"გოგოს გამო თავიც დაიღუპა და ის ბიჭიც დაღუპა"
15-12-2014
11 დეკემბერს თბილისში, "ქალაქპროექტის" შენობაში 34 წლის ალექსანდრე გოცირიძე მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 55 წლის ნოდარ ნასარიძე დააკავეს.

"4 საათი იყო, ქალის კივილი რომ გავიგონეთ, თურმე თათია კიოდა (გვარი არ ვიცი). ადრე ეს გოგო ნოდარ ნასარიძესთან ტექსტების ამკრეფად მუშაობდა. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ხმა არ გამცა, ისტერიკულად კიოდა. მასთან ერთად კიდევ ერთი ქალი იყო, რომელმაც უხეშად მიპასუხა, თავი დაანებეთო. ამ დროს პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდნენ... ახალგაზრდა მამაკაცი ძირს ეგდო. ხელები სულ
სისხლიანი ჰქონდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... ნოდარი მოგვიანებით ბორკილდადებული გამოიყვანეს ოთახიდან...", - გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.

მარინა, ნასარიძის კოლეგა: "ნოდარი წესიერი ადამიანი და კარგი ინჟინერია. 4 წელია, "თბილქალაქპროექტი" დაიშალა და თავისი ფირმა გახსნა"."

ერთი ვერსიით, რომელიც თანამშრომლისგან გავიგეთ, გოცირიძე ნასარიძესთან სალაპარაკოდ მისმა
თანამშრომელმა თათიამ მიაგზავნა: "ნოდარს დილით შევხვდი და აღელვება არ შემინიშნავს. თათია ნოდართან მუშაობდა, მაგრამ ორი თუ სამი თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა, რადგან დროზე არ მოდიოდა სამსახურში და არ ასრულებდა თავის მოვალეობას. მერე თათიამ სხვაგან დაიწყო მუშაობა და როგორც ვიცი, იქიდანაც იმავე მიზეზით გამოუშვეს. მერე ისევ ნოდართან მისულა, სახლში გამომიგზავნე ტექსტებიო, რაზეც ნოდარმა უარი უთხრა. ამიტომაც მოუყვანია საქმის გასარჩევად ის ბიჭი. ოთახში რა მოხდა, არ ვიცი. ნოდარი იარაღით არასოდეს მინახავს. სამწუხაროდ, იმ გოგოს გამო თავიც დაიღუპა და ახალგაზრდაც დაღუპა. მანამდე თუ იცნობდა გარდაცვლილს, არ ვიცი. ფაქტია, ის საწყალი საქმის გასარჩევად მოვიდა. ნოდარს გაქცევა არც უცდია. კაბინეტში იჯდა და ელოდა პოლიციას. მან აღიარა დანაშაული. მიმდინარეობს გამოძიება".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები