"მისი ცოლობა რომ მნდომოდა, დღისით გავიპარებოდი სახლიდან" - რას ჰყვება წამებით მოკლული ახალგაზრდის შეყვარებული - კვირის პალიტრა

"მისი ცოლობა რომ მნდომოდა, დღისით გავიპარებოდი სახლიდან" - რას ჰყვება წამებით მოკლული ახალგაზრდის შეყვარებული

სოფელ კაზლარში შესაძლოა ახალი ტრაგედია დატრიალდეს

"ჩვენი ბიჭის სისხლს არ შევარჩენთ! მთელ ოჯახს ამოვხოცავთ, ან ოჯახიდან საუკეთესო ბიჭს ისეთივე წამებით მოვკლავთ!"

საგარეჯოს სოფელ კაზლარში შესაძლოა ახალი ტრაგედია დატრიალდეს. 21 წლის ულფუკარ გულიევის ნათესავები მკვლელის ოჯახზე შურისძიებას აპირებენ - მთელ ოჯახს ამოვხოცავთ ან ოჯახიდან საუკეთესო ბიჭს ისეთივე წამებით მოვკლავთ, როგორც ულფუკარი მოკლესო... თურმე სისხლის აღება მათი ადათია და ამბობენ, რომ ამჯერადაც აღასრულებენ.

21 წლის ულფუკარ გულიევი 15 წლის ნარგიზ ქარიმოვას (არასრულწლოვანი გოგონას ფოტოს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ) სიყვარულს შეეწირა. სამართალდამცავებმა გოგონას მამა, 42 წლის ნოვრუზ ქარიმოვი დააკავეს. მას განზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი...

გარდაცვლილის ბიძა ასტანა გულიევი: -  გოგო 15 წლის არის, ბიჭისთვის უთქვამს, წამიყვანე, თორემ სხვაზე მათხოვებენო. იმ საღამოს ულფუკარი მეგობრებთან ერთად გოგოს მოსატაცებლად მისულა. ის შინიდან გამოპარულა და თავისი ნებით ჩამჯდარა მანქანაში. ამ დროს გამოვარდნილა მამამისი და თავში ცულის ტარი ჩაურტყამს ბიჭისთვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს. მერე ბიჭი ეზოში შეათრიეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, სკამზე მიაბეს და სასტიკად სცემეს. გოგოს დედაც ყვიროდა თურმე, მოკალით, მოკალითო.  არმატურით, ცულის ტარით და ჯოხებით გაუხეთქეს თავი. სახე სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. 4 საათი ურტყამდნენ და წამებით ამოხადეს სული. ეს ამბავი პოლიციამ გამთენიისას შეიტყო, მათ გაუხსნიათ გაკოჭილი ბიჭი. სისხლის გუბე იდგა თურმე. ბიჭის წამებას მეზობლებიც უყურებდნენ და არავინ დახმარებია... ჩვენი ბიჭის სისხლს არ შევარჩენთ მათ. ნოვრუზ ქარიმოვს გვერდით მიუსვან ცოლი და ორივე ბიჭი, თორემ ჩვენი ადათით ვიძიებთ შურს... როცა ურტყამდნენ, თურმე ფეხებში ჩაუვარდა მამას თავისი გოგო, ნუ სცემ, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე ვუთხარი, რომ მოსულიყოო... ბავშვს რომ ურტყამდნენ, ისე გამწარებით ყვიროდა, მთელი ღამე საქონელიც ბღაოდა თურმე. აქედან გადაასახლონ ეს ოჯახი, თორემ ძირფესვიანად ამოვთხრით".

ქარიმოვები მომხდარს სხვანაირად აღწერენ. ამბობენ, რომ მათ სახლში შეიჭრნენ და გოგო შინიდან მოიტაცეს... ისინი ახლა სოფელ იორმუღანლოში ბრალდებულის ძმის სახლს აფარებენ თავს. მათი ადვოკატის დახმარებით ოჯახის წევრებთან გასაუბრება მოვახერხე.

15 წლის ნარგიზ ქარიმოვა: - საერთოდ არ ვიცნობდი ულფუკარს, თურმე ქორწილში მნახა და მოვეწონე. ხელის სათხოვნელად რამდენჯერმე მოვიდა დედამისი, მაგრამ ჩემები უარზე იყვნენ, ჯერ ბავშვი ვარ, 15 წლის...

- იქნებ გვიამბო, რა მოხდა იმ დღეს?

- ღამის 2 საათი იყო. მეძინა. იმ ოთახში ეძინათ ჩემს ძმებსაც. შემოიპარა ორი ბიჭი, პირზე ხელი დამაფარეს, ხმა არ ამოიღოო და ძალით გამიყვანეს შინიდან. კართან მანქანა იდგა და ჩამსვეს. ამ დროს მამამ გაიგო ხმაური და გამოვარდა. ჩემი ძმებიც მოცვივდნენ და სახლში შემიყვანეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი. შუქი არ იყო სახლში და ვერაფერს ვხედავდი...

