"მიქაძე საცემი კი არა, მოსაკლავი იყო... მაგათ შვილი ჯერ მომიკლეს, მერე ბანდიტად მომინათლეს" - ბუტას მამას დაიჭერენ?! - კვირის პალიტრა

"მიქაძე საცემი კი არა, მოსაკლავი იყო... მაგათ შვილი ჯერ მომიკლეს, მერე ბანდიტად მომინათლეს" - ბუტას მამას დაიჭერენ?!

"მიქაძე, ფირცხალავა და დონაძე ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხია, "ქილერები" და გამყალბებლები... სამართლიანობა თუ არ აღდგა, ხალხი ლინჩის წესით დასჯაზე გადავა... ამიტომ ილოცონ, რომ კანონის წინაშე მოუწიოთ პასუხის გება."

"მიქაძეს ვეკითხები, ახლა რომ იძახის, იარაღი არ ჩამიდიაო, ვიდეოჩანაწერში ავტომატი რომ უჭირავს ხელში და იძახის ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, სად წავიდა ის ავტომატი? ან საქმეში რატომ არ დევს ან ნომერი არ ჰქონდა იმ იარაღს, სად გაქრა?!"

"თუ მართლაც დამაპატიმრეს, საზოგადოებისგან რასაც მიიღებენ, მაგასაც ნახავენ."

"ესენი არიან ცრუ მოწმეები და ეს სასამართლოზე დამტკიცდება. მე უკვე დავიწყე საუბარი და აღარ გავჩერდები, ვინაიდან ამდენ ხნის დუმილმა მიმყვანა სასამართლოს კარამდე, არ მინდა რომ ჩემი გვარი ასოცირდებოდეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან, რადგან ამ ტრაგიკულ ფაქტთან, რომელსაც ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მე არანაირი შეხება არ მაქვს." – განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ, რომელსაც ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კერძოდ კი, 2004 წელს, პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძისა და მისი მეგობრებისთვის იარაღის ჩადება ედება. ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე შეხლა-შემოხლა მოხდა მასა და ბუტას მამას სოსო რობაქიძეს შორის. მიქაძემ სოსო რობაქიძე უჩივლა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ რობაქიძის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მიქაძე, მიუხედავად არაერთი მოწმის მტკიცებისა, მოკლული ბუტასა და მისი მეგობრებისთვის, იარაღის უკანონოდ ჩადების ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. რას პასუხობს მას ბუტას მამა და რას ფიქრობს შესაძლო დაპატიმრებზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 16 დეკემბერს, ჩემს წინააღმდეგ საქმე 365-ე მუხლით, მართლაც აღიძრა, რაც ითვალისწინებს 2-დან 5-წლამდე პატიმრობას. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა მიქაძეს, მაგრამ მაგას რომ უნდა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. მიქაძემ სარჩელი დამამძიმებელი მუხლით შეიტანა და ვნახოთ რა გამოუვა. მაბრალებს რომ ვცემე, არადა, საცემი კი არა, მოსაკლავი იყო. არაფერსაც არ ვნანობ, რაც უნდათ, ის გააკეთონ - ამ მუქარანარევ განცხადებებს რომ აკეთებთ, შესაძლოა ეს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ?

- მიქაძეს და დონაძეს კი არ ვემუქრები, ერთ რამეს ვამბობ, - სამართლიანობა თუ არ აღდგა, ხალხი ლინჩის წესით დასჯაზე გადავა, რადგან ათასობით ადამიანი ჰყავთ გამწარებული და გაუბედურებული. ამიტომ ილოცონ, რომ კანონის წინაშე მოუწიოთ პასუხის გება. გემხსოვრებათ, მიქაძეს, დონაძეს და მისთანებს "სიკვდილის ბრიგადები" შეარქვა ხალხმა, ახლა კი რა გმოდის, ვერავის ვერ სჯიან?! ამდენი ხნის განმავლობასი სიმართლის გარდა რამე მომითხოვია? გახსოვთ, როდისმე ვინმეს თავზე დავსხმოდი?! როდესაც მიქაძე უტიფრად მიყურებს, სისულელეებს მეკითხება, დამცინის (ამის მოწმე სხვებიც არიან) და წყობიდან გამოვყავარ, რა უნდა ქნას კაცმა ასეთ მდგომარეობაში?! ათი წელია წყობიდან ვარ გამოსული, რადგან მაგათ დამღუპეს და დამაქციეს, შვილი ჯერ მომიკლეს, მერე ბანდიტად მომინათლეს, ტვინში სისხლი ჩამიქციეს ნერვიულობისაგან და თურემ ხელი რომ ავუქნიო, ეგეც აღარ უნდათ. ხელსაც ავუქნევ და უარესსაც ვიზამ.

