ლაშა ტუღუშის კომპიუტერზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა - კვირის პალიტრა

ლაშა ტუღუშის კომპიუტერზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

"შეიძლება სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებული და გაზეთის რედაქტორის ინფორმაციის მოპოვება სურთ"

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ მის კომპიუტერზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. მან უკვე მესამედ მიიღო შეტყობინება პროვაიდერი კომპანია "იაჰუსგან", რომ მისი კავშირი არ არის დაცული და შესაძლოა, ვიღაც შეტევას ახორციელებს მის ფოსტაზე, ან უკვე განახორციელა და მოიპარა მისი პაროლი, მესიჯები ან საკრედიტო ინფორმაცია. ამ ფაქტს ლაშა ტუღუში შემაშფოთებელს უწოდებს და შესაბამის სამსახურებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ლაშა ტუღუში: - უკვე მესამედ მივიღე ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაცია როგორც პერსონალურ, ისე სამსახურის კომპიუტერზე, რომ მაქვს პრობლემა, ვიღაც აპირებს გატეხას ან უკვე გატეხა ჩემი ფოსტა. ადრეც მქონია რთული სიტუაციები, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიყვარდა. ჩემი ფოსტიდან, ჩემი ტელეფონის ნომრიდანაც გაუგზავნიათ მესიჯი სხვა ადამიანთან, მერე გადმოურეკავს ადრესატს და უკითხავს, ეს რა მესიჯი გამომიგზავნეო. წინა ხელისუფლების დროსაც იყო მსგავსი შემთხვევები და ახლაც არის. პოლიტიკური შინაარსის იყო ის მესიჯები, მაგრამ ჩემს ფოსტაში შეღწევა პირველად დაფიქსირდა. ამ ფაქტის შემდეგ ვაპირებ, განსაკუთრებულ ზომებს მივმართო, რომ კორესპონდენციები დაცული იყოს. როგორც ჩანს, მზვერავებს უნდა დავემსგავსოთ. მედიის წარმომადგენელი ვარ, ბევრი კონფიდენციალური ინფორმაცია მოდის და ჩემი მიმოწერა უნდა იყოს დაცული.

- ამ ფაქტს რას უკავშირებთ?

- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მომიწია პრესკონფერენციების მოწყობამ და არაერთი მწვავე განცხადება გავაკეთე, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები მაქვს, თუმცა, კონსტრუქციული. ეს ეხებოდა მედიას, ხელისუფლების შტოებს. შესაძლოა, ამას უკავშირდება. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც პოლიტიკურ განცხადებებთან კავშირშია, შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. ფაქტი საგანგაშოა და პერსონალურ მიმოწერაში არავინ უნდა ჩაყოს ცხვირი.

- ბატონო ლაშა, სამართალდამცავებს თუ მიმართეთ ფაქტის გამოძიების თხოვნით?

- ოფიციალური განცხადებით არ მიმიმართავს და არც ვაპირებ. პრესაში საჯარო განცხადება საკმარისია იმისთვის, რომ მოკვლევა დაიწყონ. ცხადია, რომ ამას ვერ მოიგონებ. წინა ხელისუფლების დროს ეს იყო სტანდარტი, ახლაც არ უნდა განმეორდეს მსგავსი ფაქტები. არავის ვადებ ხელს, არ ვამბობ, რომ ამას ეს ხელისუფლება აკეთებს. იმედია, ყურადღებით იქნება ყველა, მათ შორის - ხელისუფლება, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს ქვეყანაში. როცა გაზეთის რედაქტორი ხარ, შეიძლება ბევრს აინტერესებს, რა მიმოწერა გაქვს. ჟურნალისტურ გამოძიებებს ვატარებთ და ჩემთან უამრავი ინფორმაცია იყრის თავს. დაინტერესებული ხალხი არსებობს.

მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ამას აკეთებს, ეს არ შეიძლება! მივმართავ ყველას, ასეთი ფაქტი ხდება და დაინტერესდნენ. გამგები გაიგებს და მოახდენს რეაგირებას. არ არის აუცილებელი, პოლიციას განცხადებით მივმართო. დღესვე დავიწყებ მოქმედებას, დამატებით კონსულტაციებს გავივლი, რომ თავი დავიცვა მსგავსი ქმედებებისგან და პირად კომპიუტერში განსაკუთრებული დაცულობით ვიმუშავებ. ისიც ცხადია, სხვის ინფორმაციაში შეღწევას სჭირდება გარკვეული ცოდნა... შეიძლება სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებულნი ან სპეციალური ჯგუფი არსებობს, რომელსაც გაზეთის რედაქტორის ინფორმაციის მოპოვება სურს.

- თქვით, რომ თქვენი ტელეფონის ნომრით სხვა პირებთან იგზავნება მესიჯები, კონკრეტულად, შეგიძლიათ გვითხრათ, რა შინაარსის მესიჯებზეა საუბარი და ვის გაეგზავნა?

- არ მინდა ამაზე დეტალურად საუბარი. ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. ბოლოს გაიგზავნა ერთ პოლიტიკოსთან და მკვეთრი პოზიცია იყო გამოხატული. არ მინდა შინაარსის აფიშირება. ასევე ყოფილა გაგზავნილი მეილიდანაც წერილები. იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან.

Iთ-სპეციალისტი ალეკო ნინიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და უცხო პირებისგან მიღებულ შეტყობინებებს ნუ გახსნიან და ნუ მიიღებენ. მისი თქმით, შესაძლოა, ამ გზით თქვენს კომპიუტერში "ჯაშუში" აღმოჩნდეს და თქვენი ყველა ინფორმაცია სულ მარტივად იყოს ხელმისაწვდომი უცხო პირისთვის.

ალეკო ნინიაშვილი: - პროგრამა, რომელსაც ჰქვია "ქეეროგერი", ანუ ჯაშუში, თუ თქვენს კომპიუტერში მოხვდა, მაშინ შეიძლება თქვენს კომპიუტერში განხორციელებული ყველა მოქმედება სხვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ანუ, თუ კომპიუტერში დაყენებულია კლავიატურის "ჯაშუში", ნებისმიერ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გახდის მსურველისთვის. შეიძლება ეს პროგრამა გამოგიგზავნონ ფოსტაზე ან სკაიპით და თქვენ შემთხვევით მიიღოთ, ან შემთხვევით გადმოწეროთ ინტერნეტიდან და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება...

ასევე არის ვირუსული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს პაროლების გაგზავნას კონკრეტულ მისამართზე. ამ ვირუსს შეუძლია თქვენი პაროლები დააზიანოს და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. რაც შეეხება კომპანია "იაჰუს", ძალიან ძლიერი კომპანიაა და მისი ფოსტის გატეხა ადვილი არ არის, მაშინ ეს ნიშნავს მთელი სერვერის გატეხას. შესაძლოა, ბატონი ლაშა ტუღუშის ფოსტაში შეღწევა ვიღაცამ სცადა და ეს პროვაიდერმა დაბლოკა, რადგან არასანქცირებული შეღწევა იყო. თუ საიდან ცდილობდნენ მასთან შეღწევას, ამის გარკვევა თვითონ ამ კომპანიაში შეიძლება.

თეა ხურცილავა