"ამ ექსპერტიზით დავრწმუნდი, რომ ეროსის მანქანაში მკვლელი იჯდა"
29-09-2014
"ამ ექსპერტიზით დავრწმუნდი, რომ ეროსის მანქანაში მკვლელი იჯდა"
26 სექტემბერს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდა. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში მოხდა გასროლა...

ზურაბ კიწმარიშვილი, გარდაცვლილის ძმა: - გაირკვა, რომ ეროსი ზურგით ძალიან მჭიდროდ, თითქმის მიტმასნილი იყო სავარძელზე, რაც მიჩენს ეჭვს, რომ მანქანაში ვიღაც იჯდა... ვნახოთ, რას დაწერს ექსპერტი, მაგრამ ჩემი ვერსია, რომ მკვლელი უკან იჯდა, მყარდება. როგორც ჩანს, ის უკნიდან აკავებდა გარდაცვლილს. ვფიქრობ, იქ იყო მკვლელი ან მკვლელები.

ამ დღეებში მოვითხოვ დაზარალებულად ცნობას. იმედია, ამის
შემდეგ ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ექსპერტიზების გარდა სხვა მასალებიც. თუნდაც მიმდებარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერები. სწავლობენ ტელეფონის, პლანშეტის, კომპიუტერის ინფორმაციებსაც, იმედი მაქვს, ყველაფერს გავეცნობი. ძალიან მინდა ვნახო, ვინ მოძრაობდა სახლის გარე პერიმეტრზე...

- დიდი დრო გავიდა ფაქტიდან, ხომ არ აივსო თქვენი მოთმინების ფიალა?
- მოუთმენლად ველი სიმართლეს და
კიდევ ერთ ამდენს მოვითმენ, ოღონდ არაფერი დარჩეს ყურადღების მიღმა და მივიღოთ არგუმენტირებული დასკვნა.

დამოუკიდებელ ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილსაც მიაჩნია, რომ ძალიან მჭიდროდ და არაბუნებრივად იჯდა ეროსი სკამზე. მას ასევე საეჭვოდ მიაჩნია მანქანაში სამზეურების ჩამოწევა - ავტოფარეხში მდგარ მანქანას ორივე მხარეს ჩამოწეული ჰქონდა სამზეური(>?!). რაც შეეხება იარაღს, ბალისტიკური ექსპერტიზით დადგენილია, რომ ის საბრძოლო მოქმედებაში იყო დატოვებული - ჩახმახი შეყენებული ჰქონდა, ტყვია სავაზნეში იყო. ისიც ცნობილია, რომ მოხდა მიბჯენით გასროლა, თუმცა იარაღზე ეროსის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა...

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასროლა მიბჯენით არის ნაწარმოები. გარდაცვლილს თავი არაბუნებრივად, უკიდურესად უკან ჰქონდა გადაგდებული და ეს აჩენს ეჭვს... თან ღვედიც შეკრული ჰქონდა", - ამბობს ალთუნაშვილი.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა გარდაცვლილი მანქანაში შემდეგ მოათავსეს, ექსპერტი კატეგორიულად გამორიცხავს...

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით