"უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა" - რატომ მოიკლა თავი 3 შვილის დედამ?
03-11-2014
"უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა" - რატომ მოიკლა თავი 3 შვილის დედამ?
"უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა"

"გოგო დაშინებული იყო და მშობლებთან დაბრუნებაზე უარს ამბობდა. მერე გავიგეთ, ქმარი ძმისა და ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა"


ტრაგედია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში დატრიალდა. სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, 22 წლის მადონა დავითაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოჯახის ინფორმაციით, იგი საძინებელში კარადასთან იპოვეს, ქალს ყელზე თავისი ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი.

შემთხვევიდან უკვე სამი საათი იყო გასული, რომ თავზარდამცემი ამბავი გოგონას ძმას დის მაზლმა შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე
მისულ მადონას მშობლებსა და ბიძაშვილებს შემზარავი სურათი დახვდათ - ახალგაზრდა ქალის ცხედარი საწოლზე ესვენა, ოთახში პოლიციელები და კრიმინალისტები ტრიალებდნენ.

მადონას დედა სიძესა და მის მშობლებს ადანაშაულებს, ამბობს, რომ გოგონა ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლა. გარდაცვლილის მამას, ძმას, ბიძაშვილებსა და სიძის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და
მათი გაშველება მხოლოდ სამართალდამცავების ჩარევით მოხერხდა.

მადონა დავითაძის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, მშობლების სახლში გადაასვენეს.

გამწარებული დედა სახეს იხოკავდა და შვილის ფოტოებთან მოთქვამდა: - რატომ მომიკლეს ჩემი ლამაზი შვილი, რატომ გამამწარეს! ნახეთ, რა ლამაზი შვილი მყავდა და ახლა როგორი მომისვენეს. შვილი აღარ მყავს, რა ვქნა, ვერ ვუშველეთ ჩემს გოგოს. ყველამ იცის, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი!

ქმარი ყველაფერს უკრძალავდა. ჩვენთან ტელეფონზე დალაპარაკების უფლებასაც არ აძლევდა. რამდენჯერ დავაპირე მისთვის ტელეფონის ყიდვა, მაგრამ მითხრა, დედიკო, არ მომცე, აზრი არა აქვს, მაინც დაამტვრევსო. ძალადობის მსხვერპლი იყო ჩემი შვილი. თვითმკვლელობამდე მიიყვანეს დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა. არ ვაცოცხლებ მაგათ! წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდეს, რომ სამი შვილი უპატრონოდ დატოვა და თავი მოიკლა.

არადა, შვილებზე გადამკვდარი იყო, ისინი აცოცხლებდა. ახლა უდედოდ უნდა გაიზარდონ. არ ვიცი, რა უქნეს ჩემს შვილს, რომ ასე დაასრულა სიცოცხლე. შეიძლება სცემეს კიდეც, არ დამითვალიერებია ჯერ ჩემი ნატანჯი შვილის სხეული. არ ვიცი, რა დაზიანებები აქვს. ძალიან დასუსტებულია, დალეულია ჩემი ლამაზი გოგო, ვერ მოვისვენებ, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს...
უფრო მეტი დეტალის გარკვევა გარდაცვლილის ბიძაშვილ ზაზა დავითაძესთან ვცადე. ზაზა ამბობს, რომ მადონა გარიგებით გაჰყვა მასზე 10 წლით უფროს ბადრი შარაშიძეს. 

ზაზა დავითაძე: - მადონას დეიდასთან ერთად ვაჭრობდნენ ბადრის მშობლები, იქ უნახავთ გოგო, მოსწონებიათ და ხელის სათხოვნელად ოჯახში მოვიდნენ. მაშინ მადონა 16 წლის იყო.
ოჯახს არ უნდოდა პატარა ასაკში გოგოს გათხოვება, მაგრამ თავი არ დაანებეს. ჩვენს ჭკუაზე გავზრდითო და წაიყვანეს. ასე გარიგებით გაჰყვა იმ კაცს, ქორწილიც ჰქონდათ, მაგრამ მალე შეექმნა პრობლემები.

