გამტაცებლებმა იოსებ გიორხელიძეს 50 ლარი აჩუქეს - კვირის პალიტრა

გამტაცებლებმა იოსებ გიორხელიძეს 50 ლარი აჩუქეს

გატაცებული გრძელი ჯაჭვით საწოლზე  დააბეს

რას ჰყვება გატაცების მსხვერპლი

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებას დიდი ხმაური მოჰყვა. დანაშაული ოპერატიულად გაიხსნა და დააკავეს: კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, 52 წლის დურმიშხან ღვარჩლიანი, სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, 37 წლის ჯემალ შონია და ყოფილი სპეცრაზმელები - 31 წლის ალექსანდრე ჭანტურია და 36 წლის გიორგი ქალდანი.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, რომლებიც ადამიანებს იტაცებდნენ და აწამებდნენ, თუმცა, ამას გამოძიება სჭირდება", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის კომენტარს "ნაცმოძრაობის" ლიდერების აღშფოთება მოჰყვა... თუმცა, გამოძიება სხვა ვერსიებთან ერთად, პრემიერის ვერსიაზეც მუშაობს...

თენგიზ ხარებავა, პროკურორი: "ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია, დურმიშხან ღვარჩლიანი და გიორგი ქალდანი აფხაზეთიდან დევნილები და დიდი ხნის მეგობრები არიან. ერთად იბრძოდნენ კოდორის ხეობაში... ღვარჩლიანი წყალტუბოში, სასტუმრო "აიაში" ცხოვრობს. წყალტუბოს მცხოვრებია რამინ გიორხელიძეც. მას სამშენებლო ბიზნესი აქვს... გიორხელიძეს თბილისშიც აქვს ბინა და მამა-შვილს ჰყავს მანქანები... ღვარჩლიანმა მიუთითა მასზე მეგობრებს, თუ მის შვილს მოვიტაცებთ, დიდ ფულს ვიშოვითო... იოსებ გიორხელიძე სტუდენტია, თბილისში, გოთუას ქუჩაზე, მარტო ცხოვრობს... გამტაცებლები 10 ოქტომბერს მივიდნენ მასთან. სათვალთვალოდან ბიჭმა დაინახა მამაკაცი, რომელსაც სამკერდე ფოტო ეკეთა, ხელში კი საქაღალდე ეჭირა, ვითომ ბუნებრივი აირი უნდა შეემოწმებინა... შესვლისთანავე შონიამ მაყუჩიანი პისტოლეტი მიადო და ხელბორკილი დაადო. ამ დროს ბინაში ღვარჩლიანი და ქალდანიც შევიდნენ... მსხვერპლს ფეხები შეუკრეს და დიდ ჩანთაში ჩასვეს, მაგრამ ჩანთა გაიხა. ჩააცვეს კაპიუშონიანი ტანსაცმელი, ქუდი დაახურეს, იარაღი მიადეს და ასე ჩაიყვანეს ეზოში. ბიჭი სანზონაში, სასაფლაოსთან თავისივე "მერსედესით" მიიყვანეს და მამამისს დაურეკეს, - 300.000 დოლარს მოიტან. არ გაბედო პოლიციასთან მისვლა, თორემ იცი, რაც მოხდებაო. შემდეგ ბიჭი ღვარჩლიანის "ოპელის" საბარგულში ჩასვეს. იქიდან მცხეთაში, სოფელ არმაზში ღვარჩლიანის მეგობრის, მამუკა ჭუმბურიძის სიმამრის აგარაკზე აიყვანეს. გიორხელიძის მანქანა კი სანზონის საავადმყოფოსთან დატოვეს...

ბიჭი გრძელი ჯაჭვით დააბეს საწოლზე. შონია ხშირად უკავშირდებოდა გიორხელიძის მამას სხვადასხვა მობილურითა და სიმბარათით. მას მოასმენინეს შვილის საუბრის ჩანაწერი: "მამა, კარგად ვარ, ცუდად არ მექცევიან, დროზე გადაიხადე ფული და მალე მნახავ". მამა კი შვილთან საუბარს ითხოვდა, ეჭვობდა, რომ ცოცხალი აღარ იყო... მან პირველივე დღეს აცნობა პოლიციას და დაიწყო ფარული მოსმენა... სამინისტრომ თავისი ფონდიდან გამოყო თანხა, აღწერა, დანომრა და გადასაცემად გაამზადა. სათანადო მოწყობილობით აღიჭურვა გატაცებულის მამა... მას შეხვედრა გაგარინის მოედანზე, 12 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე დაუთქვეს. მოგვიანებით შვილსაც დაალაპარაკეს და შეხვედრა ღამის 2 საათისთვის გადაუდეს... კვალის ასარევად გიორხელიძეს შონია ურეკავდა ხან რუსთავიდან, ხან ლილოდან, ხან გარდაბნიდან. შონიას ხმა იცნო მისმა ყოფილმა თანამშრომელმა...

რამინ გიორხელიძე ღამის 2 საათზე მივიდა გაგარინის მოედანზე. გამტაცებლები ტელეფონით მითითებებს აძლევდნენ... ბოლოს ტყის მასივთან მიიყვანეს და უბრძანეს, ფული გამჭვირვალე პარკში ჩაედო და იქ გადაეგდო, მერე ისევ გაგარინის მოედანზე დაბრუნებულიყო... გიორხელიძემ ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა. რამდენიმე ხანში შეატყობინეს, რომ შვილი საგურამოს ტრაფარეტთან დახვდებოდა. ღამის 4 საათზე რამინი შვილს შეხვდა...

მეგობრები დილის 7 საათზე ერთმანეთს წყნეთის ცენტრში უნდა შეხვედროდნენ და ფული გაეყოთ. სამართალდამცავებმა ოთხივე დააკავეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. ქალდანმა ძალოვანებს აჩვენა ის ადგილი, სადაც 289.100 ამერიკული დოლარი და იარაღი გადამალეს".

იოსებმა გამტაცებლები ამოიცნო, ამბობს, რომ აგრესიულად არ ექცეოდნენ: "მაძლევდნენ ყველს, პურს, ჩაის, სიგარეტს. როცა დამჭირდებოდა საპირფარეშოში გასვლა, მხსნიდნენ ჯაჭვს და ისე მივყავდი. მერე ისევ მაბამდნენ საწოლზე. გათავისუფლების წინ, შონიამ ჯიბეში გზის ფული, 50 ლარი ჩამიდო".

არმაზში აგარაკის მეპატრონეები ზურაბ და ჰამლეტ კობეშავიძეები გაოგნებული არიან, მათ ეს ამბავი ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. მათი სიძე ამბობს, რომ ღვარჩლიანს გასაღები მართლაც ათხოვა და რას წარმოიდგენდა, თუ ასეთი შემზარავი დანაშაულისთვის სჭირდებოდა: "მასთან აფხაზეთის ომის შემდეგ ვმეგობრობ. ადრეც მიმიცია აგარაკის გასაღები. სახლი ჩემი სიმამრის, ჰამლეტ კობეშავიძის სახელზეა. ეს რომ მცოდნოდა, როგორ დავუშვებდი, სადაც ჩემს შვილებს სძინავს, იქ კაცი დაებათ".

გამოძიება გრძელდება...

თეა ხურცილავა