"არ მინდა, ჩემი გვარი რობაქიძის მკვლელობასთან ასოცირდებოდეს” - საპატრულო პოლიციის ექსშეფი დუმილს არღვევს
22-12-2014
"არ მინდა, ჩემი გვარი რობაქიძის მკვლელობასთან ასოცირდებოდეს” - საპატრულო პოლიციის ექსშეფი დუმილს არღვევს
“ქუჩაში, ავტობუსებში, თუ სხვაგან ჩემზე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად საუბრობენ, რომ თითქოს მე ვარ მონსტრი, მაგრამ ეს რიგითი მოქალაქეებისგან აღარც მიკვირს”

“ჩემი დუმილი გაგრძელდებოდა, ბუტა რობაქიძის მამას ფიზიკური შეურაცხყოფა რომ არ მოეყენებინა”


ბუტა რობაქიძის მკვლელობა "ნაციონალური მოძრაობის"
მმართველობისას მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული. ბუტას მკვლელობაში ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა სასჯელი მოიხადა, თუმცა დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები იმასთან დაკავშირებით, გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს მანქანაში იარაღი ჩაუდეს, თუ - არა. ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია საპატრულო
პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე, რომელმაც თავად გამოთქვა ჩვენთან ინტერვიუს სურვილი.


- დავიწყებ იქიდან, რომ მას მერე, რაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტი მოხდა, მე მხოლოდ იმ ღამით მივეცი კომენტარი "რუსთავი2"-ს, მას მერე ერთი სიტყვაც აღარ მითქვამს პრესის წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან მივიჩნევდი, რომ ეს
საქმე არ იყო პრესაში განსახილველი და რომ ეს არის სამრთალდამცავების გადასწყვეტი საქმე. ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა 15 დეკემებერს, უკანასკნელ სასამართლოზე მომხდარი ფაქტი, როდესაც ბუტა რობაქიძის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა.ინაიდან მე ვარ და ვრჩები პოლიციელად, ეს შეურაცხყოფა (რომელიც არ მეკუთვნოდა),ღირსეულად ავიტანე. იმის იმედით, რომ რაღაც გაირკვეოდა, ამდენი ხნის განმავლობაში ვარჩიე დუმილი, თუმცა დღეს უკვე ვხდები,  რომ ამ დუმილმა მიმიყვანა სასამართლოს კარამდე. ჩემი დუმილის სანაცვლოდ ქუჩაში, ავტობუსებში თუ სხვაგან ჩემზე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად საუბრობენ, რომ თითქოს მე ვარ მონსტრი, მაგრამ ეს რიგითი მოქალქეებისაგან აღარც მიკვირს. რამდენიმე დღის წინ, "მაესტროს" ეთერით გამოვიდა ჩემთვის (დარწმუნებული ვარ ნახევარი საქართველისთვის) უცნობი პიროვნება,  რომელსაც ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრები თუ ცნობენ (წარმოიდგინეთ თვითონ ტელევიზიამაც კი ტიტრებად სახელი და გვარიც კი ვერ მოუძებნა იმდენად უცნობია ეს ადამიანი). ეს პიროვნება, არის აბსოლუტრად გაუთვითცნობიერებული საქმეში და ამბობს ასეთ რამეს:  სოსო რობაქიძე ცოტათი აღელდა, იმის გამო, რომ მისი შვილის მკვლელი ბრალდებულია და გირაო აქვს შეფარდებულიო. მინდა, ამ პიროვნების გასაგონად ვთქვა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გრიგოლ ბაშალეიშვილს და ამ ადამიანმა მოიხადა კიდეც სასჯელი. ამ პიროვნების ეს განცხადება არაა შემთხვევითობა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ წამოწიონ თემა, თითქოს ზურაბ მიქაძე არის მკვლელი. მე ამ ადამიანის წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი და იმედია, სასამართლო ობიექტურად გამოიტანს განაჩენს. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი ჭორზეა დამოკიდებული და ეს მოიტანა იმან, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია ცილისწამების მუხლი.

-  გედავებიან, რომ იარაღის ჩადება მოხდა თქვენი მხრიდან, რასაც უარყოფთ. ყოფილი პოლიციელი გიორგი სარიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ 23 ნოემბერს (როდესაც მოხდა ბუტას მკვლელობა) ის იყო მორიგე ვაკის პოლიციაში, სადაც, მისი თქმით,  თქვენ მიხვედით და წამოიღეთ იარაღი, რომელიც შემდეგ ბუტა რობაქიძეს ჩაუდეთ...

