"საყვარელი ქმრის იარაღით მოკლა"
24-11-2014
"საყვარელი ქმრის იარაღით მოკლა"
"ვფიქრობ, ამ მკვლელობის უკან სხვა დანაშაული იმალება"

ირმა ნადირაძე დეტალურად ჰყვება, როგორ მოკლა მანქანაში "მაკაროვის" პისტოლეტით რეზო თხილიშვილი, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადაასხა და ცხედარი შიგ ჩაიფერფლა


2005 წლის 3 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში  შემზარავი მკვლელობა მოხდა. 9 წლის შემდეგ სამართალდამცავებმა 41 წლის ირმა ნადირაძე რეზო თხილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ირმა ნადირაძე დეტალურად ჰყვება, როგორ მოკლა  მანქანაში "მაკაროვის" პისტოლეტით რეზო თხილიშვილი, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადაასხა  და ცხედარი შიგ
ჩაიფერფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ირმა ნადირაძე 2005 წლიდან სხვადასხვა სახელითა და გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.


იგი შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში დააკავა. ეტყობა, სამართალდამცავებს შეეშინდათ, ნადირაძეს ჩვენება არ შეეცვალა და მასთან სასწრაფოდ საპროცესო გარიგება გააფორმეს, სასამართლო პროცესიც ოპერატიულად ჩატარდა. თხილიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს განაჩენი ისე გამოუტანეს,
რომ მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სასამართლო პროცესის დღეც კი არავის უცნობებია.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირმა ნადირაძეს 9 წელი მიესაჯა, აქედან ის ციხეში მხოლოდ 5 წელს მოიხდის, 4 წელს კი, პირობითი მსჯავრით გაატარებს. კიდევ ერთი დეტალი  - 2007 წელს ირმა ნადირაძის ქმარი, პოლიციის მაიორი გიორგი ნადირაძე, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას დანით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქვს თუ არა ნადირაძეს კავშირი ქმრის მკვლელობასთან და პროკურატურას კი სამხილი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.

ფრიდონ მაღრაძე, ირმა ნადირაძის ადვოკატი: - ყველაფერი ორ დღეში დასრულდა. აღიარებითი ჩვენება მისცა. საპროცესო გარიგება გაუფორმეს. დადგენილია, რომ ირმა ნადირაძემ საყვარელი რეზო თხილიშვილი ქმრის პისტოლეტით მოკლა. ამ დროს, როგორც ამბობს, რეზოს გარდა კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, ექიმი. ირმას უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და იმ ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ ამბობს, რომ რეზოს ვერ იშორებდა, ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში, უკაცრიელ ადგილას მიიყვანა და თავში ესროლა, მერე ბენზინი გადაასხა მანქანას და დაწვა.
ირმა შინ რომ დაბრუნდა, ქმარს პოლიციაში საჩივარი უკვე შეტანილი ჰქონდა იარაღის დაკარგვაზე. ცოლმა იარაღი უკან მიიტანა (მას ერთი ტყვია აკლდა) და ქმარს უთხრა, კაცი მოვკალიო. მაშინ რატომღაც არავინ დასჯილა, თუმცა, საქმეში არის გიორგი ნადირაძის ჩვენება, სადაც ამბობს, რომ ცოლმა წაიღო იარაღი. კარგა ხნის მერე გიორგი ნადირაძეც მოკლეს.

ირმას ნამდვილი გვარი კობლიაშვილია, ის ქმრის სიკვდილის მერე გახდა ნადირაძე. მას კიდევ სხვა სახელითა და გვარით ჰქონდა პასპორტი. პირველად რომ შევხვდი, მითხრა, მეუღლე, შვილები და შვილიშვილები მყავსო. როცა მისი დაცვა დავასრულე, ვუთხარი, შენი ოჯახის წევრების სატელეფონო ნომრები და მისამართი მომეცი-მეთქი. ჰონორარი ხომ უნდა მიმეღო. ეს ჩემი მეუღლის ტელეფონიაო და ნომერი და მისამართიც დამიწერა. არც ეს ნომერი აღმოჩნდა სწორი და არც მისამართი, როცა ხელმეორედ შევხვდი, ვუთხარი, რატომ მომატყუე-მეთქი. მითხრა, არ მინდა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ დამიჭირესო. ასე გამაცურა. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან დანაშაული ადრე ჩადენილია, მუხლი ამნისტირებულია, ამიტომ მოაკლდა ერთი მეოთხედი და 9 წელი დარჩა.
პოლიციამ საქმეში არ მიუთითა, რომ ქალი სამართალდამცველებმა დაიჭირეს, ისე გაფორმდა, თითქოს ბრალის აღიარებით გამოცხადდა და ამით შეუმსუბუქდა მდგომარეობა - 5 წელი მიუსაჯეს, 4 წელი კი პირობითი.
მოკლულის ოჯახის წევრები ძალოვანებს ბრალდებულის მფარველობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, პოლიციაში გვაიძულებდნენ, ხელი მოგვეწერა, რომ 5-წლიან სასჯელზე თანახმა ვიყავითო.