- ამბობენ, რომ თქვენ მესიჯი გაუგზავნეთ ულფუკარს, რომ მოსულიყო, რადგან მამა სხვაზე გათხოვებდათ. თქვენ სახლთან არ დახვდით მანქანას?

- არა, მე ტელეფონი არ მაქვს. მისი ცოლობა რომ მნდომოდა, დღისით გავიპარებოდი სახლიდან - ვერც მამა გაიგებდა, ვერც ძმები. მე ის არ მიყვარდა, არც სხვაზე ვყოფილვარ დანიშნული. არ მინდოდა, რომ მოეკლათ, რომ მყვარებოდა, ვეტყოდი მამაჩემს, მიყვარს და მიეცი ჩემი თავი-მეთქი. თენდებოდა, პოლიცია რომ მოვიდა და ბიჭი წაიყვანეს. მერე გავიგე, რომ მოკვდა...

გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა, მთელი სხეული უკანკალებდა. მოკლულის მხარე ირწმუნება, რომ გოგონა ბიჭს მესიჯებს სწერდა. იმედოვნებენ, რომ გამოძიება ამ სამხილს იპოვის...

ამასთან, გოგოს დედაც ირწმუნება, რომ მათ სახლში გოგოს მოსატაცებლად შეცვივდნენ.

- ღამის 2 საათზე მოიტაცეს ჩემი გოგო. ხმაურზე გავიღვიძეთ, შუქი არ იყო, გამტაცებლებს წინასწარ ჩაექროთ. კარი დაკეტილი იყო, ჩემმა ქმარმა ვერ გააღო და ფანჯრიდან გადახტა. დავინახეთ, რომ გოგო უკვე მანქანაში იჯდა. წინ გადავუდექი. ხელში ჯოხი მეჭირა და მანქანას ვურტყამდი. მე ჩავამტვრიე საქარე მინა. ცდილობდნენ მანქანის დაქოქვას, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე. შუშები ჩავამტვრიეთ და ისე გავაღეთ მანქანის კარი. მანქანაში მძღოლი და ის ბიჭი ისხდნენ მხოლოდ. ის ბიჭი ჩემმა მეუღლემ მანქანიდან გადმოიყვანა. ამასობაში მოვიდნენ ჩემი ბიჭებიც და გოგო სახლში შეიყვანეს. მძღოლი გაიქცა. ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ ის ბიჭი და ჩემი ქმარი ერთმანეთს. მე ვეძახდი მეზობლებს,  მაგრამ გვიან მოვიდნენ. ჩემი მეუღლე ჯოხით სცემდა და ეუბნებოდა, შენი ამხანაგების სახელები მითხარიო. მერე გონება დავკარგე და არ მახსოვს, რა მოხდა. არ მინახავს, როგორ სცემდა ჩემი ქმარი მას. აზრზე რომ მოვედი, მეზობლები დავინახე. ჩუმად იდგნენ, არაფერს ამბობდნენ. ჩემმა ქმარმა გამოიძახა პოლიცია.

მე არ მინდოდა იმ ბიჭის სიკვდილი. შეშინებული ვიყავი და რას ვაკეთებდი, არ მახსოვს. ბიჭი ჯერ ისევ ცოცხალი იყო, პოლიცია რომ მოვიდა... ალბათ, ნახევარი საათი სცემდნენ. სიგარეტი ვინ მიაწვა სახეზე, არ ვიცი. აქვს ასეთი დამწვრობა? ოთხჯერ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად და უარი ვუთხარით. გოგოს არ უყვარდა. ჩვენ არ გვყავდა შერჩეული საქმრო, გოგო ჯერ  პატარაა... ახლა სახლში არ მიშვებენ.

- გულიევები თქვენი და თქვენი ბიჭების დასჯას ითხოვენ, თუ არა და, შურისძიებით იმუქრებიან...

- სახლში შემოგვივარდნენ, ბავშვი მიჰყავდათ და კიდევ ჩვენ ვართ დამნაშავეები? ჩემს ქმარს მოკვლა არ უნდოდა, სცემდა...  არ მინდოდა, ჩემს კარში მომკვდარიყო ბიჭი, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ? ჩვენ ხომ არ მივუვარდით ვინმეს? ახლა მთავრობას ვთხოვ დახმარებას, შესაძლოა, შური იძიონ ჩვენზე. ჩვენთან ასეთი წესია, ეს გარდაუვალია. ჩემი შვილები სხვაგან არიან ახლა. რა ვქნა, მათ რომ რამე მოუვიდეთ?! გულიევებს ხელწერილი დააწერინონ, რომ არაფერს დაგვიშავებენ.

თეა ხურცილავა