მკვლელობა პეკინზე, - "სულ ქალის ტანსაცმლით დადიოდა, მაგის ტანზე შარვალი არ გვინახავს…" - კვირის პალიტრა

მკვლელობა პეკინზე, - "სულ ქალის ტანსაცმლით დადიოდა, მაგის ტანზე შარვალი არ გვინახავს…"

თბილისში პეკინის # 14 -ის ერთ-ერთი სადარბაზოში, ერთოთახიანი ბინის დაწვის შემდეგ ამავე ბინიდან გამოტანილი მუთაქებიც კვლავ სადარბაზოში ყრია. ღამის 1-ელ საათზე გაჩენილ ხანძარს მეზობლები შემთხვევით გადაურჩნენ. პოლიციამ ჩაკეტილი კარი გააღო თუ არა ოთახიდან ცეცხლის ალი გამოვარდა. რამდენიმე წამის შემდეგ ბინაში გარდაცვლილი, დაახლოებით 25 წლის მამაკაციც დაინახეს, რომელიც სისხლის გუბეში იწვა.

მამაკაცი, რომელსაც მეზობლებთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, მეზობლებისვე თქმით თქმით, დაქირავებულ ბინაში ვხოვრობდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 25 წლის ბექა ბერიანია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ფსევდონიმ "საბით" იცნობს. არსებული ინფორმაციით, ის "ლგბტ" თემის წარმომადგენელი იყო.

შ. ხ; მოკლულის მეზობელი: - ამ ადამიანმა ეს ბინა თვეების წინ იქირავა. ალბათ ჰქონდა ფული ან ვინმე ჩუქნიდა. ეზოში ნებისმიერ დროს დაინახავდი, საკმაოდ ძვირიანი, თანაც სულ ქალის ტანსაცმლით დადიოდა. ძალიან ცნობილი ფირმების ტანსაცმელი ეცვა, ასევე ფეხსაცმელებიც… პომადითა და მაკიაჟით დადიოდა, თმაც გრძელი ჰქონდა…

- გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ტრანსგენდერი იყო, ეს ხომ არ იწვევდა მეზობლების აგრესიას?

- რა აგრესია უნდა გამოეწვია? მეზობლებთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა! დადიოდა თავისთვის და ყურადღებას არავის აქცევდა. ეგ ადამიანი რამდენი ხანია, ჩვენს ეზოში ცხოვრობდა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება არც კი უფიქრია არავის.

ლ. ო; მოკლულის მეზობელი:

- ასე თუ ისეა, ძალიან ახალგაზრდა ადამიანი მოკვდა, ადამიანი ადამიანს ასე როგორ იმეტებს, რომ უბედურს ყელი გამოჭრა? მერე კი მიადგა და ტანზეც დასერა!

- როგორ ფიქრობთ, ეს წინასწარგანზრახული მკვლელობა იყო?

- აბა, იმდენი ხანი ადამიანს რომ დანა უჭირავს და მეორე ადამიანს ჭრის, ეს შემთხვევითობაა?! ალბათ ისევ თავისი ნაცნობი თუ მოკლავდა, თორემ გასაღები სხვას ვის ექნებოდა, - მკვლელს ჯერ ყელი გამოუჭრია, მერე კარი გამოუხურავს და გასაღებითაც გადაუკეტია. ალბათ იფიქრა, - როცა სულ დანახშირდება, ვიღა მიხვდება, როგორ მოკვდაო…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)