რას შეეწირა "ავერსი პლუსის" ხელმძღვანელი?.. - კვირის პალიტრა

რას შეეწირა "ავერსი პლუსის" ხელმძღვანელი?..

"შეთანხმება არ დამირღვევია, ის კი, რომ ბოიკოტი გამომიცხადეს, სრული სიმართლეა"

27 იანვარს ტაშკენტის ქუჩაზე  მკვლელობა მოხდა - საცხოვრებელი ბინის ლიფტში მოკლეს "ავერსი პლუსის" გენერალური დირექტორი, 40 წლის მამია ტუღუში. მას ერთადერთი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. წაღებულია მისი ძვირფასი ნივთები. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგონიათ. გამოძიება ვარაუდობს, რომ "ავერსი პლუსის" გენერალური დირექტორი მაყუჩიანი იარაღით  არის მოკლული. ამ ეტაპზე ორი ვერსია, ძარცვა და ბიზნესსაქმიანობა განიხილება. არის ეჭვი, რომ "ავერსი პლუსის" დირექტორი ბიზნესკონფლიქტის მსხვერპლი გახდა. მით უმეტეს, რომ "ავერსს" ამ ბოლო დროს ქართულ ბაზარზე მოთამაშე ანალოგიურ კომპანიებთან საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ავერსმა" წამლების გაიაფება დაიწყო და ახალი სადაზღვევო კომპანია შექმნა, რომელმაც მომხმარებელს გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა. "ავერსმა" დაარღვია ეგრეთ წოდებული "შიდა შეთანხმება" ერთნაირი პირობებისა და ფასების შენარჩუნების თაობაზე. ამიტომაც ყველა კომპანიამ "ავერსის" წინააღმდეგ შეკრა პირი.

რა კავშირი აქვს "ავერსი პლუსის" დირექტორის მკვლელობას "ავერსის" კონკურენტებთან გართულებულ ბიზნესურთიერთობებთან, მომავალში გაირკვევა. როგორც ამბობენ, "ავერსის" გენერალურ დირექტორს მოკლულთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. "ავერსის" წარმომადგენლები აცხადებენ, მამია ტუღუშს მხოლოდ წამლები გაჰქონდა "ავერსიდან" საკუთარი აფთიაქებისთვის და სხვა კავშირი კომპანიასთან არ ჰქონიაო.

პაატა კურტანიძე, "ავერსის" გენერალური დირექტორი: - მამია ტუღუში დიდი ხანია ჩვენი მყიდველია. მას თბილისში ორი აფთიაქი ჰქონდა.

- "ავერსი" საფირმო სახელწოდებაა და თქვენი წამლების რიგით გამსაღებელს ასე იოლად მიეცით მისი გამოყენების უფლება?

- ჩემს დაუკითხავად დაარქვეს აფთიაქებს "ავერსი პლუსი". რამდენჯერმე ვთხოვე, შეეცვალათ სახელი. დამპირდნენ, რომ გამოცვლიდნენ, მაგრამ მათთვის ეს სახელი რეკლამა იყო და არ შეცვალეს. მამიასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და არც მე მომითხოვია კატეგორიულად სახელის შეცვლა. ძალიან კარგი კაცი იყო, მშრომელი და გაწონასწორებული.

- როგორც ამბობენ, ძალზე გაგრთულებიათ მდგომარეობა ბაზარზე მოთამაშე კონკურენტ ფირმებთან, რადგან თქვენ შიდა საიდუმლო შეთანხმება დაარღვიეთ...

- არანაირი შიდა შეთანხმება არ დამირღვევია, ის კი, რომ ბოიკოტი გამომიცხადეს, სრული სიმართლეა. მას შემდეგ, რაც "ავერსმა" სადაზღვევო კომპანია "ალფა" გახსნა და ბაზარზე მყოფ კომპანიებს აჯობა, ბოიკოტი  გამოუცხადეს.

- ბოიკოტი რაში გამოიხატება?

- დაზღვეულები ჩვენს კლინიკებში მომსახურებისა და ჩვენთან ნაყიდი მედიკამენტების თანხას არ იხდიდნენ, ახლა კი "ავერსის" აფთიაქში ან კლინიკებში თანხა უნდა გადაიხადონ და სადაზღვევო კომპანია მერე აუნაზღაურებს. ანუ თუ მოქალაქეს თანხა ხელზე არა აქვს, ვერ მიიღებს მომსახურებას. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ გაგვიწყვიტეს ხელშეკრულება.

კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკებისა და მშვიდობიანად საკითხის გადაწყვეტის. გაკვირვებული ვარ. მაშინ, როცა პრეტენზიით არავის მოუმართავს, ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ ჩვენთან ურთიერთობა მოულოდნელად გაწყვიტა. ვუთხარი, შევხვდეთ, გავარკვიოთ, რა პრეტენზიები გაქვთ-მეთქი, მაგრამ არ მოინდომეს. პირდაპირ მითხრეს, ექვსივე კომპანია თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტთო.

- რატომ გადაწყვიტეთ წამლების გაიაფება და სადაზღვევო სექტორში მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება?

- ნებისმიერი შეთანხმება უნდა დაიდოს მომხმარებლის საკეთილდღეოდ. ფარმაცევტულ კომპანიებს ხშირად გვადანაშაულებენ რაღაც შეთანხმებებში. ერთადერთი, რაზეც შეთანხმებული ვართ "ავერსი", PSP და ჯი-პი-სი, ის არის, რომ უცხოელ მომწოდებელთან ერთმანეთს არ ვუწევთ კონკურენციას. ყველა უცხოელ მომწოდებელს აქვს დაგროვებითი მოწოდების სკალა, რაც ნიშნავს, რომ თუ უცხოელი მომწოდებლისაგან ერთი კომპანია იყიდის ერთი სახეობის წამალს, ის ერთ კომპანიას გაცილებით იაფად მიჰყიდის პროდუქციას, ვიდრე სამივე კომპანიას ცალ-ცალკე. ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ სამივე ფირმის სამყოფი კონკრეტული წამალი შეისყიდოს ერთმა კომპანიამ, მეორე - მეორემ, მესამე - მესამემ, რათა წამლის ფასი მაქსიმალურად დაბალი იყოს.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, გეთანხმებით, დავარღვიე "ქართული თამაშის" წესი, რომელიც გულისხმობდა უმწეოთა და სახელმწიფო პროგრამების სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაზე გადანაწილებას, რაც ნამდვილად არ კეთდება მომხმარებლის საკეთილდღეოდ. ცხადია, როცა ჩვენ ამ ბაზარზე შევედით და მომხმარებელს შევთავაზეთ გაცილებით უკეთესი პირობები, ამან სადაზღვევო კომპანიების იდილია დაარღვია. ამიტომაც გამოგვიცხადეს ბოიკოტი, მაგრამ ამით არაფერი დაგვკლებია. ამ სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უკმაყოფილონი იყვნენ მათი მომსახურებით და ამბობენ, როგორც კი მათთან ხელშეკრულების ვადა ამოგვეწურება, "ალფაში" დავეზღვევითო.

- ამბობენ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ახალი სადაზღვევო კომპანიის გაუხსნელობის სანაცვლოდ მილიონი შემოგთავაზეს, თქვენ კი ოთხი მოითხოვეთ...

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა.