მე-7 კლასელი გოგონას გაუპატიურებამ გურჯაანი შეძრა - კვირის პალიტრა

მე-7 კლასელი გოგონას გაუპატიურებამ გურჯაანი შეძრა

"ერთმა გოგონამ ეს ამბავი დედამისს უამბო და სწორედ მან აცნობა სკოლის დირექტორს"

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონის ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურეს და ამის შემდეგ გოგონაზე მე-8 კლასელი ბიჭები თითქმის ორი თვე ძალადობდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მისი გაუპატიურება ტელეფონით გადაიღეს და მსხვერპლს ვიდეოს გამოქვეყნებით აშინებდნენ. ბოლოს ეს ამბავი გახმაურდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, მოხდა თუ არა მასზე ჯგუფურად ძალადობა. ამის შემდეგ გადაწყდება, მიეცემიან თუ არა პასუხისგებაში მოწმის სახით დაკითხული ბიჭები. გოგონამ სამართალდამცავებს ძალადობის ადგილიც აჩვენა.

სისხლის სამართლის კოდექსით, პირის პასუხისგებაში მიცემა 14 წლის ასაკიდან შეიძლება, ძალადობაში მხილებული ხუთი ბიჭიდან კი 14 წლის მხოლოდ ერთია, დანარჩენი ოთხი ჯერ 13 წლისაა.

გოგონას ოჯახის წევრები ახლოს არავის იკარებენ. ნატალია მთივლიშვილი სოციალური სამსახურის თანამშრომელია. ის მივიდა დაზარალებულის სახლში, მაგრამ გოგონასთან შეხვედრა ვერ შეძლო.

ნატალია მთივლიშვილი: - პოლიციის სამმართველოში ინფორმაცია სრულად ვერ მივიღეთ, ამიტომ გოგონას სოფელში ჩავედით, მაგრამ ოჯახის წევრებმა შინ არ შეგვიშვეს. ბავშვის ბებიამ ჯოხიც კი მოგვიღერა... პოლიციელს ვთხოვეთ დახმარება, თან შევახსენეთ მემორანდუმი, რომელიც პოლიციას ავალდებულებს,  ბავშვის უფლებების დასაცავად კოორდინირებულად იმოქმედოს, მაგრამ  პოლიციელმა - ახლა მემორანდუმებისთვის არ მცალიაო და გაგვეცალა.

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მომხდარით შეძრული არიან.

"მთელი სკოლა გაოგნებული და აღშფოთებულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთი რამ არ მომხდარა საგაკვეთილო პერიოდში. სანამ ფაქტი არ დადასტურდება, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. თუ ბიჭების ბრალეულობა დადასტურდა, სკოლიდან გაირიცხებიან. ჩვენ გოგონას გავესაუბრეთ. ის დათრგუნვილი იყო, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობდა. ჩაძიების უფლება არ გვქონდა, ამიტომ  ოჯახს შევატყობინეთ",–- გვითხრა  სკოლის დირექტორმა.

დაზარალებული პირველი კლასიდან ამ სკოლის მოსწავლეა, აქვე სწავლობს მისი უფროსი დაც. გოგონას მშობლები გაცილებული არიან, დედა თურქეთშია სამუშაოდ, გოგონები კი ბებიასა და ბიძასთან იზრდებიან.

ჩვენ სოფლის მცხოვრებს გავესაუბრეთ: - ზაფხულობით სოფლის ცენტრში იკრიბებიან ახალგაზრდები და ჭიდაობაში შეჯიბრება იმართება. მაშინ მომხდარა ეს ფაქტიც. ბიჭს უთქვამს გოგოსთვის, მოდი, დაგელაპარაკები და ცოტა გავისეირნოთო. მერე კი ეს საშინელება მოხდა... ამის შემდეგ თურმე აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. ეჭვი ორ ბიჭზე აქვთ. ერთი შეყვარებულად ასაღებდა თავს, მეორეც იმავე სკოლის მოსწავლეა. გოგონები გაკვეთილის მერე სახლებში რომ მიდიოდნენ, ეს ბიჭები მათ გზაზე ხვდებოდნენ. იმ ადგილს რომ მიუახლოვდებოდნენ, სადაც გზის ასახვევია, თურმე ბიჭები თმაში სწვდებოდნენ ამ გოგოს და მიათრევდნენ. შეშინებული გოგონა თურმე თანაკლასელ გოგონებს ეუბნებოდა, თქვენ წადით, მე დაგეწევითო და ბიჭებს მიჰყვებოდა. ერთმა გოგონამ ეს ამბავი დედამისს უამბო და სწორედ მან აცნობა სკოლის დირექტორს.

საწყალ გოგოს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, რა მოხდა. ამ ბიჭებიდან ერთი მართლაც გარეწარია.

ფაქტის გამოძიება გრძელდება. გოგონას მდგომარეობით გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.

თეა ხურცილავა