"მალე ჟვანიას გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარდება" - კვირის პალიტრა

"მალე ჟვანიას გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარდება"

"ფირზე ჩანს, რომ ლევან ჩაჩუა იუსუპოვის გვამს არც მიჰკარებია, ჟვანიას გვამს კი ერთხელ, რამდენიმე წამით უახლოვდება"

კვლავაც უპასუხოა კითხვა: რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს #53-ში, მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა პრემიერი ზურაბ ჟვანია? ვინაიდან საქმის გამოძიება გაჭიანურდა, საზოგადოება ეჭვობს, რომ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების საქმის გამოძიება ჩიხში შევიდა. როგორც ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი ამბობს, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული და მისი დასრულების შემდეგ, გვამის ექსჰუმაციაც ჩატარდება.

- მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა გახდა ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი. თუ ეს არ იყო მოწამვლა, გამოძიება გადავა შემდგომ ეტაპზე...

- ექსპერტ ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ედება ბრალი.

- მან სრულად არ აღწერა და გამოიკვლია გარდაცვლილების სხეულებზე არსებული საეჭვო უბნები (ლაქები), რომლებიც კვლევის საგნად უნდა ქცეულიყო. ამან კი ხელი შეუშალა სრული გამოძიების ჩატარებას. ჟვანიას აქვს საეჭვო უბნები ქალა-სარქვლის შიგა და გარე მაგარ გარსზე, იუსუპოვს კი გულმკერდის არეში. ასევე, არ შესწავლილა იუსუპოვის თითის ფალანგზე არსებული ნაჭდევიც.

- ცხრა წლის შემდეგ ექსჰუმაციით შესაძლებელია ამ დაზიანებების ან  CO-ს კვალის დადგენა?

- გვამებზე რბილი ქსოვილი, ალბათ, აღარ იქნება. ექსპერტები ამბობენ, რომ ძვლის გამოკვლევით შესაძლებელია ამის დადგენა. თუმცა, რა და როგორ იქნება, წინასწარ თქმა შეუძლებელია.

- ჩვენთან ინტერვიუში ლევან ჩაჩუა საუბრობდა ვიდეოფირებზე, რომლებიც შსს-ს და პროკურატურას ჰქონდა და რომელიც ექსპერტიზის მიმდინარეობას სრულად ასახავდა. სად ინახებოდა აქამდე ისინი და რა არის მასზე აღბეჭდილი?

- ვნახეთ ფირი, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სეიფში ინახებოდა. იქვე ინახებოდა ჟვანიასა და იუსუპოვის გვამების ფოტომასალაც. მას შემდეგ, რაც პროკურორად არჩილ კბილაშვილი დაინიშნა, მტკიცებულებები მას გადაეცა და დაილუქა. ფირზე ჩანს ექსპერტიზის მიმდინარეობა, ჟვანიასა და იუსუპოვის გვამების გაკვეთა-დათვალიერება. ჩაჩუა იუსუპოვის გვამს არც მიჰკარებია, ჟვანიას გვამს კი ერთხელ, რამდენიმე წამით უახლოვდება.

- მაშ, ვინ გაკვეთა გვამები?

- ვინ და, სანიტრებმა! ჩაჩუა არაჯეროვნად მოეკიდა სამსახურებრივ მოვალეობას.

- რა მოტივით გამოეყო ჟვანიას ძირითად საქმეს ჩაჩუასა და ხარშილაძე-ძაძამიას საქმე?

- ეს საქმე ძირითადი საქმიდან გამომდინარეობდა და იმის გამო, რომ ამ სამი პირის ბრალეულობა დადასტურდა, ეს ეპიზოდი გამოეყო ძირითად საქმეს და წარიმართა სასამართლოში. ძაძამიასაც და ხარშილაძესაც ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. მათ ევალებოდათ, შეესწავლათ ყველა ის ობიექტი, სადაც უნდა მისულიყო ჟვანია. ასე იყო კანონში და ჟვანიასა და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებების გეგმაში. მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ დასაცავი ობიექტის დატოვება.

- როდის დასრულდება ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება?

- კონკრეტულ ვადას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პროკურატურა დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს გამოძიება.

ნანა ფიცხელაური