"ჩემმა ცოლმა თავი მოიკლა სირცხვილის გამო" - კვირის პალიტრა

"ჩემმა ცოლმა თავი მოიკლა სირცხვილის გამო"

"მამას დაურეკეს, შენი შვილი შენ მოკალი, თუ არა და, ჩვენ მოვკლავთო. მამას შვილისთვის უთქვამს, მე ახლა მთაში მივდივარ და ცოცხალი არ დამხვდეო... ის გოგო ამის ღირსი იყო"(?!)

"ქუჩაში დაჰყავდათ და სცემდნენ, ამან ქმარს უღალატაო... სანამ თავს მოიკლავდა, მითხრა, ბავშვები მომიყვანეო. ისინი მეუღლის სახლში იყვნენ, ვინ მოუყვანდა.

"5 საათი იყო, გარეთ რომ გავიდა... ბოსელში ვიპოვე, თავი ჩამოეხრჩო"

რამდენიმე დღის წინ სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლომონა ალაზოვას სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. ქალი დღემდე საავადმყოფოშია. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება ბიძაშვილებმა მიაყენეს. სამართალდამცავებმა კაზანთარ ალაზოვი დააკავეს, თუმცა, ადგილობრივების ცნობით, ქალის ცემაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ...

როგორც შევიტყვე, ამავე სოფელში 10 წლის წინ შემზარავი მკვლელობა მომხდარა, მაგრამ არავინ დასჯილა.

"17 წლის გოგო მშობლებმა დანიშნეს. მას თურმე სხვა ბიჭი უყვარდა და ქორწილამდე ორი კვირით ადრე გაირკვა, რომ ფეხმძიმედ იყო. გოგო ექიმთან წაიყვანეს. ექიმს უთქვამს, საცაა დაეწყება მშობიარობაო... იმშობიარა, მაგრამ ბავშვი ქუჩაში დატოვეს... გოგოს მამამ ჯერ სახალხოდ სცემა შვილს, მერე კი შინ საკუთარი ხელით მოახრჩო. ის კაცი დღესაც მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სოფელში... იმ გოგოს საქმროს ცხოვრებაც ცუდად წარიმართა - პოლიციელი მოკლა და ციხეში მოხვდა. როგორც გავიგეთ, ციხეში გარდაცვლილა", - მიამბობს ქეშალოელი მამაკაცი.

შემაშფოთა მისმა მონათხრობმა. იქნებ იმიტომ ღალატობენ ქალები ქმრებს, რომ უსიყვარულოდ ათხოვებთ-მეთქი, - ვკითხე. გაკვირვებულმა შემომხედა, - ქალს ვინ ჰკითხავს, ვის უნდა გაჰყვესო, - მიპასუხა.

17 სექტემბერს ნათესავები სასტიკად გაუსწორდნენ სოფელ ლამბალოში მცხოვრებ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვასაც. ორი შვილის დედა მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელში ჩამოატარეს, თან აგინებდნენ და სცემდნენ. იმ საღამოს ქალმა თავი ჩამოიხრჩო...

ჯეირანოვას სახლში მისულს დედამისი და კიდევ რამდენიმე ქალი დამხვდა. ჟურნალისტის სტუმრობა არ ესიამოვნათ, თუმცა, ჩვენს კითხვებს დედამ მაინც უპასუხა.

ხანუმ ჯეირანოვას დედა: - იორმუღანლოში ქმრის ნათესავები დახვდნენ ჩემს გოგოს. ის ბიჭი, ვის მანქანაშიც ჩემი შვილი იჯდა, გაიქცა. ჩემი გოგო დაიჭირეს და ლამბალოში წამოიყვანეს. ქუჩაში დაჰყავდათ და სცემდნენ. თან ყველას ეუბნებოდნენ, ამან ქმარს უღალატაო. სახლში რომ მოვიდა, სანამ თავს მოიკლავდა, მითხრა, ბავშვები მომიყვანე, მინდა ვნახოო. ისინი მეუღლის სახლში იყვნენ, ვინ მოუყვანდა. 5 საათი იყო, გარეთ რომ გავიდა. რომ არ დაბრუნდა, საძებნელად გავედი... ბოლოს ბოსელში ვიპოვე, თავი ჩამოეხრჩო".

ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე, აჯი ჰასანოვი: - 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ორი შვილი მყავს - 9 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ხანუმა ჩემთან ერთად მინდორში იყო, ერთად ვმუშაობდით. ძროხას წველიდა, საჭმელს მიკეთებდა, სულ მეხმარებოდა. 15 დღის წინ გავუშვი სოფელში, სწავლა იწყებოდა და ბავშვებისთვის უნდა მიეხედა. მე ცხვარში ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. ჩემმა ბიძაშვილებმა დაიჭირეს ვიღაცის მანქანაში, ის ბიჭი კაზლარიდან ყოფილა. ჯერ იქვე უცემიათ ხანუმა, მერე მანქანაში ჩაუსვამთ, მოუყვანიათ სოფლის ცენტრში და უცემიათ საჯაროდ. ქალი ცენტრიდან სახლამდე სულ ფეხშიშველი მისულა.

ხანუმა პატიოსანი იყო. სიკვდილის წინ ბავშვების ნახვას ითხოვდა, მაგრამ ბავშვები ჩემს ძმასთან იყვნენ... სულ მეკითხებიან, დედა სად არისო? საავადმყოფოშია-მეთქი. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, არც დედა მყავს, არც მამა, ცოლმაც თავი მოიკლა სირცხვილის გამო. საქონელს გავყიდი და აქედან წავალ. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი.

- თქვენ რომ გაგეგოთ ცოლის ღალატი, რას იზამდით?

- არ მოვკლავდი, მაგრამ სახლიდან გავაგდებდი. 16 წლის იყო, რომ მოვიტაცე. 14 წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ და ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება...

ხანუმას ცემაში მხილებული ერთ-ერთი პირის, ელჩინ ტეიხანოვის მეუღლე:

- ბავშვები შინ დაუტოვებია და სხვა კაცთან სასეირნოდ წასულა. როცა დაიჭირეს, ჩემი ქმარი იქ არ ყოფილა. ჩვენთან რომ მოიყვანეს, ნაცემი არ იყო. ჩემმა დედამთილმა სხვებს უფლება არ მისცა, ეცემათ. გოგომ თქვა, დეიდასთან წავალო. მამასთან რატომ არ მიდიხარ-მეთქი? მამა მომკლავსო.

თანასოფლელები ქალის ცემას ადასტურებენ და ეჭვობენ, რომ შესაძლოა მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. "გოგოს მამას დაურეკეს, შენი შვილი შენ მოკალი, თუ არა და, ჩვენ მოვკლავთო. მამას შვილისთვის უთქვამს, მე ახლა მთაში მივდივარ და ცოცხალი არ დამხვდეო. იმ დღეს გოგომ თავი ჩამოიხრჩო. ის გოგო ამის ღირსი იყო", - მითხრა იორმუღანლოს მკვიდრმა.

ვნახოთ, რას გაარკვევენ სამართალდამცავები. ის კი ფაქტია, რომ ვითარება საგანგაშოა და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება.

თეა ხურცილავა