ქეთევან თხილიშვილი, რეზო თხილიშვილის და:
- სოფელ აღაიანიდან ვართ და ძმასთან ერთად თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი. ირმა ჩემმა ძმამ თბილისში გაიცნო. რეზოს თეთრი "07" მარკის მანქანა ჰყავდა და ტაქსაობდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი მამიდაშვილისგან გავიგე, რეზოს მისთვის უთქვამს, ეს ქალი საშიშია, მაგრამ მე რაც გამიკეთა, არ მინდა იგივე სხვას გაუკეთოს, ამიტომ მისი საუბარი უნდა ჩავიწეროო. მამიდაშვილმაც მკვლელობის წინა დღეებში დიქტოფონი ათხოვა და, ალბათ, ჩაიწერა კიდეც ირმას საუბარი. ეს ქალი რაღაცაში იყო გარეული.

3 დეკემბერს ღამით ჩემი ძმა შინ არ მოვიდა. დილით სოფლის გამგებელმა დამირეკა, შენი ძმის მანქანა ლამისყანაში იპოვეს და რეზო სად არისო. ვიფიქრე, მანქანა გაიტაცეს-მეთქი, რას წარმოვიდგენდი, თუ მოკლული იყო. ცხედარი ისე იყო დანახშირებული, ვერ შევეხეთ. ცხედარიც არ გვეღირსა, ისეთი წამებით მომიკლა ძმა.

- სამძიმარზე არ მოსულა?
- არა, მხოლოდ დამირეკა, მოსვლა მინდა, უკანასკნელად უნდა ვნახოო. მეორედაც ვესაუბრე, გაბრაზებული იყო, ჩემი ნომერი პოლიციას რატომ მიეციო. მაშინ ირმას ქმარიც დაჰკითხეს და დადასტურდა, რომ მისი "მაკაროვით" მოკლეს ჩემი ძმა. მერე გავიგეთ, რომ ირმას ქმარიც მოუკლავთ. მე დაკითხვაზე დამიბარეს ისანი-სამგორის პოლიციაში. ორ საქმეს აკავშირებდნენ ერთმანეთთან. მას მერე ირმა გაქრა. მამიდაშვილმა თურქეთიდან დამირეკა, აქ ერთი ქალია, ძალიან ვამსგავსებ ირმას, 7 წელია აქ ცხოვრობსო. პოლიცია კი რატომ ვერ პოულობდა, საკითხავია...
12 ნოემბერს გორში ძალოვანებმა დაგვიბარეს, მოითხოვდნენ, ხელმოწერით თანხმობა განგვეცხადებინა 5-წლიან სასჯელზე. ჩემმა ძმამ იკითხა, დაკავებული გყავთ თუ არაო? რომ დავაკავოთ, თქვენი ხელმოწერა გვინდა, ქვეყნიდან გადის და უნდა მოვასწროთ მისი დაკავება, რომ აღიარება მივიღოთ, სხვანაირად ამ საქმეს ვერ გავხსნითო. ცდილობდნენ, ხელმოწერა დაეტყუებინათ ჩვენთვის, მაგრამ უარი ვთქვით. ახლახან კი გავიგეთ, რომ ამ უარის მიუხედავად, ამ ცივსისხლიან მკვლელს 5 წელი მიუსაჯეს. ეს ოჯახის დაცინვა არ არის? არც სასამართლოზე დავუბარებივართ, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრი არ მოუკლავს. მის ქმარსაც ბევრი რამ ეცოდინებოდა და, ალბათ, თავიდან მოიშორა. ქალი ასე ზუსტად ამხელა დანაშაულს მარტო ვერ დაგეგმავდა. ჩემი ძმა ძლიერი ვაჟკაცი იყო, წინააღმდეგობას ხომ გაუწევდა?

ჩემი ძმის ცხედარი მძღოლის გვერდზე ნახეს დანახშირებული, ესეც აჩენს ეჭვს. ალბათ, სხვაგან მოკლეს და მერე იქ მიიტანეს ცხედარი და დაწვეს.

ტელევიზიით ვნახე ის ქალი, რომელიც მშვიდად ჰყვებოდა, როგორ მოკლა ჩემი ძმა. ეს ყველაზე საშინელი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვერ უნდა ვიპოვოთ სამართალი?! ამაზე დიდი დანაშაული ნეტავ არსებობს?! ვინ მფარველობს?! - ეს ეჭვები მკლავს.

თეა ხურცილავა
gavazeli
26 ნოემბერი 2014 11:53
კონან დოილისა და აგატა კრისტის შესაფერი ამბავია რა. და ის პოლიციელი ქმარი ვინ მოკლა? მაგაზე რა ვერსიებია?
guja
25 ნოემბერი 2014 02:40
ეს საქმე ობობის ქსელივით ჩანს უნდა მიექცეს ყურადღება
tata
24 ნოემბერი 2014 19:24
რატომ აქვეყნებთ ამ ადამ და ევას დროინდელ ამბებს? სტრესი გვაკლია?

რედაქტორის რჩევით