სისხლის ღვრით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი - კვირის პალიტრა

სისხლის ღვრით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი

ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებმა ლელა ბეჟანიშვილმა 112-ში დარეკა და პატრულის დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ მის მეუღლესა და ვაჟს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ქალი სადარბაზოსთან დახვდა პოლიციელებს და ის იყო, გააფრთხილა, რომ მეუღლე შეიარაღებული იყო, სადარბაზოდან ბიძინა მურადაშვილი გამოვარდა და პატრულის თანამშრომლებს ესროლა. ერთი პოლიციელი იქვე დაეცა. ამის შემხედვარე მისმა მეწყვილემ მურადაშვილს ესროლა და მძიმედ დაჭრა...

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. პოლიციელი 34 წლის ანზორ ვარსიმაშვილია. მურადაშვილს ერთი ტყვია თავშიც აქვს მოხვედრილი...

"ბიძინას დალევა უყვარდა და ცოლს სცემდა. არაერთხელ დაუჩივლია ლელას, მეტის მოთმენა აღარ შემიძლიაო, მამა შვილსაც ეჩხუბებოდა. უცემია ბიჭი და ამიტომ გამოიძახა დედამ პოლიცია, შეეშინდა, არ მოეკლა. თან ქმარს იარაღი ჰქონია სახლში შენახვის უფლებით და მთვრალმა პოლიციელს ესროლა. საპასუხო ტყვიით დაიჭრა თვითონაც. საფეთქელთან ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. საკაცეზე რომ დააწვინეს, დავინახე, თვალი გადმოვარდნილივით ჰქონდა. სულ სისხლიანი იყო. არ ვიცით, გადარჩება თუ არა. ლელა დაიღალა გაუთავებელი კონფლიქტებით და, ალბათ, იფიქრა, პოლიცია მიშველისო..." - მითხრა მეზობელმა.

თეა ხურცილავა