რატომ გაწირეს 19 წლის ბიჭი - "ოჯახს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი"
22-12-2014
რატომ გაწირეს 19 წლის ბიჭი - "ოჯახს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი"

"რატომ გაიმეტეს დათო სასიკვდილოდ? იმ გოგოზე რომ არ უძალადია, ეს ექსპერტიზამაც ხომ დაადასტურა"

ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა მერე გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს



"მოსაკლავად დამდევენ, მეძინა, ვიღაცები ამოვარდნილან სახლში, თურმე კარზე აბრახუნებდნენ. დედაჩემმა მითხრა, ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეო. არ ვიცი, ვინ იყვნენ. შავი მანქანით ყოფილან, ჯერ კორპუსის წინა მხრიდან მოსულან, მერე უკან დაუყენებიათ მანქანა. მეზობლისთვის უკითხავთ, ხარაიშვილი აქ ცხოვრობსო?
აბრახუნებდნენ თურმე ჩვენს კარზე, მერე მეზობლის კარზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, არავისთვის არაფერი მიწყენინებია. მით უმეტეს, ისეთი, რომ კაცები დამდგომოდნენ სახლში. გაკვირვებული ვარ", - ეს სიტყვები 15 დეკემბერს დავით ხარაზიშვილმა მეგობარს "ფეისბუკზე" მისწერა. მაშინ რას წარმოიდგენდა 19 წლის ახალგაზრდა, რომ ნათქვამი, მოსაკლავად დამდევენო, სიმართლე
იყო. მოგვიანებით მეგობრებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი და უხუმრია, თუ მოვკვდი, იცოდეთ, ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეო.


15 დეკემბრის საღამოს დათო შინ იყო, როცა გოგონას მესიჯი მიიღო - შეხვედრას სთხოვდა. ბიჭი დედის მანქანით წავიდა, გოგონა მანქანაში ჩაისვა და ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩისკენ დაიძრა. მცირე მანძილი გაიარეს, მაგრამ უკნიდან მანქანა დაეჯახათ და შეჩერდნენ. ამ დროს თავს სამი მამაკაცი დაესხათ. ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს. დათოს ტელეფონი წაართვეს, ამიტომ დახმარებისთვის დარეკვა ვერ შეძლო. მანქანიდან გადმოსვლა სცადა, მაგრამ იქვე წაიქცა, როცა ნახეს, სისხლისგან დაცლილი იყო.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გოგონას მამა 1979 წელს დაბადებული კახა ფროდიაშვილი "მეტრომშენის" დასახლებაში დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თუმცა, უცნობია, მკვლელობის მოტივად რა დაასახელა. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ჩვენ დავუკავშირდით მის ადვოკატს, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

ჩვენი ინფორმაციით, კახა ფროდიაშვილი ადრე ნასამართლევია, ამჟამად ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.
რა გახდა 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი, ამაზე არც მოკლულის მეგობრები საუბრობენ. დათოს დეიდას ეკა ელიზბარაშვილს მიაჩნია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და კატეგორიულად ითხოვს იქ მყოფი სხვა პირების დასჯასაც: "გოგოს უყვარდა, დათოს კი უბრალოდ მოსწონდა. იმ გოგომ გაიტყუა შინიდან, ოჯახს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მანქანას უკნიდან დაარტყეს, დათო მანქანიდან არც გადმოუშვეს, გოგოს პაპამ და ბიძამ დაიჭირეს, მამამ კი დანა ჩაარტყა ზურგში. მერე 19 წლის ბიჭი იქვე დააგდეს, თავიანთი გოგო მანქანაში ჩააგდეს და არც არავის შეატყობინეს, ისე დატოვეს დაჭრილი. ბავშვი სისხლისგან დაიცალა. მეტი სისასტიკე რა უნდა მოხდეს?"

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ამბის შესახებ გოგონამ რამდენიმე საათში თავის მეგობარს უამბო, ასე გაცხადდა, მკვლელობა მათი ჩადენილი რომ იყო.

დათოს მეგობარი: - არ მეგულება ადამიანი, ვინც დათოზე ცუდს იტყვის. საოცრად კარგი ადამიანი იყო, თბილი, მოსიყვარულე. არასოდეს არავისთან უჩხუბია, უკონფლიქტო იყო. 3 წელია ვმეგობრობთ და ერთ უმნიშვნელო წყენასაც ვერ ვიხსენებ. დათო ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. დედასთან, დეიდასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მარტო გაზარდა დედამ. დედის მანქანით წავიდა შეხვედრაზე.

იმ გოგოს არ ვიცნობ, არადა, შეყვარებულები რომ ყოფილიყვნენ, მეგობრებს გვეცოდინებოდა. ამბობენ, გოგოს უყვარდაო. წარმოიდგინეთ, დათო სახლიდან გაიტყუა და მოაკვლევინა. თურმე მანამდეც ეძებდნენ დათოს, ამას მისი მესიჯიც ადასტურებს. ვერც ვაანალიზებ, რატომ უნდა მოეკლათ. ალბათ, იმ გოგომ სახლში იცრუა და ამის გამო გადაწყვიტეს შურისძიება. ბაბუა, ბიძა და მამამისი დაესხნენ თავს. ზურგში დანა ჩაარტყეს, ფილტვი და გული გაუგლიჯეს. ტელეფონი რომ ჰქონოდა, დახმარებისთვის ვინმეს დაურეკავდა და იქნებ გადარჩენილიყო. მისი მეგობრები გაოგნებული ვართ. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ? იმ გოგოზე რომ არ უძალადია, ექსპერტიზამაც დაადასტურა.

დათოს ბევრი გეგმა ჰქონდა. ამბობდა, კარგ სამსახურს რომ ვიშოვი, შევქმნი ოჯახს და ბევრი შვილი მეყოლებაო. ყველა ოცნება დაუნგრიეს. ამ ტრაგედიის შემდეგ იმ გოგომ "ფეისბუკის" გვერდი გააუქმა და "ისტაგრამზეც" სახელი შეცვალა, არც იმ სახლში არიან, სადაც ცხოვრობენ. ის გოგოც მამასთან, ბიძასა და ბაბუასთან ერთად მკვლელობის თანამზრახველია. ეს ჯგუფური მკვლელობა იყო. რატომ ისჯება მარტო ერთი ადამიანი, ყველა უნდა დაისაჯოს...

თეა ხურცილავა

რედაქტორის რჩევით