"მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია"
08-12-2014
"მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია"
ეჭვიანობის ნიადაგზე პოლიციელი მოკლეს

"ილიას გელასთვის დაურეკავს, ჩემს ცოლს ახლოს არ გაეკაროო. ამას უპასუხია, შენ კედელი ხომ არა ხარ, ვერ გაგწიოო..."


"გელას ისეთი სამსახური ჰქონდა, სულ დაკავებული იყო და გვენატრებოდა ერთმანეთი"


30 ნოემბერს, საღამოს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩის ბინადრებმა გასროლის ხმა გაიგონეს, რასაც მამაკაცის არაადამიანური ყვირილი მოჰყვა: - "თამარ, მიშველე!" სადარბაზოს კიბე ახალგაზრდა ქალმა ჩაირბინა, მას 8 წლის შვილი მისდევდა. ეზოში დაჭრილი მამაკაცი ეგდო და შველას ითხოვდა... ექიმებმა რამდენიმესაათიანი ოპერაცია დაასრულეს,
მაგრამ 44 წლის გელა ფიცხელაურის გული გაჩერდა.

ბრალდებული, 28 წლის ილია სეფაშვილი საზღვარზე დააკავეს. ის ინგლისიდან გელა ფიცხელაურთან საქმის გასარკვევად საგანგებოდ ჩამოვიდა. შინ არც მისულა, პირდაპირ ფიცხელაურთან მივიდა. ერთი ვერსიით, ის ფიცხელაურს სადარბაზოსთან ელოდა და შინ დაბრუნებულს ზურგში ესროლა. მეორე ვერსიით, გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა.

თამარ
ლომიძე, გელა ფიცხელაურის მეუღლე:
"გელა სასწრაფოთი რომ წაიყვანეს, ფეხით მივდევდი მანქანას, ნაწვიმარი იყო, ფეხი დამიცდა და ტალახში ჩავვარდი, მაშინ დავკარგე ჩვენი ქორწინების ბეჭედი და ეს ცუდად მენიშნა. 9 წელი ვიცხოვრეთ ერთად. გვენატრებოდა ერთმანეთი, ისეთი სამსახური ჰქონდა, სულ დაკავებული იყო".
"ამბობენ, გელას ადრე ილია სეფაშვილის ცოლი ჰყვარებია. მაშინ გოგო 13 წლის ყოფილა. ცოლობაც უთხოვია ოჯახისთვის, გოგოს მამას უცემია კიდეც - ჩემი ხნის კაცს შვილს არ გავატანო. ეს გოგო მერე თანატოლს შეუყვარდა და ოჯახი შექმნეს.

ქმარი ინგლისში იყო სამუშაოდ წასული. მის ცოლს ქუჩაში დახვედრია გელა და ეს ამბავი გოგოს ქმრისთვის უთქვამს. ილიას თავისი მეგობრებისთვის უთხოვია, ყურადღება მიექციათ მისი ცოლისთვის. ამბობენ, ერთ დღეს მანქანით გზა გადაუჭრაო და ეს აცნობეს ილიას ინგლისში. გელას გიორგობასაც დაურეკავს გოგოსთვის. ამის მერე ილიას დაურეკავს გელასთვის, ჩემს ცოლს ახლოს არ გაეკაროო. ამას უპასუხია, შენ კედელი ხომ არა ხარ, ვერ გაგწიოო. ისიც გამწარებული ჩამოსულა. იმ დღესაც უჩხუბიათ, გელას იგივე გაუმეორებია, შენ კედელი ხარო? და მკვლელობა მოხდა", - მიამბო მამაკაცმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა. ეს ვერსია ბევრმა დაადასტურა ყვარელში.
სამართალდამცავებმა სეფაშვილის დაკავების შემდეგ, მისი სამი თანაკლასელიც დააკავეს - გიორგი სტეფანიშვილს, გიორგი კაბისაშვილსა და ვანო იმერლიშვილს ბრალად დანაშაულის თანამონაწილეობა ედებათ. გამოძიების მტკიცებით, იმერლიშვილი სეფაშვილს ავტომანქანით დახვდა და იარაღი გადასცა, სტეფანიშვილმა და კაბისაშვილმა კი ფიცხელაურის საცხოვრებელი სახლი და მისი მიმოსვლის მარშრუტი დაუდგინეს...

