"შვილი მეორედ მომიკლეს" - კვირის პალიტრა

"შვილი მეორედ მომიკლეს"

"ამ 9 თვის განმავლობაში გამომძიებელი გვეუბნებოდა,  ვიცი, არა ხართ დამნაშავეები, მაგრამ მეორე მხარეს მიცვალებულიაო"

"წიხლები მანამდე ურტყა წაქცეულს, სანამ არ დაიყვირეს, ბიჭი მოკვდაო"

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოტანილ განაჩენს ხმაური მოჰყვა - შვილმკვდარი დედა განაჩენს აპროტესტებდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ 4 ბრალდებული: ძმები, ტარიელ და კახა წურწუმიები, მათი ბიძა, 55 წლის ზურაბ წურწუმია და ბიძის მეგობარი, 50 წლის აკაკი გვასალია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებოდათ, რამაც სიკვდილი გამოიწვია. განაჩენის დღეს შინ მისულმა სასოწარკვეთილმა დედამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა...

ირა ფიფია, გარდაცვლილი ჯემალ (ჯინი) შელიას დედა: "მოსამართლემ შვილი მეორედ მომიკლა. დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში, თუ არა და, იძულებული ვიქნები, უკიდურეს ფორმას მივმართო, ან უვადო შიმშილობას დავიწყებ, ან მე აღვასრულებ სამართალს. 2013 წლის 24 დეკემბერს ჩემი შვილი საღამოს 10-ის ნახევარზე გიგა პავლიაშვილმა და ვაჟიკო კვარაცხელიამ სახლში ძლივს შემოიყვანეს. ბიჭი სულ სველი იყო, სახიდან სისხლი სდიოდა. კეფასთან დაზიანება ჰქონდა. საავადმყოფოში საოპერაციოდ რომ შეიყვანეს, ვემუდარებოდი, შვილი გადამირჩინეთ-მეთქი, მაგრამ... გამაგებინეთ, თუ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ, რატომ დააკავეს ან რატომ გამოუშვეს? ტარიელ წურწუმია მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევია, ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, აკაკი გვასალია ნარკომანია და რამდენჯერმე ნასამართლევი, ისიც ამნისტირებულია. ზურაბ წურწუმია არ მალავს, რომ  მხედრიონელია. ასეთმა ხალხმა მომიკლა შვილი. მოწმეების ჩვენებით, კახა წურწუმია სცემდა უმოწყალოდ, ყველა ამბობს, წიხლები მანამდე ურტყა წაქცეულს, სანამ არ დაიყვირეს, ბიჭი მოკვდაო. კახა წურწუმია პროცესზე ჩემი შვილის მეგობრის დედამ, ელზა კობახიძემ ამხილა. პროკურორმაც თქვა პროცესზე, ბიჭს თავი დაუჩეჩქვეს წიხლებითო.

ახლა მკვლელები აქეთ ცდილობენ მიცვალებულზე გადმობრალებას. თურმე, დაეცა ჩემი შვილი და გაიტეხა თავი.

მეორე ვერსიაც შემოგვთავაზეს, ალბათ, იჩხუბეს მეგობრებმა და იმ დროს გაუხეთქეს თავიო...

10 წელი შვილი არ მყავდა, მეუღლე ადრე გარდამეცვალა... შევფიცე, რომ პატიოსნად გავზრდიდი ჩვენს პატარას. არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, დამლაგებელიც ვიყავი, ძიძაც, აღმზრდელიც... სულ შრომაში ვიყავი. ბავშვი სტიქაროსანი იყო. ეკლესიურად მირიანს ეძახდნენ. ბერად უნდოდა აღკვეცა, მაგრამ შევეწინააღმდეგე, ამქვეყნად შენს მეტი არავინ მყავს-მეთქი. ისიც შრომობდა და მეხმარებოდა. ახლა არც დედა ვარ, აღარც ოჯახი მაქვს. ვერ გავიგე, ვინ ტყუის, პროკურატურა თუ მოსამართლე? მითხარით, სად ვიპოვო სამართალი?!.."

წურწუმიები გარდაცვლილის მეზობლად ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ჯემალ შელიას  ახლობლები მათ ემუქრებიან და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ.

კახა წურწუმია: "იმ დღეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ ბიძაჩემი და მისი მეგობრები, თითო ჭიქა დალიეს და წავიდნენ. მე და ჩემს ძმას არ დაგვილევია. რომ გავაცილეთ, მერე ვიფიქრე, დავეწევი და ტაქსის ფულს გადავუხდი-მეთქი... როგორც ბიძაჩემის მეგობარმა აკაკი გვასალიამ მითხრა, გამყიდველ ქალთან მოუხდა კონფლიქტი. უთქვამს, 5 ლარის ხილი ჩამილაგეო, იქ მდგომ ახალგაზრდას კი უხეშად მიუმართავს, თვითონ ჩაალაგეო. გამყიდველი იმისთვის არის, რომ მომემსახუროსო, - უთქვამს გვასალიას. კარგი, მაშინ ვნახოთო და ბიჭი წასულა. ის გამყიდველის შვილი ლევან კობახიძე იყო. ამის მერე გამოცვივდნენ მისი მეგობრები და დაესივნენ გვასალიას. ლევან კობახიძეს ხელში დანა ჰქონდა. ბიძაჩემი ზურაბ წურწუმიაც იქ იყო. მე ბოლოს მივედი და კობახიძის მეგობარმა, პავლიაშვილმა დამარტყა. მეც დავარტყი. მაშინ დავინახე, ძირს ბიჭი ეგდო. გადავუდექი მანქანას, მძღოლს ბოთლით წყალი ვთხოვე და იმ ბიჭს მივასხი. მაშინ არც თავი ჰქონდა გახეთქილი და არც სისხლი სდიოდა. ალბათ, მერე ერთმანეთში მოუხდათ შელაპარაკება.

- თქვენ პირდაპირ გამხელენ შელიას ცემაში.

- იმიტომ, რომ ბებიაჩემმა თქვა, კარატეზე დადიოდაო. მე რომ იქ მივედი, ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. მეორე დღეს დაგვაკავეს მე და ჩემი ძმა. მერე გვასალია და ბიძაჩემიც დააკავეს. ჩემს ძმას ხელი ჰქონდა მოტეხილი, ტარიელი ამბობს, რკინის ნაჭერი მომიქნიესო. გამოძიებამ ეს ფაქტი დამალა, დამალა ისიც, რომ ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებულები. ამ 9 თვის განმავლობაში გამომძიებელი გვეუბნებოდა, ერთ-ერთმა ძმამ აიღეთ საკუთარ თავზე, რად გინდათ ამდენი წვალება. ვიცი, არ ხართ დამნაშავეები, მაგრამ მეორე მხარეს მიცვალებულიაო".

მერაბ ჩიქოვანი, ბრალდებულების ადვოკატი: - დადასტურდა, რომ პროკურატურას სასამართლოში წარმართული ჰქონდა გამოუძიებელი საქმე. კერძოდ, ვერ დასტურდებოდა, რომ წურწუმიები იყვნენ ნასვამები, არც ექსპერტიზის დასკვნა ჰქონდათ საქმეში და არც სხვა მტკიცებულება, გარდა ჯიხურის გამყიდველის ჩვენებისა".

პროკურორი ჯემალ ლომსაძე ფიქრობს, რომ მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დარწმუნებულია, აპელაციაში აღდგება სამართალი.

- ბრალდებულების ჩხუბში მონაწილეობა რატომ არ ჩათვალა მოსამართლემ ხულიგნობად, არ ვიცი. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ბიჭები შეიარაღებული იყვნენ, არ დასტურდება. არავინ ამბობს, რომ ლევან კობახიძეს დანა ჰქონდა. ის ისე სცემეს, 20 დღე იწვა ტვინის შერყევით. გიგა პავლიაშვილიც ისე დაშავდა, სპორტსმენი ბიჭი სპორტს უნდა გამოემშვიდობოს. გამყიდველს უხეშად მოექცნენ და ქალს შვილი გამოესარჩლა. ამის შემდეგ ისე სასტიკად სცემეს ეს ბიჭები, რომ შელია გარდაიცვალა... სისხლის კვალი კი იმიტომ არ არის ასახული ოქმში, რომ მართლაც არ სდიოდა ბევრი სისხლი - თავში ეღვრებოდა და ჰემატომები განუვითარდა. შელიას ტანსაცმელზე დიდი ოდენობით სისხლი, რომ ყოფილიყო არავინ დამალავდა. რაც შეეხება სველ ტანსაცმელს, მას მოსასულიერებლად წყალი საღამოს 9 საათზე გადაასხეს, ტანსაცმელი კი მეორე დღეს ამოვიღეთ, ამ პერიოდში ქურთუკი გაშრა.

დარწმუნებული ვართ, სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და შურისძიებაზე არ იფიქრებს დაზარალებული.

თეა ხურცილავა