ვაცხადებ, მადონას სიკვდილის მიზეზი ოჯახში ძალადობაა. გოგოს წამოსაყვანად სანათესავო 2 წლის წინ მივედით, მაშინ ორი შვილი ჰყავდა მადონას, ქალ-ვაჟი. პოლიციის თანხლებით მივედით, მაგრამ მისი წამოყვანა ვერ მოვახერხეთ,  გოგო დაშინებული იყო და უარი თქვა. თურმე ქმარი ძმისა და ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა. ეს მოგვიანებით გვითხრა მადონამ. ნაცემიც გვინახავს. თავიდან ამას მალავდა.

დედამისი ატყობდა, რომ ცუდ დღეში იყო. ერთხელ სააბაზანოში შეჰყვა და თავისი თვალით ნახა, შვილს დალურჯებული რომ ჰქონდა ტანი.
მაშინ გამოუტყდა მადონა, ყველაფერი უამბო. მშობლების სახლში მოსვლასაც ვერ ახერხებდა. იმ ოჯახში 6 წელი ფაქტობრივად წამებაში გაატარა. სამი შვილი ჰყავს, უფროსი გოგონა 5 წლისაა, შუათანა ბიჭია, 3 წლის, ნაბოლარა გოგონა კი წლის. მადონა არ მალავდა, რომ ქმართან ერთად დედამთილი და მამამთილიც  შეურაცხყოფდნენ, ლანძღავდნენ.

როცა საქმე წამოყვანამდე მივიდა, ისე დააშინეს, პოლიციას უთხრა, მე კარგად ვარ და ნუ მირევთ ოჯახსო. რა გვექნა, დავტოვეთ. არადა, ყველანი ვხედავდით, რა დღეშიც იყო.
ვერ დავიცავით მისი სიცოცხლე. თურმე აშIინებდნენ, შვილებს არ განახებთო. მადონა ოჯახში მონასავით ჰყავდათ, ვირივით ამუშავებდნენ. რომ ჰკითხო, მორწმუნე ოჯახია, მაჰმადიანები არიან, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ასეთ რამეს ჩაიდენს? ჩვენც მაჰმადიანები ვართ.
მადონას უთქვამს, ისეთ დღეში ვარ, ალბათ, თავს მოვიკლავო. სამწუხაროდ, ვერ დავარწმუნეთ, რომ ხმა ამოეღო და მშობლებთან დაბრუნებულიყო. არაფერს გავუჭირვებდით, ყველანი დავუდგებოდით გვერდში.

- ბოლოს როდის ნახეთ?
- ორი კვირის წინ ბიძაშვილის ქორწილში მოვიდა. ასეთ დროს თუ გამოუშვებდნენ მხოლოდ. სამი მცირეწლოვანი ბავშვით მოიყვანეს და დატოვეს. ქმარიც არ დარჩენილა ქორწილში. შემდეგ ჩვენ გავაცილეთ სალიბაურში... დათრგუნვილი იყო, ეტყობოდა, რომ დატანჯული იყო. გულში იკლავდა დარდს. ბიძაშვილისთვის უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა.
ეს უბედურება რომ მოხდა, მაშინვე გავიქეცით. რომ მივედით, მხოლოდ ერთ ოთახში იყო შუქი. პოლიციელებმაც გვითხრეს, ძლივს მოვაგენით, რადგან ირგვლივ სიბნელე იყოო. გვეუბნებიან, კარადაში ჩამოიხრჩო თავიო, მაგრამ ეს რამდენად სარწმუნოა, არ ვიცი. სიმართლე პოლიციამ უნდა გაარკვიოს. როცა მივედით, მადონა საწოლზე ესვენა, ამ მდგომარეობაში დახვდა თურმე პოლიციასაც. ამდენს ვეღარ გაუძლო მისმა გულმა და თავი მოიკლა, ან შეიძლება ცემის დროს შემოაკვდათ და შემდეგ გაითამაშეს თვითმკვლელობის სცენა. კარადაში ადამიანმა თავი როგორ უნდა ჩამოიხრჩოს? წამებით, საცოდავად მოკვდა ჩვენი მადონა. ყველაზე ადამიანური იმ სახლში ბადრის ძმაა, გიორგი. სხვა ყველა დასასჯელია. არ ვიცით, რა ბედი ელით მის ბავშვებს. ალბათ, კანონი გადაწყვეტს. საინტერესოა, პოლიციას შემთხვევიდან საათ-ნახევრის შემდეგ რატომ შეატყობინეს? ესეც აჩენს კითხვებს, ამდენი ხანი რას აკეთებდნენ? რა კვალს შლიდნენ?

