"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს" - კვირის პალიტრა

"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს"

პოლიციელის ტყვიით მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ტრაგედია 3 აგვისტოს 16 საათზე ქუთაისში, ახალგაზრდულ პარკთან მოხდა. მირზას პოლიციელებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, ის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც ცეცხლი გაუხსნეს. ტყვია თავში მოხვდა, დაჭრილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, მირზა გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ბუჩუაძის ახლობლებმა საავადმყოფოში ფანჯრებიც კი ჩაამტვრიეს.

შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება: "იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბუჩუაძის მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დასჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ბუჩუაძის მანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა".

გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, მირზა პოლიციელების მოთხოვნას იმიტომ არ დაემორჩილა, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ისინი ქურდობაში მირზას მონაწილეობას გამორიცხავენ.

სავარაუდოდ, დანაშაული გარდაცვლილის საცხოვრებელ უბანში მოხდა და პოლიციამ ეჭვი მასზე მიიტანა. რა სამხილი ჰქონდათ, ეს გამოძიებით გაირკვევა. მეზობელი ადასტურებს, რომ იმ დღეს მირზას პოლიციამ შინ მიაკითხა, მაგრამ ბიჭი არ დახვდათ, მას ეძებდნენ...

- რა პრობლემა იყო მირზას დაკავება, ის ცოტა ხნით ადრე, ეზოში, ბიჭებთან ერთად იჯდა და არსად გაქცეულა. სახლიდან ახალი გასული იყო, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ. გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს. რა აუცილებლობას წარმოადგენდა სროლის ატეხა? თითქოს არ გვყოფნიდა, ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ რომ ხოცავდნენ, ახლა პოლიციელებისაც უნდა გვეშინოდეს? ქუჩაში ვერ უნდა გავიდნენ ჩვენი შვილები? თავის დასაძვრენად ამბობენ, თითქოს ბიჭი წინააღმდეგობას უწევდა, - გვითხრა მირზას მეზობელმა.

ახლობლების მტკიცებით, მირზა თურქეთიდან 2 დღის ჩამოსული იყო. ადრე ნასამართლევია, თუმცა, ციხიდან გამოსვლის მერე  ძალიან ფრთხილობდა, ცდილობდა, პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონოდა.

პროკურატურამ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ის პოლიციელი, რომელმაც იარაღი ესროლა ბიჭს. მისი ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის 1978 წელს დაბადებული ლაშა ჯიხვაშვილია. რა ჩვენება მისცა დაკავებულმა, ჯერჯერობით უცნობია.

თეა ხურცილავა