- გიორგი სარიშვილის ამ ჩვენების თვითონ პროკურატურასაც არ სჯერა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მობილური კავშირგაბმულობის ანძების მიხედვით ჩემი გადაადგილება არსად არ ფიქსირდება. ჩემს ტელეფონს ერთი წამითაც არ დაუტოვია შემთხვევის ადგილი და ამაში საბოლოოდ პროკურატურაც დარწმუნდა, მაგრამ უკან ვერ დაიხია და ბრალში ჩამიწერა, რომ მე კი არ გავედი და მე კი არ მოვიტანე პოლიციიდან იარაღი, არამედ თურმე მე დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელ დროს, დაუდგენელ პირებს დავავალე დაუდგენელი ოდენობის იარაღის მოტანა, რომელიც ასევე დაუდგენელ დროს მოუტანიათ. მე ვეკითხები პროკურატურას, მაშ, რაა დადგენილი?! ამ განცხადებაზე პასუხის გაცემა სარიშვილს აუცილებლად მოუწევს და ის იძულებული იქნება თქვას, თუ ვინ დაავალა ამის თქმა.

- თბილისის კრიმინალური პოლიციის იმ დროინდელი ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს,  რომ იარაღი თქვენ მიიტანეთ შემთხვევის ადგილას...

- ეგ სიცრუა, ზურას ასე არ უთქვამს, აგიხსნით, რაც იგულისხმა ზურამ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ პროკურატურას სურდა მე და ზურა ბაქრაძე ერთმანეთს დავპირისპირებოდით და რაღაც ეტაპზე ეს გამოუვიდათ კიდეც. მინდა გითხრათ, რომ არც ზურა ბაქრაძეს დაუდია ჩემთვის ხელი და არც მე დამიდია მისთვის ხელი, თქვენს მიერ ნახსენებ ინტერვიუში ზურა ამბობს, რომ ვის შეიძლება აწყობდეს იქ იარაღის არსებობაო, ალბათ ეს აწყობდა საპატრულო პოლიციას და ზურა მიქაძესო და ალბათ ის მოიტანდა ამ იარაღსო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული,  რომ ზურა ბაქრაძე ხელს ვერ დამადებს, რადგან არც მე ვიკადრებ ასეთ საქციელს და არ ვიტყვი რომ მისი ბრალეულობა ამ საქმეში იკვეთება.

- ამავე ინტერვიუში ბაქრაძე წერს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათო…

- არა, ზურა ამას ვერ იტყვის, რადგან ფაქტები და ვიდეო კადრები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რაც არ უნდა მითხრან, მე ეჭვი არ შემეპარება ზურა ბაქრაძის სიმართლეში. მე ღვთის წინაშეც დავიფიცებ და ნებისმიერ ადამიანს თვალებშიც ჩავხედავ და ისე ვიტყვი, რომ არ მინახავს, ზურა ბაქრაძეს იქ იარაღი მიეტანოს. ვიმეორებ, არც მე და არც ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემთან ერთად ამ საქმეში არიან, არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.

- გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი ამბობს, რომ ის, თქვენ და გურამ დონაძემ ჩაისვით მანქანაში...

- მუკბანიანი ცრუობს და სასამართლოზე დავამტკიცებთ ამას. გოჩა მუკბანიანი არის პირველი ადამიანი, ვინც შემთხვევის ადგილიდან პირველმა გააკეთა შეტყობინება, რომ მომხდარია ეს შემთხვევა, დაკავებული არიან მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ ცეცხლსასროლი იარაღი. მას ამ სიტყვების უკან წაღება არ შეუძლია და ამის აღიარება სასამართლოზეც მოუწევს. ტყუილია ისიც რომ თითქოს გავრცელებულ ვიდეოში თავდაპირველად არ ჩანს იარაღი. ეს ვიდეო არის უწყვეტი 5 წუთიანი კადრი, რომლის ავთენტურობაც სხვადასხვა ქვეყნის სამმა ექსპერტიზამ დაამტკიცა და ამ ვიდეოში ჩანს, ცოცხლად მყოფილი ბუტა რობაქიძის კადრი, ასევე სროლის მომენტი და აქვე ჩანს იარაღიც.

- ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძეც თქვენ გადებთ ხელს და ამბობს, რომ სწორედ თქვენს მიიტანეთ იარაღი
.