- ფიქრობთ, რომ დაგაპატიმრებენ?

- თუ მე დამიჭირეს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი "სამართლიანობის აღდგენის" მიმართულებით. თუ მართლაც დამაპატიმრეს, საზოგადოებისგან რასაც მიიღებენ, მაგასაც ნახავენ.

- მიქაძე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა და მას იარაღი არ ჩაუდია...

- ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს სასამართლო და ვნახოთ რას გადაწყვეტს.ერთ რამეს გეტყვით, დონაძე, ფირცხალავა და მიქაძე გირაოთი რომ არ გამოეშვათ და დაეპატიმრებინათ, ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ყოველთვის ვიძახდი, რომ ამ ხალხის გირაოთი გამოშვება არ შეიძლებოდა, ისინი საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყვნენ, თორემ დღეს თუ მე დავარტყი, ხვალ სხვა დაარტყავს, რადგან არაერთი ადამიანი გააუბედურეს. თანაც ეს პიროვნებები საზოგადოებისთვის საშიშები არიან. დონაძე და მიქაძე ყელამდე სისხლში არიან, ამიტომ მაგათი გარეთ ყოფნა არ შეიძლება. იარაღის ჩადების ბრძანებას ვერც მიქაძე და ვერც დონაძე ვერ გასცემდნენ, ეს ბრძანება ოქრუაშვილის და ადეიშვილის გადაწყვეტილებით გაიცა. დონაძე და მიქაძე არიან შემსრულებლები. მიქაძე იყო თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი და მან გაყალბება დაიწყო მაშინვე. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილი მოკლეს და იარაღს მერე დაუწყეს ძებნა. სხვათა შორის, იმ ვერსიებსაც რომ გავყვეთ, რასაც ეგენი იძახიან, მაინც ცხადად ჩანს, რომ ტყუიან! ესენი რაც უფრო მეტს გაინძრევიან და ილაპარაკებიან, უარეს შედეგს მიიღებენ, როგორც ჭაობში ხდება - რაც მეტს გაინძრევი, უფრო ღრმად ჩაიძირები. ახლა გამოდიან და უნამუსოდ რეაბილიტაციას ცდილობენ, არ გამოუვათ, საზოაგდაოებამ კარგად იცის ეგენი ვინ არიან. ფირცხალავა წერს, რომ თურმე ბუტასთან ერთად მყოფმა აზარიაშვილმა აღიარა, რომ იარაღი ჰქონდაო. თან თურმე აღიარა 2006 წელს, შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ აზარიაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ვერ გავუძელი ზეწოლას და ვთქვი, იარაღი მქონდაო, მაგრამ ასე ვთქვი, - მარტო მე მქონდა და სხვებს - არაო. აზარიაშვილი ცოტა ხანში იტყვის თავის სიტყვას. მიქაძეს ვეკითხები, ახლა რომ იძახის, იარაღი არ ჩამიდიაო, ვიდეოჩანაწერში ავტომატი რომ უჭირავს ხელში და იძახის ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, სად წავიდა ის ავტომატი? ან საქმეში რატომ არ დევს ან რამე ნომერი არ ჰქონდა იმ იარაღს, სად გაქრა?! ღმერთია მოწამე, რომ ჯერ ბავშვი გაციებული არ იყო, ცილი რომ დასწამეს და და ბანდიტობა დააბრალეს, ახლაც რომ იგივე გაიმეოროს, არ გამიკვირდება. მიქაძე, ფირცხალავა და დონაძე ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხია, "ქილერები" და გამყალბებლები. მიქაძეს ურჩევნია თავის შვილს მიხედოს, სულელივით რომ იცინოდა სასამართლო პროცესზე და წყობიდან გამომიყვანა. მიქაძე ცივსისხლიანი კაცია, ეგეთ ადამიანებს არაფერი არ აჩერებთ ერთის გარდა... უფალი თვალებს რომ დაახუჭინებს, მხოლოდ ამის მერე ჩერდებიან.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: "შენ ლულა გინდა პირში!"