"მაკამ თავის დაცვა აეროზოლით სცადა" - კვირის პალიტრა

"მაკამ თავის დაცვა აეროზოლით სცადა"

თვითმხილველი: "მაკამ თავის დაცვა აეროზოლით სცადა"

"ქალს სამი ტყვია დაახალა, მეოთხე ტყვიით თვითონ მოიკლა თავი"

"იმ კაცს ჩემი შვილი ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა, ეჩხუბებოდა, რატომ გამცილდი, არ გაცოცხლებო"

ბოლო დროს, ვინ იცის, რამდენი ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, როცა მეუღლის, დედის, ქმრის, შვილის მკვლელის სახელი გქვია. იმედია, ადამიანები ამაზე დაფიქრდებიან და პოლიცია და სასამართლოც უფრო მკაცრი იქნება დანაშაულის ჩამდენის მიმართ. რაც ხდება, მთელი საზოგადოების პრობლემაა და მას მიხედვა სჭირდება.

ალბათ, არანაირი მიზეზი არ ამართლებს ტრაგედიას, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დატრიალდა. 33 წლის ლაშა მაღრაძემ ყოფილ მეუღლეს, ბრიტანეთის საბჭოს ლექტორს, მაკა წივწივაძეს უნივერსიტეტის დერეფანში სამი ტყვია დაახალა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საოპერაციოდ გამზადებულს გული გაუჩერდა.

ლაშა მაღრაძისა და მაკა წივწივაძის ერთწლიანი თანაცხოვრება ერთი თვის წინ დასრულდა. ლაშა ცოლს შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდა. შეშინებული მშობლები მაკას ყოველდღე სამსახურამდე აცილებდნენ.

შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ "მაკა წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, მათ შორის პირველად რუსთავის განყოფილებას და განაცხადა, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. შედგა გასაუბრების ოქმები. ლაშა მაღრაძემ პირობა დადო, რომ აღარ შეაწუხებდა ყოფილ მეუღლეს და ბოდიში მოიხადა. მეორედ მაკა წივწივაძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას მიმართა, რომ ლაშა მაღრაძე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა. მაღრაძე 29 სექტემბერს განყოფილებაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს ისევ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს.

მაკა წივწივაძის ოჯახური დრამის ამბავი უნივერსიტეტის თანამშრომლებმაც იცოდნენ. სამი დღით ადრე, მაკამ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები გააფრთხილა, ყოფილი ქმარი მოკვლით მემუქრება და შენობაში არ შემოუშვათო. მაკას სტუდენტები ამბობენ, რომ იმ საბედისწერო დღეს, დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, ლაშა მაღრაძემ მიაგნო აუდიტორიას, რომელშიც მაკა ლექციას ატარებდა და გარეთ გაიხმო. სტუდენტების თქმით, მაკამ კორიდორში გასვლამდე ჩანთიდან აეროზოლის ბალონი ამოიღო, რომელიც თავდაცვის მიზნით თან დაჰქონდა.  ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, უკვე უნივერსიტეტის დერეფანში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა აღბეჭდა.  ფირის თვითმხილველი გვიყვება: "როგორც კი მაკა აუდიტორიიდან გამოვიდა, აეროზოლი მოიმარჯვა, მაგრამ გამოყენება ვერ მოასწრო, მამაკაცი დაეჯაჯგურა და იარაღი დაუმიზნა. ქალს პირველი ტყვია  მკლავში მოხვდა, მეორე - თავში. თავდამსხმელი დაცემულ ქალს მიუახლოვდა და საკონტროლო ტყვიაც დაახალა, მეოთხე ტყვიით თვითონ მოიკლა თავი".

კოლეგები მაკას დადებითად ახასიათებენ: "ნიჭიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო. ვიცოდით მისი პრობლემის შესახებ, ამბობდა, მემუქრება, მოსვენებას არ მაძლევს, მის გვერდით გავლაც შიშის ზარს მცემსო. საშინელება მოხდა... შოკირებული ვართ".

მაკა წივწივაძის დედას იმ დროს გავესაუბრეთ, როდესაც შვილი ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა.

თინა წივწივაძე: - დილით ჩემი შვილი მე და მამამისმა მივაცილეთ უნივერსიტეტამდე, სულ ასე ვიქცეოდით, რადგან ის ნაძირალა მაკას ემუქრებოდა და სიცოცხლეს უმწარებდა. ერთი თვეა, რაც მაკა წამოყვანილი გვყავს. ხან პატრულს ვიძახებდით, ხან პოლიციის განყოფილებაში ვიყავით. იმ კაცს ჩემი შვილი ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა, ეჩხუბებოდა, რატომ გამცილდი, არ გაცოცხლებო. ერთხელ ვენები გადაუჭრია, სისხლი იდინა და მაკასთვის უთქვამს, ასე დაგკლავთ შენ და შენს შვილსო (მაკას პირველი ქმრისგან 6 წლის გოგონა ჰყავს). ორჯერ მოიხადა სასჯელი, ამნისტიით გამოვიდა. ის და მაკა პარალელურკლასელები იყვნენ, შარშან გაჰყვა ცოლად და ხელში ნარკომანი შერჩა. მაკასთან თუ არ ვიყავით, სულ ვარიგებდი, კარი კარგად ჩაკეტე, არ გააღო-მეთქი. ბოლო ხანს სულ შიშში გვაცხოვრა. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე არ ვიცი, მისი მოგვარე იყო,\ თუ ნათესავი... წინადღეს იმ არაკაცმა მესიჯი მისწერა ჩემს შვილს, ლაშამ (პოლიციელზე მიუთითებდა) დამარიგა, როგორ უნდა მოვიქცეო. ჩემი ვარაუდით, ის კაცი მფარველობდა ამ ნაძირალას, აბა, ორჯერ ნასამართლევი და მოქმედი ნარკომანი რომ საშიში იქნებოდა, არ იცოდნენ? მაკას ორი ძმა ჰყავს. ვითომ ჩემი შვილები დავიცავი და არაფერს ვეუბნებოდი, ვშიშობდი, მოკლავენ-მეთქი. ნეტავ მოეკლათ, ეს ხომ არ მოხდებოდა.

ლალი, მაკას მეზობელი: "მაკა ძალიან განათლებული გოგო იყო. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო და "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. მასზე ძვირის მთქმელი არავინაა. ჩემს ხელში გაიზარდა ბავშვი, მუდამ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული.  ძალიან კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ნაძირალას ხელით".

მზია, მაკას ნათესავი: "ლაშა ეჭვიანი იყო, ცოლს ხშირად სცემდა. სადმე თუ წავიდოდა, იქ 5 წუთითაც არ აჩერებდა, შინდაბრუნებულს კი ცხვირში ადენდა ყველაფერს. ცოლს მუდმივად მის ჭკუაზე უნდა ევლო, ტანსაცმელიც კი მისი გემოვნებით უნდა ჩაეცვა. უნდოდა, მონა ჰყოლოდა. მაკას მის ხელში კარგი არაფერი უნახავს, ბოლოს მშობლებთან წავიდა, დიღმის მასივში, და ქმარმა ეს ვერ აიტანა, ემუქრებოდა, თუ ჩემთან არ იქნები, არ გაცოცხლებო".

თამარი, ლაშას მეზობელი: "ლაშას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. მაკაც ქმარს იყო გაცილებული და შარშან დაქორწინდნენ. ლაშა ყურებამდე იყო შეყვარებული და ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქორწინეს. იგი ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.  ცოლ-ქმარს უსიამოვნება, ძირითადად, ეჭვიანობის ნიადაგზე ჰქონდა,  მაგრამ ამ ნაბიჯზე თუ წავიდოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდით. შესანიშნავი გოგო იყო მაკა. ლაშაც  კარგი ოჯახის შვილია, საუბედუროდ, წამალზე "შეჯდა" და სხვაც დაღუპა და თავიც დაიღუპა".

ნანა ფიცხელაური