"მწყემსს შემთხვევით რომ არ ეპოვა ბავშვის ცხედარი, ნადირი გამიფუჭებდა და მისი საფლავიც არ მექნებოდა" - კვირის პალიტრა

"მწყემსს შემთხვევით რომ არ ეპოვა ბავშვის ცხედარი, ნადირი გამიფუჭებდა და მისი საფლავიც არ მექნებოდა"

"მითხარით, როგორ გავუძლო ამ გაურკვევლობას?!" - უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

"თორნიკეს გულზე აღარ ეკეთა ჯვარი და პატარა ხატი,  30 ლარით გავუშვი სახლიდან, ფული აღარ ედო ჯიბეში."

21 წლის თორნიკე გოგოლაძეს  ოჯახის წევრები და ახლობლები 12 დღე ეძებდნენ.  დედამ 3 ნოემბერს შვილი სახლიდან 3 მეგობართან ერთად გააცილა.

გოგოლაძეები ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში ცხოვრობენ. თორნიკე წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, თანასოფლელი ბიჭის შვილის ნათლობაზე იყო დაპატიჟებული. გაუჩინარებიდან მე-13 დღეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს - თორნიკე გოგოლაძე ხაშურში, ლიანდაგებთან გარდაცვლილი იპოვეს.

მაყვალა გოგოლაძე, გარდაცვლილის დედა: - დაკარგვიდან მე-13 დღეს ხაშურის პოლიციიდან დაგვირეკეს, ჩამოდითო. ხაშურში, ლიანდაგებთან ჩასასვლელი ყოფილა და იქ უნახავთ. თორნიკეს გულზე აღარ ეკეთა ჯვარი და პატარა ხატი,  30 ლარით გავუშვი სახლიდან, ფული აღარ ედო ჯიბეში.  ცხედართან  ფეხსაცმელები აქეთ-იქით ეყარა, მას თასმები აღარ ჰქონდა. ისეთი უკაცრიელი ადგილია, იქ ადამიანი ვერ მოხვდებოდა.  რა უნდოდა იქ ჩემს შვილს? სხეულზე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, ექსპერტიზის დასკვნას ველოდები.

ნათლობაზე რომ წავიდა, ტელეფონი სახლში დარჩა. მეორე დღეს, 4 ნოემბერს,  ვიღაც ქალმა დარეკა. ჩემს შვილს ეძებდა. რომ ვკითხე, ვინ იყო, გვითხრა, წეროვანიდან ვრეკავო, კიდევ 5-ჯერ დარეკა. ჩემი მეუღლე ხელოსანია და მამამისთან ერთად ფიზიკურად მუშაობდა. მისი მეგობრები ამბობენ, სუფრაზე ისეთი არაფერი მომხდარაო. მარტო წამოვიდა, გავეკიდეთ და დარჩენა ვთხოვეთ, მაგრამ არ გაჩერდაო. გზაზე თორნიკესთვის მანქანა ვიღაც გორელ კაცს გაუჩერებია.  გორამდე წამოვიყვანეო, ამის მერე ჩემი შვილის კვალი იკარგება.  მანქანის მძღოლი ადრე პოლიციაში ნამუშევარია, 10 დღის მერე დაურეკავს თორნიკესთვის ტელეფონზე, თორნიკე, როგორ ხარო, ამ კაცის ზარიც საეჭვოდ მეჩვენება. არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვიფიქრო, რა ვერსიას ჩავებღაუჭო.

- ექსპერტებმა დათვალიერების შემდეგ რა თქვეს?

- ამბობენ, ალბათ გაიყინაო. სად იყო ისეთი ყინვა, რომ ჩემი შვილი ქუჩაში გაყინულიყო? თან მთვრალიც არ ყოფილა, სულ 4 ჭიქა დალიაო. 2 გოგო და ერთი ბიჭი მყავდა. ჩემი თორნიკე ღმერთმა მაჩუქა. მაშინ სიზმარი ვნახე, ვიღაცამ ხელში გადმომცა დაბადების მოწმობა და მითხრა, შენ ბიჭი გეყოლებაო. რომ გადავშალე, მოწმობა შევსებული იყო და ეწერა "თორნიკე გოგოლაძე". გამომეღვიძა, ეს ღვთის სასწაულად მივიჩნიე და მართლაც ბიჭი რომ გაჩნდა, თორნიკე დავარქვი. ახლა ჩემი თორნიკეს გარეშე დავრჩი, მითხარით, როგორ გავუძლო ამ გაურკვევლობას?! რა დაემართა ჩემს ჯანმრთელ შვილს?! ამბობენ, ალბათ, თირკმელი გაუჩერდაო, ჯანმრთელ ბავშვს თირკმელი რატომ გაუჩერდებოდა? ან რატომ იყო ფეხსაცმელები ასე მიყრილ-მოყრილი, ვფიქრობ, სხვაგან მოკლეს და მერე იქ მიიტანეს. მწყემსს შემთხვევით რომ არ ეპოვა ბავშვის ცხედარი,  ნადირი გამიფუჭებდა და მისი საფლავის გარეშე დავრჩებოდი. ვინ გამამწარა, ხელი ვის დავადო? რატომ უნდა მოეკლათ?

სიმართლეს ვითხოვ გამწარებული დედა. ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი რატომ აღარ მყავს!

თეა ხურცილავა