"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"
27-10-2014
"მიყვიროდა, ამ ქალაქში  რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"
ზაზა დავითაია: "თუ ჩემი აგენტობა არ დადასტურდა, კეთილი ინებოს "ნაცმოძრაობამ" და თავისი ტყუილების შავ მდინარეს გაჰყვეს მოუსავლეთში"

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას უკვე მეორედ დაესხნენ თავს.  შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე ავთანდილ კემულარია დააკავეს. გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს.


ზაზა დავითაია: - 1-ლი სექტემბრიდან  მობილურზე იდენტიფიცირებული ნომრიდან მესიჯებს მიგზავნიდა და მემუქრებოდა“"თავისუფალი ზონის"” წარმომადგენელი, ყოფილი პოლიციელი ვაჟა მორგოშია და მოითხოვდა ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისგან თავშეკავებას. ეს მესიჯები გამოძიებასაც აქვს ამოწერილი. როცა "თავისუფალმა
თაობამ"  "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქცია ჩაატარა,  მათმა უსტაბაშმა კობა ხაბაზმა ლადო სადღობელაშვილისთვის "ფეისბუკით" მიწერილი ჩემი მესიჯი "მივუხტეთ "ნაცმოს" ოფისს" ააფრიალა. "მივუხტეთ" არ ნიშნავს, მაინცდამაინც იარაღით მივარდნას. ეს იმიტომ დავწერე, რომ 3 კვირის განმავლობაში პოლიციამ ვერ მოახერხა ჩემი უფლებების დაცვა. თვითონ დავადგინე ვაჟა მორგოშიას ვინაობა. სამართალდამცველებმა
მხოლოდ ის გააკეთეს, რომ დაიბარეს მორგოშია და გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა ჩემი შეურაცხყოფა უხამსი სიტყვებით. 30 სექტემბერს კი ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთასთან,  დაახლოებით 15 უცნობი პირი  ფიზიკურად გამისწორდა. ხაბაზი ტყუის, როდესაც ამბობს, თითქოს მე თვითონ დავესხი თავს მათ "თავისუფალი ზონის" ოფისთან და "საწყლებმა" თავდაცვის მიზნით მცემეს. შედეგად მივიღე ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა, სხეულის დაბეჟილობა, პლევრაში კი წყალი ჩამიდგა.  დასისხლიანებულს ზონელმა ფარნავაზ ჭკადუამ ფოტო გადამიღო. ექიმების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დავდიოდი.

-  22 ოქტომბერს ვინ და რა მოტივით დაგესხათ თავს?
- ინტერვიუს ჩასაწერად მივდიოდი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ავტობუსის გაჩერებაზე ჩემს სიახლოვეს შევნიშნე ტანდაბალი მამაკაცი, რომელიც დაჟინებით მიყურებდა, მერე მკითხა, "თქვენ ზაზა დავითაია ხართ, არა?" თავი რომ დავუქნიე, სწრაფად გამეცალა. ავტობუსში ასვლისას, კიბეზე, მომქაჩა სახელოზე და აგრესიულად მკითხა, კა-გე-ბესთან რატომ თანამშრომლობ, ბიჭოო და სახეში ჩამარტყა. მიყვიროდა, ვეღარ უნდა მიხვდე, ამ ქალაქში რომ აღარ უნდა გამოხვიდე, რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო. ყველაფერი სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღბეჭდა. გამიტყდა ცხვირი და ტვინის შერყევა დამიმძიმდა. თვითონ გამოვიძახე პატრული. მეორე დღეს ამოცნობა ჩაატარეს.

იმ კაცს ისეთი ფიზიონომია ჰქონდა, ტვინისშერყევიანი კი არა, ყირაზე მდგარი ამოვიცნობდი. ის ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა.

-  "თავისუფალმა ზონამ" მისი დაკავებისთანავე  გაავრცელა ინფორმაცია, რომ კემულარია რახანია მათი წევრი აღარ არის.

- "თავისუფალი ზონის" რუსთავის ოფისის წევრია.  ის კაცი არის სააკაშვილის ღირსების ორდენოსანი პირადი ზონდერი. კემულარიას ექსპრეზიდენტთან ხელგადახვეულს აქვს ფოტოები გადაღებული, ავღანეთში ნამყოფი ჯარისკაცია.

- რა რეაქცია ჰქონდათ თანამოქალაქეებს, როცა კემულარია გცემდათ?
- ბოლოს  ხნიერმა მამაკაცმა გაგვაშველა. ავტობუსის გაჩერებაზე მდგომთაგან უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო. არც ერთი არ განძრეულა.  მე ამ საზოგადოებისთვის ვწირავ სიცოცხლეს და სულაც მტყუანი რომ ვყოფილიყავი, როცა ხედავდნენ, ადამიანს კლავდნენ, ნერვი ხომ უნდა შეტოკებოდათ?!

- თუ იცით, რა ჩვენება მისცა კემულარიამ გამოძიებას, რით ახსნა თავდასხმა?
- თქვა, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო გამისწორდა. ისეთი ზომბირებულია, რომ დააჯერეს, რუსეთის, კა-გე-ბეს აგენტსა და პუტინის მონას გაუსწორდებიო. არადა, ვერავინ მიპოვის იოტისოდენა კომპრომატსაც კი. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, სკოლის მერხიდან ვებრძოდი რუსულ იმპერიალიზმს. სამ მინისტრს ვუყენებ მოთხოვნას: თეა წულუკიანისგან მოვითხოვ: კეთილი ინებოს და სტრასბურგის სასამართლოს მოუწოდოს, ეს საქმე  გამოიძიონ და დაადგინონ, ვარ თუ არა რუსეთის აგენტი და ვიღებდი თუ არა შეთქმულებაში მონაწილეობას. მთავარი პროკურორისგან მოვითხოვ, გამოიძიოს ეს საქმე, რის საფუძველზე დამარქვა სააკაშვილმა რუსეთის აგენტი. მივმართავ შს მინისტრ ჭიკაიძეს, თანახმა ვარ, გახადოს გამჭვირვალე ჩემზე არსებული ყველა ინფორმაცია, ყველა დოკუმენტი და მონაცემი, რომელიც შსს-ს აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩემი აგენტობა არ დადასტურდა, კეთილი ინებოს "ნაცმოძრაობამ" და თავისი ტყუილების შავ მდინარეს გაჰყვეს მოუსავლეთში.

ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტის შეფასება მედიაექსპერტ ია ანთაძეს ვთხოვეთ:

"განსაკუთრებით ფაქიზი თემაა, როცა ძალადობა ჟურნალისტს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას ეხება. სიმართლე გითხრათ, არა ვარ "ასავალ-დასავალის" მკითხველი და არ ვიცი, რას წერდა ზაზა დავითაია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არა აქვს. ადამიანს ერჩიან იმის გამო, რომ მას აქვს საშუალება, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას და უთხრას ის, რისი სურვილიც აქვს.

ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია და ძალადობა ძალადობაზე ხდება - გავიხსენოთ თავდასხმა ავტობუსის მძღოლებზე, ქალებზე ძალადობა, რის გამოც ათეულობით ქალი გარდაიცვალა, დღეს კი ჟურნალისტს მეორედ უსწორდებიან ფიზიკურად.

ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტს ესხმიან თავს, ანუ იმ პირს, რომელსაც ხელი მიუწვდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ეს ყოვლად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რისი თქმა უნდა ადამიანს და ვეთანხმებით თუ არა, რასაც ის ამბობს.


