"გუანტანამოს პატიმრები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ" - კვირის პალიტრა

"გუანტანამოს პატიმრები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ"

ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნის საფუძველზე, 21 ნოემბერს გუანტანამოს საპატიმროდან საქართველოში სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. წარმოშობით იემენელ ყოფილ პატიმრებს საქართველოში გადაადგილება არ შეეზღუდებათ, არასაპატიმრო პირობებში ანონიმურად იცხოვრებენ და მუდმივად სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

- ჩვენი უწყება იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება დაცული იქნება. ასევე უზრუნველყოფილი იქნება ამ ადამიანების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.

უცნობია, რა ბრალდებით იხდიდნენ  პატიმრები სასჯელს. "ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდასთან" თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი.

ანალოგიური ჰუმანიტარული აქტი 2010 წლის მარტშიც განხორციელდა, როდესაც საქართველოში კუბიდან გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს. პატიმრების ვინაობა არ გახმაურებულა, თუმცა ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა იუწყებოდა, რომ ორი ლიბიელი, ერთი კი - ირანელი ტერორისტი იყო. დიდი თანხის სანაცვლოდ თურქეთში გააპარეს.

იოსებ ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში: - ობამამ გუანტანამოს ციხიდან ამნისტიის საფუძველზე დაახლოებით 300 პატიმარი გაათავისუფლა და ახლა მათი უმრავლესობა სირიასა და ერაყში იბრძვის.  არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, სადაც თურქეთის რეგულარული ჯარის მოსამსახურეები მოჯაჰედებს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამართვაში ეხმარებიან. ჩვენთვის

ასეთი ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ საქართველოს მთავრობა არ უნდა დასთანხმებოდა ამ პატიმრების მიღებას ისევე, როგორც ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას მანამ, სანამ არ გვეცოდინებოდა, ვინ მომზადდება იქ.

სხვადასხვა მონაცემით, ამ ბაზაზე მომზადება უნდა დაიწყონ  სირიის თავისუფალი არმიის წარმომადგენლებმა, რომლებისგანაც შედგება ხალიფატის ჯარი და რომელთა რაოდენობამ სირიასა და ერაყში 200 000-ს მიაღწია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტები იმ 390 ტონა ჰეროინზე პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას. რატომ ვერევით იმ თამაშში, რომელზეც არაფერი ვიცით? ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოიყვანეს, საქართველოდან სად წავლენ და რას გააკეთებენ, არავინ იცის. შეუძლებელია მათი გაკონტროლება. ერთადერთი შანსი, მათთან თანამშრომლობაა, მაგრამ ვურჩევ ძალოვან სტრუქტურებს, ეს არ გააკეთონ. ჩვენ 36 000-კაციანი არმია გვყავს, მოჯაჰედებს  200 000-იანი. მალე გამოჩნდება, რომ მათი ნაწილები არის ეგვიპტეში, თურქეთში და ალბათ, საქართველოშიც.  მათ აქ ყოფნას უარესი შედეგი მოჰყვება, ვიდრე მივიღეთ 2008 წელს.

ნანა ფიცხელაური