"კაცი ცეცხლმოკიდებული სახლის წინ მშვიდად იდგა და იმეორებდა, ღირსი იყოო"
06-10-2014
"კაცი ცეცხლმოკიდებული სახლის წინ მშვიდად იდგა და იმეორებდა, ღირსი იყოო"
"მამამ ბავშვებს აყურებინა, როგორ იწვოდა მათი სახლი, სადაც მოკლული დედა ესვენა. ბიჭი ამბობს, დედა საწოლზე იწვა და თავში ნაჯახი ჰქონდა ჩარჭობილიო..."

"ქმარი ნატალიას მიეპარა და ისე მოკლა. ვფიქრობ, ადვილად ვერ მოერეოდა, რადგან ქალი ფიზიკურად ძლიერი იყო, თემური კი გამხდარი კაცია"


შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში. გამოძიების ცნობით, 40 წლის თემურ რამიშვილმა მეუღლე, 29 წლის ნატალია, ეჭვიანობის გამო ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა. ცხედარი საწოლზე დაასვენა, იქაურობას ბენზინი მიასხა და
ცეცხლი წაუკიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თვითონ იქვე, ეზოში იდგა და უყურებდა, როგორ იწვოდა სახლი. რამიშვილს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს. ის დანაშაულს აღიარებს, მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ნატალია ხაშურის რაიონის სოფელ გომიდან იყო. მისმა მშობლებმა ეს ტრაგედია მეორე დღეს შეიტყვეს და თავზარდაცემულები დვაბზუში ჩავიდნენ. გამწარებული
დედა თურმე შვილის ცხედარს ეძებდა... "რა უნდა ენახათ, საწყალი გოგო მთლიანად დაიწვა, მხოლოდ თავის ქალა და ძვლის ნარჩენები იპოვა პოლიციამ და ისიც ექსპერტიზაზე წაიღეს... ნატალიას მშობლებმა ბავშვები წაიყვანეს და წავიდნენ", - გვიამბო ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ვასილ ღლონტი, სოფელ დვაბზუს რწმუნებული:
- თემური და ნატალია 8 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ. გოგონა 7 წლის არის, ბიჭი - 4-ის. ერთი შეხედვით თემური და ნატალია მოყვარულ ცოლ-ქმარს ჰგავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახში კონფლიქტი იყო. იმ საზარელ დღეს მათი გოგონას ტირილზე მეზობლები გაცვივდნენ, მაგრამ სახლს უკვე ცეცხლი ეკიდა. პატარას უთქვამს, დედიკო ოთახშია, მამამ მოკლაო...  ამბობენ, თემური ცოლზე ეჭვიანობდაო. სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემაც აქვს... უმუშევრები იყვნენ და ძალიან უჭირდათ. თემური მეზღვაური იყო, ამაყობდა, მოვლილი მაქვს მსოფლიოო. ახლა ვცდილობდით, ამ ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსი მიგვენიჭებინა...

მომხდარმა რამიშვილების მეზობლები ისე დაზაფრა, საუბარი არ სურთ... არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ხელმძღვანელი  ქეთევან ხიდაშელი ამბობს, რომ ეს ფაქტი სოფელ დვაბზუში ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის... 

-  საუბედუროდ, პოლიცია ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს. გვყავდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონა, რომლის დაცვას სამი წელი მოვანდომეთ - დიდი ბრძოლის შედეგად მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ მოძალადეს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მეორე შემთხვევა პოლიციამ საერთოდ უყურადღებოდ დატოვა, არც კი მოსულა შემთხვევის ადგილზე. მერე გენინსპექციას მივმართეთ და ამის შემდეგ შეიბერტყეს ყური... კიდევ ერთი შემთხვევა დატოვეს გულგრილად - მოხუცებული ქალბატონი იყო ძალადობის მსხვერპლი და მოძალადეს შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოუწერა პოლიციამ. სამწუხაროდ, მოძალადეს უჯერებენ და ხელწერილით ტოვებენ ოჯახში. ის კი ისევ ძალადობს...
თითქმის ყველა ასეთ ოჯახში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. რამიშვილებს არაერთხელ მოუხსნეს სოციალური დახმარება. ერთხელ იმის გამო, რომ 15-ლარიანი მობილური აჩუქა მეზობელმა, მეორედ - გადასაგდები მანქანა აჩუქეს თემურს... როგორც ჩანს, ბრალდებულს ფსიქიკური გადახრაც ჰქონდა. ამდენი წელი ცხოვრობდა ნატალია დვაბზუში და თურმე მეზობლებთან ერთხელაც არ შესულა. მისი ქმარი ეჭვიანობდა და შინიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა...