განსხვავებულია შარაშიძეების ოჯახის პოზიცია. ისინი მადონა დავითაძეზე ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა, ვერ ხსნიან, რატომ მოიკლა თავი.
მამამთილი, თემურ შარაშიძე ამბობს, რომ უკმაყოფილება ოჯახში არ ჰქონიათ. "ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა, რატომ მოიკლა თავი, არ ვიცით, ამას პოლიცია დაადგენს", - ამბობს იგი.
გარდაცვლილის მაზლის, გიორგი შარაშიძის თქმით, ტრაგიკული შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20 საათზე მოხდა. იმ დროს დედამთილმა რძალი ჩვილი ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად მეორე სართულზე გაუშვა.

"7-8 საათი იქნებოდა. ჩემი რძალი მეორე სართულზე, თავის ოთახში ავიდა ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად. გავიდა 15 წუთი და რომ აღარ დაბრუნდა, დედაჩემმა ააკითხა და საშინელი სიტუაცია დახვდა - მადონას ყელზე ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და იატაკზე იწვა. უკვე მკვდარი იყო. რატომ გააკეთა ეს, ჩვენთვის გაუგებარია", - ამბობს გიორგი შარაშიძე.
სისხლის სამართლის  საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მალე ექსპერტიზის შედეგი გახდება ცნობილი. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს დაღუპულის ოჯახის წევრები, გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
nina
13 ნოემბერი 2014 16:32
თქვე კაი ოჯახის შვილებო, ამდენი კაცი თუ ეხვიეთ გარშემო ამ საცოდავ გოგოს, ერთი ვერ შემოულაწუნეთ ,,სიძეს''????????/ რას ქვია დედას არ ალაპარაკებდა?? თუ იცოდით რო მონასავით ყავდათ ერთმა ვერ ივაჟკაცეთ რო გაგერკვიათ რა ხდებოდა და ძალით წამოგეყვანათ იქიდან??თან რო ატყობდით რო დარდიანი იყო და კარგად არ იყო? ან როგორ იქნებოდა კარგად 16 წლისა რო გარიგებით გაატანეთ ვიღაცას!!!!!! რა ქონდა 16 წლის ბავშვს გასარიგებელი?? ამ ტრაგედიაში გოგოს მხარესაც მიგიძღვით ბრალი! რო ასე შეატოვეთ არაადამიანების ჯგროს!!!! იმედია ეხლა მაინც გეყოფათ შეგნება და კაცობა და ბავშვებს მაინც მიხედავთ!!!!!!
sofo
05 ნოემბერი 2014 13:25
ხალხო არ უნდა დაისაჯოს ასეთი რამის ჩამდენი? შვილებს დედა მოუკლეს, ესენი ხომ უჯილაგო ხალხია.
tea
04 ნოემბერი 2014 21:21
მთელმა სოფელმა იცის რომ ცემეს და შემოაკვდათ ქმარს და სხვა დანარჩენ ოჯახის წევრებს იმედია პოლიცია ნორმალურად გამოიძიებს ამ საქმეს და სათანადოდ დაისჯებიან დამნაშავეები. სამივე შვილი სახლში გააჩინა ექიმთანაც არ მიუყვანიათ, მონად ყავდათ ,საცოდავი გოგოო :(

რედაქტორის რჩევით