ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას
15-09-2014
ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას
15 სექტემბერს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე სპეციალისტები კიდევ ერთ ექსპერტიზას ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას ეროსის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილიც მიიღებს. გარდაცვლილის ოჯახი კიდევ ორი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რომლებიც სავარაუდოდ, ამ დღეებში ჩატარდება.
შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს ავტოფარეხში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ტრაგედიის შესახებ ბევრი კითხვა დღემდე უპასუხოა და რაც მთავარია, უცნობია - მოკლეს თუ თავი მოიკლა. ცნობილია, რომ გარდაცვლილის მანქანა ხელახლა დაათვალიერეს. ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ეს თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოსაჩენად იყო
საჭირო.


- ბატონო ზურაბ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტოფარეხში იპოვეს ნაჭერი...
- ნაჭერმა ჩვენი ყურადღება მიიქცია, რადგან ის მანქანასთან ძალიან ახლოს ეგდო. მასზე იყო ლაქები, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა სახის არის ეს ლაქები. ამას სჭირდება პრეპარატებით და იმ ხელსაწყოებით დამუშავება, რომელიც აქვთ კრიმინალისტებს. შედეგს მოგვიანებით
შევიტყობთ. ეს დასკვნა საქმეში ჩაიდება.

- უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა. ხომ არ არის ცნობილი რომელიმე დასკვნის შედეგი?

- არც ბალისტიკურის, არც ტრაექტორიის და არც ერთი სხვა ექსპერტიზის შედეგი ჩემთვის ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ყველა სახის ექსპერტიზა, რაც საჭიროა სიმართლის დასადგენად. თვალით უხილავი ნაწილაკების შესწავლა დიდ ფართობზე ვერ მოხერხდა, მაგრამ შესწავლილია რამდენიმე კვადრატული მეტრი და ამან საინტერესო შედეგი გამოიღო. ახლა ამ დასკვნას სჭირდება გაანალიზება. შეიძლება აქ იყოს გასაღები. ვიცი, რომ მანქანაში დენთის კვალი აღმოჩნდა, თუმცა, ეს არ არის სენსაცია, რადგან, სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს და გარდაცვლილის ხელებზე, სახეზე, ტანსაცმელზე ამიტომაც იყო დენთის კვალი. გამოძიება გვეუბნება, რომ შედეგები ჩვენ ჯერ არ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ხელის შეშლას არ ვაპირებთ, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა მოხდა იმ დღეს.

- გამოძიებასთან პრეტენზიები არ გაქვთ?
- ამ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, ეს უდავოა. ვფიქრობ, ამას გააკეთებენ კიდეც. მოუთმენლად ველოდები ძიების შედეგს, ვეხმარები გამოძიებას, როგორც შემიძლია და იმედი მაქვს მათი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების. ვფიქრობ, პასუხგაუცემელი კითხვები არ დაგვრჩება.

- საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. თქვენ განზრახ მკვლელობად ითხოვთ საქმის დაკვალიფიცირებას?
- რა თქმა უნდა. შეიძლება პირადი მოტივი იყო, ან - შეკვეთილი მკვლელობა...

- გამოძიების პარალელურად დამოუკიდებელ გამოძიებას ხომ არ ატარებთ?
- არა, რადგან პარალელური გამოძიება ძალიან კვალიფიციურ გამოკვლევას ნიშნავს, ამისთვის სათანადო აღჭურვილობაც უნდა ჰქონდეს იმ ჯგუფს, რომელსაც ამას ანდობ და პრაქტიკული გამოცდილებაც. საქართველოში ძნელია ასეთი ჯგუფის პოვნა, სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანაც არ არის ადვილი, ამიტომ იმედს გამოძიებაზე ვამყარებ. ჩვენი ჩატარებული კვლევით რამდენიმე ყურადსაღები გარემოება გამოვლინდა. სწორედ ასეთი გარემოებების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ ეროსის თავი არ მოუკლავს. 15 სექტემბერს  ჩატარდება მიკრონაწილაკებისა და სხვა სახის ექსპერტიზა. ისევ მანქანის ირგვლივ ვტრიალებთ...

თეა ხურცილავა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით