ვინ გაურიგდა "კანონიერ ქურდებს" - კვირის პალიტრა

ვინ გაურიგდა "კანონიერ ქურდებს"

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც დაბეჯითებით ითხოვს. რას გადაწყვეტს ალექსანდრე ჭიკაიძე, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია მთავარი თემა, რის შესახებაც უმცირესობა ქვეყნის პირველ პოლიციელს საკანონმდებლო ორგანოში იხმობს.

ყოფილი ხელისუფლება საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელ ტენდენციაზე საუბრობს.

რამდენად საფუძვლიანია "ნაციონალების" განცხადება და თავად ყოფილი ხელისუფლება იყო თუ არა თავისუფალი "შავი სამყაროს" გავლენისგან? ამის გარკვევას იურისტ ლია მუხაშავრიასთან ერთად შევეცადეთ, რომელიც ევროსასამართლოში ერთ-ერთი ცნობილი "კანონიერი ქურდის", ტარიელ ფოცხვერიას ინტერესებს იცავს.

ლია მუხაშავრია, ადვოკატი:

- დიახ, მე მყავს კლიენტი, რომელიც "კანონიერი ქურდობისთვის" გაასამართლეს და ახლა ხელმეორედ ასამართლებენ. საუბარია ტარიელ ფოცხვერიაზე. ის, რაც მის თავს ხდება, მაფიქრებინებს, რომ არანაირი თანამშრომლობა ხელისუფლებასა და "კანონიერ ქურდებს" შორის არ ხდება. მე უფრო პირიქით მგონია. უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფი გახლავთ და მიუხედავად ამისა, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება ვერავინ გადაწყვიტა, არადა, ამას კანონიც მოითხოვს და არსებობს არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. როდესაც ასეთია დამოკიდებულება პატიმრის, მათ შორის "კანონიერი ქურდის" მიმართ, ძნელია რაიმე თანამშრომლობაზე იფიქრო. ჩემი ვარაუდით, გარიგება მოხდა მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის, რომ მაქსიმალურად იზოლაციაში ჰყავდეს ეს ხალხი და კიდევ უფრო გატეხონ წელში. ვფიქრობ, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პირადი უსაფრთხოება.

- თქვენ ახსენეთ ტარიელ ფოცხვერია, რომლის ფარული აუდიოჩანაწერებიც მოვისმინეთ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში... ამ ჩანაწერებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი სხვებთან ერთად ციხიდან აკონტროლებს კრიმინალურ სიტუაციას...

- სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ტარიელ ფოცხვერიაზე ითქვა მტკნარი სიცრუე, თითქოს მან პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ციხის საკანში ვიღაცა ქურდად აკურთხა. ეს იყო სრული აბსურდი, ვინაიდან ზუსტად იმ პერიოდში ფოცხვერია ონკოლოგიის ცენტრში იწვა და ციხეში ვერავის "კურთხევას" ვერ შეძლებდა. მასთან პალატაში სისტემატურად მორიგეობდა ავტომატით შეიარაღებული ოთხი სპეცრაზმელი. ეს დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციითაც, ამიტომაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპების დარღვევა. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური სიყალბე გავრცელდა ახლაც ეკა კვესიტაძის გადაცემაში. დაუდგენელია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, რომლებიც ამ გადაცემაში გამოჩნდა. იმ პერიოდში ტარიელ ფოცხვერიას გაუკეთდა  ოპერაცია, მას ჰქონდა ხორხის კიბო, რის გამოც ამოკვეთეს ხორხი და ახლა ვერ ლაპარაკობს.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ე.წ. "ავტორიტეტები" ციხიდან აკონტროლებდნენ კრიმინალურ ვითარებას?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხდება, თუ ადმინისტრაცია არ არის ჩართული ამ საქმეში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. გარწმუნებთ, რომ სისტემაში შეიცვალა მხოლოდ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები. ყველა დანარჩენი - ვგულისხმობ ციხეების ადმინისტრაციას - იგივე დარჩა. ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე მოიყვანა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამიტომ,თუ რაიმე დანაშაული ხდება, თუ შიგნიდან მყარდება კომუნიკაცია კრიმინალურ სამყაროსთან, ეს ისევ და ისევ ციხის ადმინისტრაციის ბრალია,

თუმცა ვიმეორებ, ადმინისტრაციისა და ხელისუფლების გაიგივება არ შეიძლება.

