დამწვარი ბიზნესის ქრონიკა
22-09-2014
დამწვარი ბიზნესის ქრონიკა
"100.000 ლარი დავაწესე მისთვის, ვინც გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას"

16 სექტემბერს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი უამრავი ადამიანი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევის ვერსიაზე ლაპარაკობს.
სამწუხაროდ, ეს შემთხვევა პირველი არ არის. ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიწვა, მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა გორისა (იანვარში) და სენაკის ბაზრები (აგვისტოში). მოვაჭრეები ამ შემთხვევაშიც ბაზრის შეგნებულად დაწვაზე მიუთითებენ. ზემოჩამოთვლილი გახმაურებული შემთხვევებიდან გამოძიება მხოლოდ ერთზე - გორის ბაზრის ხანძარზე დასრულდა და დადგინდა, რომ
ცეცხლი ელექტროენერგიის გაყვანილობამ გააჩინა.

მანამდე, გასულ წელს, თბილისში კიდევ ორი მნიშვნელოვანი ობიექტი დაიწვა: აკვაპარკი და სავაჭრო ცენტრი "საბა". ზარალი მილიონობით ლარს ითვლის.
საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ასეთ მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ხანძარს ხელოვნურად აჩენენ, რის უკანაც შესაძლოა, ფინანსური ან სხვა ტიპის ინტერესი იდგეს.


სააქციო საზოგადოება
"შოდას" (ე.წ. ბოშების ბაზრობის მფლობელი) დირექტორი სპარტაკ ჩალაძე გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს.

- ხანძარმა 3 000 კვმ ფართობი მოიცვა, ყველაფერი ნაცარტუტად იქცა.
ზოგი იმასაც ამბობს, დირექციამ დაწვა ბაზრობაო. რატომ დავწვავდით, ეს ხომ კერძო საკუთრებაა.
ბაზრის რეკონსტრუქციის შესახებ მერიაში პროექტი გვქონდა შეტანილი, უკეთესი პირობები და შენობები რომ გვქონოდა, მერიც ბრძანდებოდა ადგილზე, ეს ყველამ იცის და მისი გადაწვა რაში გვჭირდებოდა?

- გამორიცხავთ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყოს გამოწვეული? ვინმეზე ხომ არა გაქვთ ეჭვი? გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის წინადღეს ბაზრობის ხელმძღვანელობას "შავი სამყაროს" წარმომადგენლები ესტუმრნენ და "დაკრიშვა" შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს...

- სანამ გამოძიების დასკვნა არ იქნება, ვერაფერს მოგახსენებთ. გამომძიებელმაც მკითხა, ეჭვი ვისზე გაქვთო. ეგ რომ ვიცოდე...
ზოგმა მოვაჭრემ, რომელსაც დახლზე სამი ჩანთა და 20 წინდა ჰქონდა, ისიც თქვა, 50.000 ლარი ვიზარალეო და მართალია?

ჩვენ დავინტერესდით, დასრულდა თუ არა გამოძიება და რა დაადგინა მან შარშან "საბასა" და აკვაპარკში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზეც.

პაატა კაჭარავა, სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელი:
- ცხადია, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული, ეს ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს. ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის - ალტერნატიულიც, და ყველამ გამორიცხა ხანძრის მოკლე ჩართვის გამო გაჩენა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, შეიძლებოდა მეტი აქტიურობა გამოეჩინა შესაბამის უწყებას, დაეკითხათ დაცვის თანამშრომლები. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ვიღაცას რომ ეს ხელს აძლევდა, ცხადია. ხანძრის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. არც ის არის გამორიცხული, ვინმეს ავეჯი შემოეტანა და კაცმა არ იცის, შიგ რა ყოფილიყო დამონტაჟებული. შარშან პრემია - 100.000 ლარი დავაწესე მისთვის, ვინც გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას და სწორ კვალზე დააყენებდა, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის.

დღემდე ბევრი სავაჭრო ობიექტი გადაიწვა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის. ალბათ, მათ ინტერესებში, ვინც არჩევნები წააგო, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი გამოიწვიონ, ახალი მთავრობა კი უუნარობაში დაადანაშაულონ.

"საბას" შემდეგ, ხანძარი თბილისის აკვაპარკს მოედო.
თბილისის აკვაპარკში ხანძარი გასული წლის 16 ივლისს, საღამოს გაჩნდა. დაიწვა სამი ერთმანეთისგან დაშორებული შენობა. თავის დროზე საუბრობდნენ, რომ აკვაპარკშიც ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა.

ამირან გიგუაშვილი, ადვოკატი, შპს "ევროპარკის" წარმომადგენელი: - საწყის ეტაპზე ჩვენ არც არაფერს გამოვრიცხავდით და არც ვამტკიცებდით. გამოძიება დასრულდა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის ნაწილში. გეთანხმებით, რომ დროის თვალსაზრისით ერთდროულად დაიწყო ხანძარი სხვადასხვა წერტილში, რაც ძალზე საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად, კატეგორიულად არის მითითებული, რომ ეს იყო მოკლე ჩართვისგან გაჩენილი ხანძარი და, შესაბამისად, ჩვენ ვენდობით დასკვნას.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით