დედამთილმა რძალს თავი აგურით დაუჩეჩქვა, 6 თვის შვილიშვილი კი ბალიშით გაგუდა" - კვირის პალიტრა

დედამთილმა რძალს თავი აგურით დაუჩეჩქვა, 6 თვის შვილიშვილი კი ბალიშით გაგუდა"

ქალს შვილისთვის უთქვამს, სახლში არ შეხვიდე, იქ დახოცილი შენი ცოლ-შვილი ყრია, მე მოვკალიო...

"დედამ  საკუთარი შვილიც დაღუპა, საცოდავს მამაც არ ჰყავს, ახლა საყვარელი ცოლ-შვილიც მოუკლეს და სულ მარტო დარჩა"

შინ შესულს საშინელი სურათი დახვედრია -  მეუღლე უსულოდ ეგდო, გაგუდულ ჩვილს კი ბალიშები ზემოდან ეყარა...

გასულ კვირას ოჯახური ტრაგედიის მსხვერპლი კიდევ ორი ადამიანი გახდა - 40 წლის შარგია ჰუსეინოვამ 20 წლის რძალი, ელნარა ჯაფაროვა მოკლა, შემდეგ კი მძინარე შვილიშვილი გაგუდა.

მკვლელობა 10 დეკემბერს აზერბაიჯანში, სურახანსკის რაიონის დასახლებაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული და მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არიან.  სამართალდამცველთა ცნობით, შარგია ჰუსეინოვამ რძალს თავი აგურით დაუჩეჩქვა, შემდეგ კი მძინარე 6 თვის ჩვილი ბალიშით გაგუდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ელვარ ჰუსეინოვს ეზოში დედა დაუნახავს, რომელიც ნერვიულად დადიოდა. ქალს შვილისთვის უთქვამს, სახლში არ შეხვიდე, იქ დახოცილი შენი ცოლ-შვილი ყრია, მე მოვკალიო. შინ შესულ კაცს საშინელი სურათი დახვედრია - მისი მეუღლე უსულოდ ეგდო, გაგუდულ ჩვილს კი ბალიშები ზემოდან ეყარა. ელვარს მაშინვე პოლიციაში დაურეკავს. ამასობაში დამნაშავეს გაქცევა უცდია, მაგრამ დააკავეს. მკვლელობის მიზეზი რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტი გამხდარა.

დედა-შვილი რუსთავში, ელნარა ჯაფაროვას მშობლების ბინაში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. მხოლოდ ელნარას ბიძაშვილთან, რუსტამ მუსტაევთან გასაუბრება მოვახერხეთ: - ელნარა შარშან გათხოვდა. ჩვენთან ნათესაობა ძალიან შეკრულია, მამიდაშვილებსა და ბიძაშვილებს ერთმანეთისგან არ ვარჩევთ. ელნარა ჩემი და იყო, მან სიყვარულით შექმნა ოჯახი, მეუღლე მანქანების ხელოსანია, აქ რომ სამუშაო ვერ იშოვა, აზერბაიჯანში გამოუჩნდა სამსახური და ცოლ-შვილი და დედა წაიყვანა. 3 თვეა, რაც წავიდნენ. არ ვიცი, რატომ მოკლა იმ ალქაჯმა ქალი და ბავშვი. ამბობენ, შეურაცხადი იყოო, გოგო წინადღეს სკაიპით ესაუბრა თავისი ოჯახის წევრებს. ძალიან კარგ განწყობაზე იყო. ხელში პატარა ეჭირა და ეთამაშებოდა. მკვლელმა საკუთარი შვილიც დაღუპა, საცოდავს მამაც არ ჰყავს, ახლა საყვარელი ცოლ-შვილიც მოუკლეს და სულ მარტო დარჩა".

მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება. ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა, რუსთავში მცხოვრები მისი მეზობლები ამბობენ, რომ მისთვის ფსიქიკური გადახრა არ შეუნიშნავთ. შარგია ჰუსეინოვა ვაჭრობდა, პროდუქტებს ყიდდა.

მარი, მოკლულის მეზობელი: "დედასთან ხშირად მოდიოდა. რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდა, მოვიკითხე, მითხრეს, ბაქოში წავიდაო. ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდა...

ელნარას მამას ახლახან სიმსივნე აღმოაჩნდა. გოგოს მამის სანახავად რუსთავში ჩამოსვლა ნდომებია, დედამთილს კი უთქვამს,  არ გავუშვებო. ამის გამო უჩხუბიათ. არ მჯერა, რომ დედამთილთან კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ძალიან წყნარი, უკონფლიქტო გოგო იყო".

ეზოში გოგონები შევნიშნე. ისინი მოკლულის მეგობრები აღმოჩნდნენ.

დაკო ხუციშვილი: "ბავშვობა ერთად გავატარეთ. სკოლა ბოლომდე არ დაუმთავრებია. 19 წლის გათხოვდა. აზერბაიჯანიდან სკაიპით გვეკონტაქტებოდა. არ ვიცი, ასე რატომ გაიმეტა დედამთილმა".

ბრალდებული ციხეშია გამოკეტილი და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს...

თეა ხურცილავა