- არადა, სწორედ ხელისუფლების მიმართ ისმის ბრალდება, რომ მათი ხელშეწყობით ქვეყანაში რამდენიმე "კანონიერი ქურდი" შემოვიდა და მათ ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტია... შეგახსენებთ "რემენას" მაგალითს...

- ეს მართლაც რთული საკითხია. თუ ხელისუფლება ამას არ სჩადის, საჭიროა  დამაჯერებლად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საზოგადოებას.

სანამ ეს არ მოხდება, ყოველთვის იქნება ვარაუდი, რომ ხელისუფლება ბინძურ გარიგებას დებს ამა თუ იმ პირთან, მათ შორის - ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან,რომლებთანაც ინდივიდუალურად იგეგმება გარკვეული ოპერაციები, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი აქვს. ქურდულ სამყაროსთან ერთეული გარიგებები ხდებოდა ყველა ხელისუფლების, მათ შორის სააკაშვილის და მით უმეტეს, შევარდნაძის დროს. არ არის გამორიცხული, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდებოდეს.

არსებული ინფორმაციით, ამ გარიგებებზე უარს არც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობდა, რომელიც დღეს მთავარი ბრალმდებლის როლში გვევლინება. მაგალითისთვის საკმარისია გავლენიანი "კანონიერი ქურდის" - ბაიკო ქუთათელაძის შემთხვევაც. ქუთათელაძე 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში, დააკავეს. იგი საქართველოში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარ ითხოვა გარანტია, რომ ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და "კანონიერი ქურდი" ქუთაისში ჩასვლამდე დააკავეს.

იმ დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე გახლდათ. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ის იხსენებს, როგორ დაურეკა ღამის 2 საათზე ზურაბ ადეიშვილმა და სასწრაფოდ თბილისში მოსამართლის გამოგზავნა სთხოვა.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: - ქუთათელაძის პატიმრობა გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე. ერთ ღამეს დამირეკა ზურაბ ადეიშვილმა და მითხრა, რომ ბაიკო უნდა გაესამართლებინათ თბილისში, თანაც - დაუყოვნებლივ, ამიტომ შენი მოსამართლე თბილისში უნდა ჩამოვიდესო.

- რატომ მაინცდამაინც ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე?

- იმიტომ, რომ ქუთაისის განსჯადი საქმე იყო, რადგან თავიდანვე ქუთაისის პროკურორს დააწერეს. მე ადეიშვილის მითითების შესაბამისად, მართლაც დავურეკე მოსამართლე კოზმავას, რომ მომზადებულიყო თბილისში გასამგზავრებლად. ასევე გვიან ღამით გააღვიძეს ქუთაისის პროკურორი და ორივე სასწრაფოდ ჩაიყვანეს თბილისში, მიიყვანეს მე-7 საპყრობილეში. პროცესიც იქვე სახელდახელოდ ჩატარდა. მანამდე მოსამართლეს ჰქონდა მითითება, ქუთათელაძეს დაკისრებოდა მინიმალური ჯარიმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი.

- იმავე ღამეს გაათავისუფლეს?

- დიახ, იმავე ღამეს გამოიყვანეს ციხიდან. როგორც ამ მოსამართლემ და პროკურორმა მითხრეს, ქუთათელაძეს ციხის გარეთ ელოდებოდა ორი ავტომობილი - "მერსედესი" და ლიმუზინი.

ლიმუზინთან "კანონიერ ქურდს" დახვდა სერგეი ივანოვი. მაშინ, თუ არ ვცდები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ. შემდეგ, როგორც ქუთაისში ბაიკოს ნათესავებისგან გავიგე, პირადად ივანოვმა სთხოვა სააკაშვილს, გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, გვარად ქუთათელაძე.

ესკორტი მივიდა თბილისის აეროპორტში და გამთენიისას ერთად გააცილეს ქუთათელაძე და ივანოვი მოსკოვში. ეს შეუძლიათ დაადასტურონ იმ მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმაც, რომლებიც მე-7 საპყრობილეში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ.

ვახო ბერიძე