"იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა? პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!" - რატომ ჩამოიხრჩო თავი 3 შვილის დედამ… - კვირის პალიტრა

"იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა? პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!" - რატომ ჩამოიხრჩო თავი 3 შვილის დედამ…

"საწყალ გოგოს დეპრესია ჰქონდა და ეტყობოდა, რაღაც უჭირდა"

"სოფელში არ ჩანდა, რომ ეს გოგო ოჯახში არ მოსწონდათ."

ხელვაჩაურის სოფელ ქვემო სალიბაურში 22 წლის  ქალის თვითმკვლელობამ 2014 წელს მომხდარი სუიციდების რამდენიმე ათეული შემთხვევა კიდევ ერთით გაზარდა. გარდაცვლილი მ.დ.-ს 3 ობოლი ბავშვი დარჩა, რომელთაგან უფროსი 5 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავი საძინებელ ოთახში კარადაზე გამობმული ქამრით მაშინ ჩამოიხრჩო, როცა დედამთილმა ბავშვის პერანგისთვის გაგზავნა. დაახლოებით საღამოს 22.00 საათი იყო, რძალ-დედამთილი ბავშვებს დასაძინებლად ამზადებდნენ… როცა მ.ბ. საძინებელ ოთახში ყელზე ქამარშემოხვეული იპოვეს, მისი გადარჩენა უკვე გვიანი აღმოჩნდა.

რ.კ., სოფელ ქვემო სალიბაურის მკვიდრი: საზარელი ფაქტი მოხდა. ამ ოჯახი რძალს ცუდად არ ექცეოდნენ. დედამთილ-მამამთილს რაც შეეძლო ქალს ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა…

- მხოლოდ აღზრდაში დახმარება ხომ არ არის მთავარი... შეურაცხყოფას აყენებდნენ? მეუღლე ეხმარებოდა ცოლს?

- მაგ გოგოს ქმარი უსაქმური არ არის, მუშაობს. ექიმთან წაყვანა იყო თუ სხვა რამ, ბავშვებს მამა ნამდვილად პატრონობდა. რაც შეეხება დედამთილ-მამამთილს, მათ რძლისთვის შენიშვნის მიცემის უფლება აქვთ.

- თავად მეუღლეებს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? გავრცელებული ინფორმაციით, მძახლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, როცა შვილის გარდაცვალების შესახებ მეუღლის ოჯახმა ჩაქვში რძლის მშობლებს შეატყობინა, მათ გარდაცვლილის მაზლს სცემეს, მიცვალებული ოჯახს არ დაუტოვეს და ჩაქვში გადაასვენეს…

- მშობლები შვილს სად დაკრძალავენ მათი საქმეა. გოგოსა და მის ქმარს შორის რა ურთიერთობა იყო, ეგ თავად იცოდნენ... მაგ გოგოს არაფერი ეტყობოდა, რომ ქმარი ცუდად ექცეოდა.

- როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მისი ქალიშვილი მამამთილს არ მოსწონდა, ხოლო ქმარი მშობლებთან ტელეფონით ურთიერთობას უკრძალავდა... - ეგღა გვაკლია ჭკუა მაგათმა გვასწავლონო.

- გარდაცვლილის დედა რას ამბობს მისი საქმეა. სოფელში არ ჩანდა, რომ ეს გოგო ოჯახში არ მოსწონდათ.

- 3 შვილის გაჩენა და გაზრდა 22 წლის ასაკში ალბათ, მძიმე ტვირთია. ეს ნებაყოფლობითი ქორწინება იყო?

- არა, მშობლებმა გოგო ნებაყოფლობით გაათხოვეს, მაგრამ იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა?  პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!

შ.მ., სოფელ სალიბაურის მკვიდრი: - არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მგონია, მაგ გოგოს დეპრესია ჰქონდა…

- დეპრესიასაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა? თავის მოკვლა რამ გადააწყვეტინა?

- თავის მოკვლა თუ გინდა, მაგას წინ რა დაუდგება? ისე, ამ საწყალ გოგოს ეტყობოდა, რაღაც უჭირდა, როცა ელაპარაკებოდი, თითქოს რეაქცია არ ჰქონდა… თითქოს სულ სხვაგან იყო, ისე იჯდა და გაშტერებული გიყურებდა…

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)