საუბედუროდ, ბავშვები შეესწრნენ ამ ტრაგედიას. ყვიროდნენ, - დედას კლავენო, მაგრამ... დამნაშავე კი ცეცხლმოკიდებული სახლის წინ მშვიდად იდგა და იმეორებდა, ღირსი იყოო. თან ბავშვებს აყურებინა, როგორ იწვოდა მათი სახლი, სადაც მოკლული დედა ესვენა. ბიჭი ამბობს, დედა საწოლზე იწვა და თავში ნაჯახი ჰქონდა ჩარჭობილიო, ეს ნახა პატარამ...

როგორც ჩანს, ქმარი ნატალიას მიეპარა და ისე მოკლა. ვფიქრობ, ადვილად ვერ მოერეოდა, რადგან ქალი ფიზიკურად ძლიერი იყო, თემური კი გამხდარი კაცია. მეზობლები ამბობენ, რომ იმ დღეს ყვირილი არ გაგვიგონია, სხვა დროს ჩხუბის ხმაზე მივდიოდით და ან ბავშვები გამოგვყავდა, ან ქალიო.  ამიტომ მგონია, რომ მიპარვით მოკლა... საჭმელსაც მეზობლები აწვდიდნენ და ჩასაცმელსაც.

- თქვენმა ორგანიზაციამ არ იცოდა ამ ოჯახში არსებულ ძალადობაზე?
- არ ვიცოდით, თორემ ვაიძულებდით პოლიციას, ზომები მიეღო. ჩვენ თემურის დედამ, რომელიც იქვე, პატარა ფიცრულში  ცხოვრობს, 2009 წელს სოციალური დახმარების თხოვნით მოგვმართა, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ - ისეთი შეუვალი კანონებია, ვერაფერს გავხდით. ნატალიას დედამთილი ძალიან კარგი ქალია. რძალს  მეორე შვილზე უმძიმესი მშობიარობა ჰქონდა, კინაღამ გადაჰყვა. ცოტა ფული რომ ჰქონოდათ, დედამთილმა სახლს ღობე შემოხსნა და გაყიდა...
ბუნებრივია, ჩადენილისთვის თემურ რამიშვილს დასჯიან, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ფაქტია, ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა, ამის მოსაგვარებლად კი სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.

თეა ხურცილავა
jojo
11 ოქტომბერი 2014 14:48
რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ ხალხო ესე გვინდა ევროპაში შესვლა.ბავშებს რა ეშველებათ დაფიქრებულა ეგ დედა მო-ლი ჯერ პატრონი მოუკლა თითონ პანსიონატში ხომარ გონია რომ წავა დასასვენებლათ.გღალატობს გააგდე ვსიო მორჩა,დგანან და მუსულმანებს ვაკრიტიკებთ
*******
11 ოქტომბერი 2014 13:23
ნუთუ ეს ამბები არ მიდის პრემიერამდე და პრეზიდენტამდე ქვეყნის პირველი პირები რომ არიან არ უნდა აინტერესებდეთ ქვეყნის მდგომარეობა? მარტო ერთმანეთის კბენაა საქმე და აქეთიქით სიარული? ამერიკაში კი გამოიჯგიმა მესამე კლასელივით სურათზე. დაცლილი ქვეყნის მმართველი გინდ იყოს და გინდა არა.
*******
11 ოქტომბერი 2014 13:16
ხომ შეიძლება რომ სოფლის მაცხოვრებლებისთვის შეიქმნას რაღაც ფონდი,რომელიც დაეხმარება ასეთ გაჭირვებულ ოჯახებს ტექნიკით,საქონლით, ფრინველით და პლუს ყოველთვიური დახმარება ფულითაც და აღარ მოხდება ასეთი საშინელებები. დასაქმდება ხალხი და ნაკლებად იფიქრებს ბოროტებაზე. სრული ქაოსია ქვეყანაში რა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები