"9 კაცის მკვლელის გათავისუფლებაზე ხელს ვერ მოვაწერ" - კვირის პალიტრა

"9 კაცის მკვლელის გათავისუფლებაზე ხელს ვერ მოვაწერ"

2009 წლის 2 ნოემბერს, საღამოს ათის ნახევარზე, გორის რაიონის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე ორჰან თურგუთ იილმაზი "რენოს" მარკის ტრაილერით შეეჯახა თბილისიდან მიმავალ სამარშრუტო ტაქსის. 13 მგზავრიდან 9 გარდაიცვალა.

როგორც დადგინდა, ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის მოქალაქის ბრალით მოხდა, მან დაარღვია უსაფრთხოების წესი, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მომავალ "ფორდ-ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსს. თურქ მძღოლს ბრალად ედება უმძიმესი კატეგორიის დანაშაული, რომელიც ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მოქალაქის დაუდევრობამ 9 ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაძლოა, ის საპროცესო გარიგებით გაათავისუფლონ. ყველაზე გულის შემძვრელი კი ამ ისტორიაში ის არის, რომ თურქული მხარე დაღუპულის ჭირისუფლებთან ვაჭრობს და კომპენსაციის გადახდაზე უარს ეუბნება, თუ უკლებლივ ყველა დაზარალებული დამნაშავის საპროცესო გარიგებით გათავისუფლებას არ დათანხმდება.

KvirisPalitra.Geთენგიზ ცაგარეიშვილი: - მე 24 წლის შვილი დამეღუპა. ისე დავასაფლავეთ, ისე გადავუხადეთ ორმოცი, სამძიმარიც კი არავის უთქვამს. დასაფლავების შემდეგ, 12 ნოემბერს გორში ჩავედი. მინდოდა, გამეგო, ვინ იყო დამნაშავე ამ საზარელ ტრაგედიაში. თურქეთის  მოქალაქე აღმოჩნდა. მალე ისევ გორში ჩასვლა მთხოვეს. სხვა დაზარალებულებიც ჩასულიყვნენ.  ზოგს შვილი ჰყავს დაღუპული, ზოგს ქმარი, ზოგს დედმამიშვილი. დაზარალებულებთან მოლაპარაკება ტვირთის მეპატრონე ქართველმა იკისრა. გვითხრა, თურქებმა მთხოვეს, დაზარალებულების დახმარება გვინდა, ოღონდ იმ პირობით, თუ მართლმსაჯულებას საშუალებას მისცემთ, მძღოლი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდესო. დახმარება ის არის, რომ თითოეულ დაღუპულ ქართველში თურქები ჭირისუფალს 6 ათას დოლარს სთავაზობენ.

სანაცვლოდ კი ხელი უნდა მოვაწეროთ 9 ქართველის მკვლელის გათავისუფლებას. სასწრაფოდ წამოვედი იქიდან. გორის ავტოსადგურში ვიყავი, როცა დაზარალებულების უმეტესობა მომადგა და მოითხოვა, თანხა ამეღო. 24 წლის შვილი დამეღუპა, ფულისთვის მისი მკვლელის გათავისუფლებას ხელს ვერ მოვაწერ-მეთქი. ჩემდა სამწუხაროდ, ვერ გამიგეს. მირჩიეს, შენ თუ არ გინდა ფული, ეკლესიაში მიიტანე, შენნაირ მდგომარეობაში ვართ ყველა, მაგრამ ხომ ხედავ, ყველას ერთი აზრი გვაქვსო.

- რატომ წამოიჭრა ეს საკითხი? დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა კანონით ისედაც გათვალისწინებულია.

- სასამართლო პროცესზე თურქმა თქვა, რომ მზად არის  მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, მაგრამ  საქმეში ადვოკატი ჩაერია და წარმოადგინა საბუთები, რომ მძღოლს ქონება არ გააჩნია, ხოლო გადამზიდავ კომპანიას კი, რომლის თანამშრომელიც იყო, არანაირი ვალდებულება არა აქვს. ამას დაემატა ისიც, რომ სასამართლოს წინა დღეებში რატომღაც დაიწყო დაზარალებულების დაშანტაჟება და საპროცესო გარიგებაზე ლაპარაკი. თუ არ დათანხმდებით საპროცესო გარიგებას, ფულს ვერ მიიღებთო. თურქი მძღოლის დაუდევრობით 9 ქართველი დაიღუპა და 4 დაინვალიდდა. მათ მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ არა ისე, როგორც თურქები გვთავაზობენ. არადა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს იფიცებოდა, ოღონდ თავდებით გამიშვით და მატერიალურ ზარალს ყველას ავუნაზღაურებო. თუ არაფრისმქონეა, როგორ აანაზღაურებდა? ამასობაში საქმეში ჩაერია ტვირთების გადამზიდავი თურქული კომპანია.

- ტვირთების გადამზიდავ კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება? როგორც წესი, საერთაშორისო გადაზიდვებზე სპეციალური დაზღვევა კეთდება.

- ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას და კომპანიას შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო. ესე იგი, ამ კაცს 9 ქართველში შეუძლია 6-6 ათასი დოლარი გადაიხადოს და საპროცესო გარიგებით გაათავისუფლებენ. სასამართლო პროცესზე დამნაშავის ადვოკატმა განაცხადა, ჩვენ ხალხზე შეგვტკივა გული, მინდა ეს ფული  საქართველოში დარჩეს, თუ არ დათანხმდებით, ვერაფერს მიიღებთ. თურქს საპროცესო გარიგებას ისედაც გავუფორმებთ, თურქეთსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის ისეთი ურთიერთობაა, ამ შემთხვევის გამო ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიანო. გარდა იმისა, რომ ეს დაზარალებულების შანტაჟია, მათი ჩემს წინააღმდეგ ამხედრებაც არის. როდესაც შეატყვეს, რომ არ ვიყავი თანახმა, თანხის გასამმაგებას დამპირდნენ. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე საპროცესო გარიგება შედგეს? ხვალ კიდევ სხვა დახოცავს ჩვენს შვილებს, დედებს, ძმას, გადაიხდის ფულს და წავა. თუ პრეცედენტი არ შეიქმნა, ვიქნებით ასე ღირსებააყრილი და სულგაყიდული. შვილის სიკვდილმა  გამანადგურა, მაგრამ ღირსება ჯერ არ დამიკარგავს. 6 ათასი დოლარი კი არა, მსოფლიოს სიმდიდრე რომ კარზე მომაყენონ, 9 კაცის მკვლელის გათავისუფლებაზე ხელს არ მოვაწერ.

კონსტიტუციით ჩემი, საქართველოს მოქალაქის უფლება სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ქართველმა დიპლომატმა ავტოსაგზაო შემთხვევისას 19 წლის ამერიკელი გოგონა მოკლა და საქართველომ იმუნიტეტიც კი მოუხსნა. მან ზარალიც აანაზღაურა და სასჯელიც მოიხადა. ჩვენი სახელმწიფო კი რას სჩადის? სად არის მისი ღირსება?

მთხოვენ, ფული ავიღო, რადგან მე ვარ ერთადერთი ხელის შემშლელი ამ სამარცხვინო გარიგებაში.

ზოგი კრედიტების გასტუმრებაზე ლაპარაკობს, ზოგს მკურნალობისთვის სჭირდება. მე მატერიალური ზარალის ანაზღაურება კანონის შესაბამისად  მინდა და არა დამნაშავის თავისუფლების სანაცვლოდ.

თავად თურქებმა გვითხრეს, ჩვენთან რომ ასეთი ამბავი მომხდარიყო, ჩაქოლავდნენ მძღოლსო. ჩვენ რა დაგვემართა, შეიძლება ყველაფერი მატერიალური სიდუხჭირით გაამართლო? ჩემზე უფრო არიან გამწარებული, ვიდრე მკვლელზე. ამას წინათ ორი დაზარალებული მომადგა მოძღვართან ერთად. სანამ მღვდელი რამეს იტყოდა, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. ხმა არ ამოუღია, ისე წავიდა.

ჩვენ დავუკავშირდით სხვა დაზარალებულსაც. ამ ავტოკატასტროფაში ვეფხია თიკანაშვილს მამა დაეღუპა:

- მე სულ არ მაინტერესებს ფული. არც ვალი მაქვს და არც არაფერი. სხვებს გავუწიე ანგარიში. ზედმეტი ვის მოსჭარბებია, ოთხი შვილი მყავს. სხვებს ბანკებიდან სესხი აქვთ აღებული, ზოგიც დასახიჩრებულია. მაგ ერთი კაცის გამო რჩებიან უკომპენსაციოდ.

- კანონი კომპენსაციის გადახდას ისედაც ითვალისწინებს, მით უმეტეს, ყველანი სამოქალაქო მოსარჩელეებად ხართ ცნობილი. საერთაშორისო გადაზიდვების შემსრულებელი კომპანიაც, როგორც წესი, ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული უნდა იყოს.

- დაზღვეული იქნებოდა მაშინ, შენგენის ქვეყანა რომ იყოს. ისეთი ქვეყნის გადამზიდავები, როგორიც თურქეთია, დაზღვევას არ აკეთებენ. ადვოკატმაც თქვა, თუ არ აიღებთ ფულს, ნახევარს მძღოლის ოჯახს მიუტანენ და იჯდეს  ციხეში, თქვენ რა ხეირიო? თუ საპროცესო გარიგება არ შედგა, ისე თურქები თანახმა არ არიან კომპენსაციის გაცემაზე. მე ერთი რამ ვიცი, თუ ამ ხალხმა ფული ვერ აიღო, თენგიზ ცაგარეიშვილს მწარედ მოსთხოვენ პასუხს.

- ვის? თენგიზ ცაგარეიშვილს  მოსთხოვენ პასუხს?

- დიახ, საამისოდ სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ თუ თანხა ვერ მიიღეს, მას ძალიან მწარედ მოეკითხება.

- 6 ათას დოლარად შეიძლება შეფასდეს 9 ქართველის სიკვდილი?

- რა 6.000 დოლარი? 200.000 ლარზეა ლაპარაკი.

- ?!

- იქ საპროცესო გარიგების ფულიც არის გადასახდელი. თქვენ ვინ მოგცათ ჩემი კოორდინატი? სულაც არ მინდა ვიღაცამ ეს ამბავი თავისი საქმის გასაკეთებლად გამოიყენოს.

P.S. გამაოგნებელია დაზარალებულის პოზიცია. თურმე, იმ უბედურებისთვის, რაც მოხდა, დაზარალებულები პასუხს თენგიზ ცაგარეიშვილს მოსთხოვენ და არა 9 კაცის მკვლელ თურქსა და სახელმწიფოს, რომელმაც თავისი მოქალაქეების დასაცავი მექანიზმების შემუშავება ვერ მოახერხა. 9 ქართველს სიცოცხლეს ვეღარავინ დაუბრუნებს, საკითხავი ის არის, რა გვემუქრება ქართველებს, თუკი ღირსება ძველი ნივთივით მოვიშორეთ?!