ნანა ფიცხელაური
დათო
03 ნოემბერი 2014 14:20
ღირსების ნატამალი არ გაგაჩნია, რამხელა სიბინძურეს ავრცელებ და აბრალებ ადამიანს, ჯერ ერთი რომ არავიტარი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მომხდარა ეგ ჩხუბი, მითუმეტეს არც უღიარებია ეგეთი რამე, სახეში გაგილაწუნა იმიტომ რომ კითხვაზე თუ რატომ თანამშრომლობდი ვლადიმერ ხომერიკთან(რომლისგანაც ჯილდოებს იღებ. და ნეტავ რატომ იღებს ღირსეული ადამიანი თუა ოკუპანტისაგან ჯილდოებს? რა სიკეთე მოუტანე ოკუპანტს, რისთვის გაჯილდოვებს?), შეაგინე და ხელი დაუჯიკავე როცა მოგიწოდა ზდილობისკენ და ინსტიქტურად ამანაც გაგილაწუნა ამის მერე.
მერე კიდევ რად უნდა ამას ზომბირება და ვინმეს ჭკუის დარიგება? ადამიანი აგვისტოს ომში იბრძოდა რომ აქ რუსული დროშა არ არფიალებულიყო, მისი თანამებრძოლები დაიღუპნენ და შენ სამარცხვინოდ ჯილდოებს რომ იღებ ოკუპანტებისაგან, არ ქონდა უფლება გაეკიცხა და დაეგმო შენი უღირსი საქციელი? მას ცემის და მითუმეტეს დევნის განზრახვა კიარ ქონდა, მხოლოდ უნდა მიეთითებინა რომ ეგ უღირსი საქციელია. ამას მოყვა შენგან გინება და ამას მოყვა რომ გაგილაწუნა. ვიმეორებ, იმიტომ კიარ მოგხვდა ღრანჭებში, თუ რა პოლიტიკური შეხედულება გაქვს, არამედ იმიტომ რომ შეაგინე პატრიოტ ადამიანს, ოკუპანტების წინააღმდეგ და სამშობლოს დასაცავად მებრძოლს, რომლის მტრისაგან ჯილდოებსაც იღებ.
პ.ს. მაგ ცრუ ინფორმაციისა და ბრალდებებისათვის, პასუხს აგებთ, შენც, ტრისტან წითელაშვილიც, შოთა აფხაიძეც და გიგა გიგაურიც.
aleksandre
01 ნოემბერი 2014 10:35
წულუკიანს ავალებს მისი საქმის სტრასბურგში გადაგზავნას,არა კი არ ავალებს მოითხოვს!---ქართველი ჟურნალისტის ინტელექტის უმაღლესი დონე!:D მარტო ამისთვის იყავი საცემი ასეთ სისულელეს რომ წერ, ასავალ-დასავალი რაგაც გაურკვ ეველი სექტაა გაზეთი კი არა.ჯერ ამან როგორ უნდა გცემოს ამხელა ბეხრეწი
nino maRalaSvili
31 ოქტომბერი 2014 10:36
გაითვალისწინონ ჟურნალისტებმა და თავად ამ ზაზამაც რომ სკანდალებისათვის ხალხში ამდენი ბოღმისა და სიძულვილის თესვას ასეთი შედეგები მოაქვს, ნუ ახალისებთ ძალადობას თქვენს სტატიებში, გააკრიტიკეთ პარლამენტარები, ყოველდღე რომ ისმის ძალადობისაკენ მოწოდება და სხვადასხვა მოტივით ძალადობის გამართლება. იდექით სიმართლის მხარეს და ნუ ცხოვრობთ მაამებლობით!
სწორედ თქვენ დანერგეთ საქართველოში "თუ ჩემიანია - სწორია უფლებები არ დაურღვიო, თუ შენიანია - მტყუანია, მოღალატეა და სცემე, მოკალი..."
მართალ-მყუანის ჩვენებას პროფესიონალური სიმაღლე უნდა და არა შიშველი ძალადობისაკენ მოწოდება!

რედაქტორის რჩევით