"ასჯერ გადამგდები" ისევ დაუსჯელია(?!)
17-11-2014
"ასჯერ გადამგდები" ისევ დაუსჯელია(?!)
ფრთხილად, არ გაებათ თაღლითების მახეში!

ბოლო დროს არაერთი მოქალაქე გახდა თაღლითობის მსხვერპლი და დღემდე უშედეგოდ ეძებს სამართალს. დაზარალებულების თქმით, მოქალაქე მზია გასიტაშვილმა ათეულობით ადამიანს გამოსძალა ფული... სასამართლომ გირაო შეუფარდა, გარეთ დატოვა და კვლავ ახერხებს ხალხის მოტყუებას. დანაშაულებრივი სქემა ასეთია: გასიტაშვილი საბურთალოზე პატარა ოთახს აგირავებს. მსურველები მასთან ნოტარიულად აფორმებენ სესხის ხელშეკრულებას, ფულს ნოტარიუსის თანდასწრებით აძლევენ, მაგრამ ვერც ბინაში შედიან და ვერც თანხას იბრუნებენ უკან.

დაზარალებულთა შორის არის 67 წლის ნინო ასკილაშვილი
- "კვირის პალიტრის" თანამშრომელი, რომელიც ერთ წელზე მეტია, უშედეგოდ ითხოვს სამართალს:


"36 წელი ჩხეიძის ქუჩაზე ვიცხოვრე და როგორც ბევრ "ატსტუპნიკს", პრობლემები მეც შემექმნა. 5.123 დოლარი გადამიხადეს და ახალი წლის დღეებში ქუჩაში აღმოვჩნდი. დასაგირავებელ ბინას ვეძებდი და გავიცანი მზია გასიტაშვილი. მითხრა, რომ ბალანჩივაძის ქუჩაზე აგირავებდა ერთ
ოთახს 5.000 დოლარად. ფართი მომეწონა, მაგრამ ბინა მოუვლელი იყო და დამპირდა, რომ მოაწესრიგებდა. ნოტარიუსთან 2013 წლის 17 დეკემბერს გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება. კანონებში ვერ ვერკვეოდი და მერეღა აღმოვაჩინე, დოკუმენტში არ ეწერა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ იმ ბინაში უნდა მეცხოვრა. იმ ქალს ნოტარიუსის თვალწინ ჩავუთვალე ფული. მითხრა, ძმის წლისთავი მაქვს, ორი დღე დამაცადეო, მაგრამ დრო გადიოდა, ის კი ბინაში არაფერს აკეთებდა. მერე კარგა ხანს მემალებოდა. გვიან მივხვდი, რომ თაღლითთან მქონდა საქმე - ვერც ბინაში შეღწევა შევძელი და ვერც ფულის დაბრუნება. თურმე ასე ბევრი ჰყავს მოტყუებული. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ივაჟკაცა, იმ ოთახში შეაღწია და ცხოვრობს, მე კი გარეთ დავრჩი. თურმე ბინა მისი გარდაცვლილი დედამთილის სახელზეა გაფორმებული. ერთი წელია, დავდივარ პოლიციაში, პროკურატურაში, ვითხოვ სამართალს, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ხუთი თვე მეზობელმა შემიფარა, მაგრამ თვითონაც ისე ვიწროდ იყვნენ, იქ გაჩერება ვეღარ შევძელი. დღეს უსახლკაროდ ვარ დარჩენილი. დამნაშავე კი დღEემდე დაუსჯელია და ისევ ატყუებს ხალხს. შვილიც გარეწარი ჰყავს, ირმა ლოლუა. ერთად თაღლითობს დედა-შვილი. ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე, რომელიც ადრე თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, თავის ცოლთან ერთად იცავს მათ და, ალბათ, ასწავლა სამართლისგან თავის დაძვრენის გზები. მის სახელზე ქონება არ ირიცხება. პროკურატურაში მფარველები მყავს, პოლიცია ფეხებზე მკიდია, ვერაფერს დამაკლებო, მეუბნებოდა. კიდევ აქეთ მემუქრება ის თაღლითი. იმ ფულის მეტი ამქვეყნად არაფერი გამაჩნია, ყველანაირად მიწყობს ხელს "კვირის პალიტრა," მაგრამ მინდა ჩემი ფული დავიბრუნო, ჭერის გარეშე ვრჩები. მოტყუებული ხალხის ფულით მზია გასიტაშვილი თავისი შვილიშვილებისთვის მასწავლებლებს ქირაობს და სხვადასხვა საგანში ამზადებს. სად არის სამართალი? გამანადგურა ამ ქალმა, შემერყა ჯანმრთელობა. გთხოვთ, სამართლის პოვნაში დამეხმაროთ".

