავრბოდი სხვადასხვა უწყებაში, დეპარტამენტში, სამინისტროში. 8 თვე მაწვალეს - ხან რა დოკუმენტს მთხოვდნენ, ხან რას, მიმქონდა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. მინისტრთან შეხვედრაც ვერ შევძელი და ამიტომ გადავწყვიტე თავი დამეწვა სამინისტროს წინ. მაშინ გადამარჩინეს გაგიჟებული მამა და ასე აღმოვჩნდი სოზარ სუბართან. მან გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი და მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს, დაავალა საქმის შესწავლა. თალაკვაძემ ყველაფერი გააკეთა ჩემი შვილის გადასარჩენად. 2013 წლის 25 მაისს პაპუნა გათავისუფლდა ციხიდან...

ახალი ხელისუფლების იმედად ვიყავი, მაგრამ... შვილი გამინადგურეს, არ მინდა, დაუსჯელი დარჩნენ დამნაშავეები, ამიტომ საჩივარი შევიტანე პროკურატურაში. პაპუნა კონკრეტულ პირებს ასახელებს და მითითებული აქვს, ვინ აწამებდა, მაგრამ გლდანი- ნაძალადევის პროკურატურა არაფერს აკეთებს. 2 წელი გავიდა საჩივრის შეტანიდან და დღემდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ქვედა რგოლებში ისევ ძველი თანამშრომლები არიან და ვფიქრობ, საგანგებოდ აჭიანურებენ გამოძიებას. პრემიერ-მინისტრთანაც შევიტანე საჩივარი, მხოლოდ ამის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ პაპუნა დაზარალებულად ცნეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ. ცხადია, ჯალათებს მფარველობენ.

მოთმინების ფიალა ამევსო, ამჯერად თავს არ დავიზიანებ და არც თავს მოვიკლავ, მე უნდა აღვასრულო სამართალი. იძულებული ვარ, ეს ხალხი თავად გავასამართლო. სხვა გზას აღარ მაქვს. ვინც ჩემი შვილის წამებაში მონაწილეობდა, ზოგიერთი ისევ გლდანის ციხეში მუშაობს, ზოგიც სხვაგან. მათ ქუჩაში დავიჭერ, მივიყვან გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის წინ და იქ ძალოვანების თვალწინ აღვადგენ სამართლიანობას. ვიცი, ამის მერე ციხეში მოვხვდები, მაგრამ, ალბათ, მეც არ მომისჯიან დიდ სასჯელს, რადგან მოძალადეებსა და მწამებლებს 4-4 წელი მიუსაჯეს. სასჯელს კაცურად მოვიხდი, იქნებ ასეთი ქუჩური განაჩენის მერე გამოფხიზლდეს მთავრობა, პროკურატურა და ჩემსავით გამწარებულ სხვა ადამიანებს მაინც მიაქციონ ყურადღება. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ გამომძიებლებსა და პროკურორებს, ნუ მიმიყვანენ ამ უკიდურეს ნაბიჯამდე. 2 წელია საჩივარი უდევთ მაგიდაზე, არის უამრავი მტკიცებულება, ექსპერტიზების პასუხები და აღასრულონ სამართალი, თუ არა და ამას მე გავაკეთებ - ამას საჯაროდ ვაცხადებ!

თეა ხურცილავა