- შალვა ნიქაბაძე ის კაცია, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელი იყო შემთხვევის ადგილზე და მან საკუთარი ხელით შემოხაზა იქ ნაპოვნის ცეცხლსასროლი იარაღები. სხვათა შორის, შალვა ნიქაბაძემ ნივთმტკიცებად ამოღებული პისტოლეტი თავის მეგობარს აჩუქა. ს უკვე სისიხლის სამართლის დანაშაულია და მას დღემდე არ აქვს ბრალდება წარდგენილი. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე დასრულებულია და ბრალდებული ვინც იყო მან სასჯელიც მოიხადა, დღეს რომელ საქმეზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამას არ ჰქვია "რობაქიძის საქმე", ამ საქმეს სახელად ჰქვია "შსს-ს მაღაჩინოსანთა თანამდებობის  ბოროტად გამოყენების საქმე" და ძალიან გთხოვთ ასე მოვიხსენიოთ. ჩემი გვარი და ბუტა რობაქიძის მკვლელობის თემა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი პიროვნების წინაშე აუცილებლად შევიტან სარჩელს, რადგან დავიღალე ამდენი უსაფუძვლო ბრალდებისგან. მე იარაღი არ მიმიტანია. მე არავის ვადებ ხელს, მე ვარ სიმართლის მოყვარული კაცი და სამართლებრივ ჩარჩოში მზადა ვარ ვიდავო ბოლომე და ამ ჩარჩოს გარეთ არ ვაპირებ არავითარ კამათს. სხათაშორის მინდა, გითხრათ რომ ჩემი კარიერის მანძილზე არასოდეს არავისთვის ჩამიდია იარაღი და ვინც მე პიროვნულდ მიცნობს, იცის, რომ ზურა მიქაძე არაა ის ადამიანი ვინც შეიძლება მსგავსი რამე ჩაიდინოს

- სარიშვილი, მუკბანიანი, ნიქაბაძე... ყველას განცხადებაზე მითხარით, რომ ცრუობენ, ცოტა რთული დასაჯერებელი არა არის,  რომ ყველა ცრუობს და მხოლოდ თქვენ ხართ მართალი?

- წარმოიდგინეთ, მოწმე, რომელიც ამხელა ბრალდებას უყენებს ადამიანს და ამ მოწმის მიმართ პროკურატურას ისეთი მასალები ჰქონდეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს და ბრალი არ ჰქონდეს წარდგენილი, ეს არ არის რთულად დასაჯერებელი? ეს ადამიანები პროკურატურის ხელში არიან მძევლები. ეგენი არიან პირობითი მოწმეები, რომლებსაც ექნებათ წაყენებული ასეთი პირობა - თქვენ ან დაადებთ ამ ადამიანს ხელს ან რა მასალებიც თქვენზე გვაქვს,  ყველაფერს გამოვიყენებთ. ესენი არიან ცრუ მოწმეები და ეს სასამართლოზე დამტკიცდება. მე უკვე დავიწყე საუბარი და აღარ გავჩერდები,  ვინაიდან ამდენ ხნის დუმილმა მიმყვანა სასამართლოს კარამდე, არ მინდა რომ ჩემი გვარი ასოცირდებოდეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან,  რადგან ამ ტრაგიკულ ფაქტთან, რომელსაც ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მე არანაირი შეხება არ მაქვს.

ლადო გოგოლაძე

ნიკა
25 დეკემბერი 2014 12:48
ცოტა იფიქრეთ და ტვინი გაანძრიეთ, სანამ კილომეტრიანი ენას გადმოაგდებთ და ვინმეს ხელს დაადებთ. მე მჯერა მიქაძის, და ეგეთები ნეტა ბევრი იყვნენ..
giorgi
24 დეკემბერი 2014 14:53
18 წლის ბიჭი მოკლეს და იქ იყო ეს არაკაციც და ჩაუდო თუ არ ჩაუდო არსებითი მნიშვნელობა არაა აქვს. ჯალათიი და არაკაცია თან ჩმორი
lia
24 დეკემბერი 2014 01:36
საშინელებაა..რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს დღემდე გამოუძიებელი საქმეების გამოძიება...ამ ჩახოცილი ბიჭების გულმკვდარი მშობლები როგორ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ ტერორს!...ისე ჩაიხლართა ერთმანეთში ტყუილ-მართალი, ხალხს თავგზა აქვს აბნეული... რაც შეეხება ამ კაცს, ჯობდა ისევ თაგვივით გასუსული მჯდარიყო,-მართალიც რომ იყოს, მაინც აღარავინ დაუჯერებს..ჩვენს ქვეყანაში სასამართლოსაც კი ვერ ვენდობით, არამც თუ "ნულოვანი ტოლერანტობის" ეპოქის დროინდელ ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის "აღსარებას" ვენდოთ (თან რა გულმოდგინედ იმეორებს,-დამნაშავემ ხომ მოიხადა სასჯელი, რაღას იქექებით გამოძიებულ საქმეშიო)...

რედაქტორის რჩევით