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. როგორც ყვარელში მითხრეს, პოლიციელებმა სასტიკად სცემეს გიორგი კაბისაშვილს.

ასმათი, ილია სეფაშვილის დედა:
- ჩხრეკაზე პოლიციელები რომ მოცვივდნენ, ისიც არ ვიცოდი, ჩემი შვილი ჩამოსული თუ იყო. ილია აქ სამსახურს ვერ შოულობდა. დიდი წვალების შემდეგ სასტუმრო "ყვარლის ტბაში" ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა. ორი წელი იმუშავა, 300 ლარს უხდიდნენ. ცოლ-შვილი და ასაკოვანი მშობლები ვყავდით და ბევრს შრომობდა, ოჯახს რჩენა უნდოდა. ხელფასი რომ არ მოუმატეს, დაწერა განცხადება და წამოვიდა. პროცენტიანი ვალი ავიღეთ და ინგლისში წავიდა. 3 წელია წასულია, ახლა კარგად აეწყო და უცებ ეს ტრაგედია დატრიალდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია, ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, როგორი შვილი მყავს, ჩვენ ყოველთვის პატიოსანი შრომით ვცხოვრობდით.

გელა ჩემს შვილზე ბევრად უფროსი იყო, ილიას სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი პატარა ძმა ხარო. რა უთანხმოება ჰქონდათ, არ ვიცი. რაც ცოლი შეირთო, გელა ჩვენთან აღარ მინახავს.
ჩემი შვილი 20 წლის იყო, ცოლი რომ მოიყვანა. მეცხრე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი, ბედნიერები იყვნენ. ერთი გოგო ჰყავთ.

ჩემს შვილს პროცესზე უთქვამს, მისი მოკვლა არ მინდოდაო. ფეხებში უსვრია, სამწუხაროდ, გელა გარდაიცვალა.

თეა ხურცილავა
irakli
20 დეკემბერი 2014 16:20
გელას თავისი ცოლ შვილი უკვარდა, თამარიზე 16 ცლით უფროსი იკო, სუფრებზე მის სადგეგრძელოს განსაკუთრებით ამბობდა ხოლმე'' ჩემი საფიცარიაო,'' ეამაყებოდა თავისი ცოლი და ძზალიან უყვარდა.გამოძიებას დაელოდეთ და გაიგებთ რომ არაფერი არ ქონია მაგ ბოსანდარასთან,ბიჩებს სულ იმას გვეუბნებოდა ოჯახის ფასი არაფერიაო.ვინც ახლოს იცნობდა ამ წყვილს, არავის არ ჯერა ეს ისტორია.ის თავისი ოჯახის ერთგული იყო და მის ცოლს უთხარი კიდევაც.გმერთის გეშინოდეთ, ის ვაჯკაცი იყო და მის სახელს ნუ ლახავთ, თან როცა არ იცით,სინამდვილეში რა მოხდა.
მაიკო
18 დეკემბერი 2014 20:07
მარი, იმხელა ტექსტი დავწერე და თან წავშალე, უბრალოდ მინდოდა რაღაცეებში გამერკვიე, მაგრამ გადავიფიქრე. უბრალოდ რჩევას მოგცემ, დამშვიდდი და დაელოდე განაჩენს.
keti
18 დეკემბერი 2014 20:02
მარი

და მე შენი აზრი და პოზიცია ვერ გავიგე იმაზე ჩაიხვიე ლიკას არ უთქვამს არ დაურეკია და შეხება არ მქონია იმის გარდა,რომ გიროგობა მომილოცაო?.,ამაზე ნერვიულობ რომ ასე არ იყო,აბა როგორ იყო ,იქნებ რამე საინტერესო გვითხრა რაც არავინ იცის შენს გარდა,გისმენთ!

რედაქტორის რჩევით