რატომ ჭიანურდება საქმეების განხილვა სასამართლოში? - კვირის პალიტრა

რატომ ჭიანურდება საქმეების განხილვა სასამართლოში?

"თითოეული მოსამართლე თვეში 40-დან 70 საქმემდე იხილავს. არადა, ზოგიერთ მათგანს 300 საქმეზე მეტი აწერია"

"ძირითადად ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსული საქმეები იხილება"

სასამართლოებში საქმეების განხილვა ჭიანურდება და ადამიანებს დიდხანს უწევთ ვერდიქტის ლოდინი. "კვირის პალიტრა" რამდენიმე ნომრის წინ ამ პრობლემაზე ადვოკატ ზვიად კორძაძეს ესაუბრა. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან.

- ადამიანები წლობით ელიან სასამართლოს განაჩენს. რა არის ამის მიზეზი და რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა?

- ძალიან გაიზარდა სასამართლოში შემოტანილი საქმეების რაოდენობა. მართალია, მოსამართლეთა რაოდენობაც გაიზარდა და

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 86 მოსამართლე მუშაობს, მაგრამ სარჩელების რაოდენობა 40-60%-ით არის მომატებული და მოსამართლეთა ეს რაოდენობაც კი არ არის საკმარისი საქმეების დროულად განსახილველად. ამას ემატება სასამართლო დარბაზების სიმცირე - სულ 40 დარბაზია. ზოგიერთი საქმის განხილვისას მოსამართლეს დარბაზი მთელი დღე სჭირდება.

ერთი დარბაზია გამოყოფილი ნაფიცი მსაჯულებისთვის. იხილება გახმაურებული საქმეებიც, სადაც 200-300 მოწმეა დასაკითხი და თითო მოსამართლეს თითო დარბაზი მთელი დღე სჭირდება. ამიტომაც არიან მოსამართლეები, რომლებსაც კვირაში მხოლოდ ერთი დღე შეუძლიათ დარბაზში შესვლა. ამ ხნის განმავლობაში 15 პროცესზე მეტს ვერ ჩაატარებს, არადა, იმ ერთ კვირაში შეიძლება მას კიდევ 20-25 ახალი საქმე დაეწეროს.

ზოგჯერ, როცა მოსამართლეებს პროცესის გადადება უწევთ, შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ იპოვონ თავისუფალი დარბაზი.

- როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- უნდა გავზარდოთ მოსამართლეთა რაოდენობა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა. 15 დარბაზი მაინც უნდა დაემატოს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ეს პრობლემა თავს იჩენს როგორც სამოქალაქო საქმეების, ასევე სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას, თუმცა სისხლის სამართლის საქმეების განხილვის ვადები უფრო მკაცრად არის განსაზღვრული და ამ შემთხვევაში მოსამართლეები უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან. როცა მოსამართლეს სისხლის სამართლის 80 საქმე 9 თვეში აქვს განსახილველი, მუშაობა ძალიან რთულია. წლის ბოლომდე ნაფიცმა მსაჯულებმა 4 საქმე უნდა განიხილონ. ამ საქმეებს საპატიმრო ვადა ეწურება, არადა, გვაქვს მხოლოდ ერთი დარბაზი, სადაც პროცესის ჩატარება შეიძლება.

- თვეში რამდენი საქმის განხილვას ასწრებს მოსამართლე?

- თითოეული მოსამართლე თვეში 40-დან 70 საქმემდე იხილავს.  არადა, ზოგიერთ მათგანს 300 საქმეზე მეტი აწერია. ძირითადად ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსული საქმეები იხილება.

თუ პროცესი დროულად არ ჩატარდა, მხარე იუსტიციის საბჭოში იჩივლებს და იქ მოსამართლემ დაგვიანების მიზეზი უნდა დაასაბუთოს.

- ამბობთ, რომ გაიზარდა მომჩივანთა რაოდენობა. რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი შეიძლება იყოს საყოველთაო ამნისტიებიც, რადგან იმ თვეების განმავლობაში სასამართლოებმა 26 000 ადამიანის საქმე განიხილეს. წარმოუდგენელი იყო, 26 მოსამართლეს ამდენი საქმე განეხილა, ამიტომ ამ პროცესში ჩაერთო სამოქალაქო სასამართლოს 20 მოსამართლე. ეს სამთვიანი წყვეტა მძიმე ტვირთად დააწვათ როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მოსამართლეებს. ჩვენ ვითხოვდით, 6 თვე მაინც მოეცათ, რომ ეს საქმეები ეტაპობრივად განხილულიყო, რადგან სასამართლოები ამ პერიოდში მხოლოდ ამნისტირებულებისა და მათთან ერთად ისეთ საქმეებს იხილავდნენ, რომელთაც ვადა ეწურებოდა. 500-600 საქმეზე ნაკლები არც ერთ მოსამართლეს არ ჰქონია.

- შიდა პრობლემები არ აინტერესებს მომჩივანს, ვისაც წლების წინ აქვს შემოტანილი საჩივარი და სასამართლოს ვერდიქტს ელის...

- წარმომიდგენია მათი მდგომარეობა. მათ ადგილზე მეც ვიტყოდი, მიზეზი არ მაინტერესებს-მეთქი. რაც უნდა ობიექტური მიზეზი ვუთხრა მათ, მაინც თავის მართლება გამომივა. სახელმწიფომ და სისტემამ უნდა იზრუნოს, რომ გავზარდოთ მოსამართლეთა რაოდენობა და შევქმნათ ყველა პირობა, რომ არ იყოს ამდენი განუხილველი საქმე.

- რეზერვში მყოფი ყველა მოსამართლე გამოსულია?

- რეზერვში მყოფი მოსამართლეები გამოვიდნენ, ახალი მოსამართლეების მომზადებას კი დრო სჭირდება. ოთახებიც ხომ უნდათ? 10 მოსამართლე დავამატეთ და ყველა ერთად, ერთ საკონფერენციო დარბაზში იჯდა თანაშემწეებსა და მდივნებთან ერთად. წარმოგიდგენიათ ოთახში 30 ადამიანის ერთად მუშაობა? მერე აპარატის მოხელეებისთვის სხვენშიც კი გავაკეთეთ ოთახები, ახლა იქ მუშაობენ, მათ ოთახებში კი მოსამართლეები გადავიყვანეთ.

- მედიაციის სამსახურის ამოქმედება ამ პრობლემას მოაგვარებს?

- მედიაციის სამსახური მუშაობს, მაგრამ პოპულარიზაცია სჭირდება, ამისთვის კი დროა საჭირო. ჯერ მხოლოდ 7 თუ 8 საქმე განიხილეს. დანარჩენი საქმეები ისევ სასამართლომ განიხილა, მაგრამ როცა საქმე მოვიდა, პოზიციები ისე იყო დაახლოებული, პროცესი ერთ სხდომაზე დასრულდა. ამ სამსახურის ამოქმედებას დრო და სამართლებრივი კულტურა სჭირდება. როცა ადამიანმა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა არ იცის, ფიქრობს, იქ მისვლა დროის კარგვაა. ცხადია, პრობლემები არსებობს და მათი მოგვარების გზებზე ყველამ უნდა ვიფიქროთ.

თეა ხურცილავა