ფაქტზე გამოძიებას  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელი ნანა პატარაია იძიებს. "ამ საქმეზე ინფორმაციის გაცემის უფლება არა მაქვს, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს", - ასეთი კომენტარი გააკეთა მან.

ნინო ასკილაშვილის მსგავსად გასიტაშვილმა მოქალაქეს 8.000 დოლარი გამოსძალა.

გია მიქაია: "ჩემმა მეუღლემ მზია გასიტაშვილს 8.000 დოლარი მისცა. ბინაში გირაოთი უნდა გვეცხოვრა, მაგრამ არ შეგვიშვა. დაიდო სესხის ხელშეკრულება და თაღლითის მსხვერპლი გახდა ჩემი ცოლიც. რატომ არ იჭერენ ამ ქალს? ან გაისტუმროს ეს ვალები, ან ჩასვან ციხეში. საგანგაშო ის არის, რომ გირაოთია გამოშვებული და ისევ აგრძელებს ხალხის მოტყუებას. დიდხანს ვეძებდით და ვერ ვპოულობდით. როცა მივაგენი, მითხრა, ოღონდ ახლა არ მიჩივლო და ფულს დაგიბრუნებო. ხელწერილიც დაწერა ნოტარიუსთან: მე, მზია გასიტაშვილი, პირობას ვდებ სამ თვეში გავისტუმრებ 8.000 დოლარს და გადავცემ ჩემს მოვალეს, მარინა გოგიშვილს, თუ არა და, დავისაჯო კანონის მთელი სიმკაცრითო, მაგრამ ეს ხელწერილიც ფარატინა ფურცელი აღმოჩნდა. ბევრი დაზარალებული ჰყავს, ოთხი საქმე ჰქონდა სასამართლოში - ჯერ სამოქალაქო წესით უჩიოდნენ, ამას დაემატა პროკურატურაში კიდევ 3 საქმე, ამის მერე კიდევ რამდენიმე მოქალაქე მოატყუა. გამაგებინეთ, რატომ არ აპატიმრებენ?! როცა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამომძიებელთან მივედი, მითხრა, რომ დაიჭირონ, ციხეში წავა და ამ ფულსაც დაკარგავთო. ეს არის პასუხი? გამწარებულმა ჩემს ახლობელ ადვოკატს ვთხოვე ჩართულიყო საქმეში და დაეცვა. ის ადვოკატიც გადააგდო, მასაც არ გადაუხადა გასამრჯელო. 7 თვეა იმალება, ვერ ვპოულობთ. როგორც ვიცი, კიდევ 5 მოქალაქე მოატყუა. იყო ასეთი შემთხვევაც: ბინა იქირავა, ორი თვის ქირა გადაუხადა პატრონს და მერე ის ბინა დააგირავა. იქ მდგმურები შეუშვა, ორი თვის მერე გაირკვა, რომ ის ხალხიც მოუტყუებია. შვილიც მასთან ერთად მოქმედებს. როდემდე უნდა ითაღლითოს, გამაგებინეთ?!"

თაღლითობის ბრალდება მზია გასიტაშვილს ერთხელ უკვე წაუყენეს. იმ საქმეში რამდენიმე დაზარალებულია და სასამართლოშია განსახილველად შეტანილი. ჩვენ დავუკავშირდით პროკურორ შორენა ნიქაბაძესაც: "გასიტაშვილი ბრალდებულია, მაგრამ იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ. ერთი საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. დაზარალებული ბევრია, თუმცა, მათ შორის არ არის ნინო ასკილაშვილი. გამოძიებაშია მეორე საქმეც, იქ უნდა იყოს კიდევ რამდენიმე დაზარალებული და მათ შორის ასკილაშვილიც. გასიტაშვილი გირაოთია გათავისუფლებული. სანამ განაჩენი არ დადგება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ".

P.S. დაზარალებულებს, რომლებმაც ძლივს შეკოწიწებული თანხები დაკარგეს, ამ ეტაპზე ვერაფრით ვანუგეშებთ. ისღა დაგვრჩენია, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ - თაღლითების მსხვერპლნი რომ არ გახდეთ, სანამ ხელშეკრულებას გააფორმებთ, დეტალურად შეისწავლეთ, რა რისკები შეიძლება დაგემუქროთ.  

თეა ხურცილავა

lali
20 ნოემბერი 2014 11:23
ნაკუწ ნაკუწ უნდა უქციო რაც გააჩნია და ციხეხში დაალპო ის და მისი ნოტარიუსებიც

რედაქტორის რჩევით