წლის კრიმინალური ქრონიკა - კვირის პალიტრა

წლის კრიმინალური ქრონიკა

კიდევ ერთი, 2014 წელი გახდა ისტორიის კუთვნილება. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში მძიმე იყო. მართალია, სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ დანაშაულის რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ თითქმის ყოველდღე ხდებოდა ყაჩაღობა, მკვლელობები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ოჯახური დანაშაულების კუთხით იყო. 2014 წელს 28 ქალი მოკლეს. არა ძალადობას! - ამ ლოზუნგით დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში არაერთი აქცია გაიმართა...

ეს წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გამოუტანეს განაჩენი. შეგახსენებთ წლის ყველაზე რეზონანსულ საქმეებს.

ოპერაცია "თხევადი ჰეროინი"

წლის მოვლენად შეიძლება შეფასდეს ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი. შსს-ს თანამშრომლებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას უპრეცედენტო ოდენობის, 3 ტონამდე თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მიდიოდა.

გაირკვა, რომ ჰეროინი თხევადი სახით ავღანეთიდან წამოვიდა და, სავარაუდოდ, თალიბებს ან მათთან დაკავშირებულ ავღანეთში მოქმედ ნარკომაფიოზურ ჯგუფებს ეკუთვნოდათ. სახმელეთო გზით ამ ოდენობის თხევადი ჰეროინის გადაზიდვის გამოვლენით და აღკვეთით საქართველო მსოფლიოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან მებრძოლი მოწინავე ქვეყნების რიგებს შეუერთდა.

ნოშრევანის ვენდეტა

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ბიზნესმენსა და სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას სასტიკად სცემეს. კოდუას ახლობლების თქმით, მას ელექტროშოკით შეიარაღებული, შავებში ჩაცმული და ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და 4 წლის შვილის თვალწინ გაუსწორდნენ. იმავე საღამოს სამართალდამცველებმა დააკავეს ბიზნესმენი, "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც თავად გამოცხადდა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.

ამონარიდი ნამორაძის ჩვენებიდან: "დათო კოდუა შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. მასთან მქონდა პრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა - შემომიცვივდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება. ეს იყო მოტივი. მანამდე შევხვდი დათო კოდუას, ვუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და ქონება უნდა დამბრუნებოდა. მან არ ისურვა ამ ყველაფრის მოგვარება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვზე და ვცემე. ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლეს და არც დათოს".

ზღვაში ჩაკლულები

შს სამინისტრომ გაუჩინარებული მზვერავის, პაატა ქარდავასა და რეინჯერ დავით ცინდელიანის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ამ გახმაურებულ საქმეზე განსასჯელის სკამზე კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა მოხვდა. ირკვევა, რომ შამათავამ ქარდავა და ცინდელიანი ბორკილდადებული, თვალებახვეული ჩასხა ნავში, ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი, შევიდა ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრზე და ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თითო გასროლით დახოცა ისინი. შემდეგ კი კვალის დასაფარავად ცხედრები ზღვაში გადაყარა.

მიუხედავად ქარდავასა და ცინდელიანის ოჯახის წევრების განცხადებისა, რომ შამათავა ხელმძღვანელის, დათა ახალაიას დავალებით მოქმედებდა, გამოძიებას ამ საქმეში ახალაიასთვის ბრალი არ წაუყენებია.

"შამათავა შემსრულებელია, ის კილერია. მან დათა ახალაიას ბრძანება შეასრულა. პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა იყო. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილიც ფიგურირებს. თუ არ მოხდება მკვლელი ახალაიას საქართველოში ექსტრადირება, საბერძნეთშიც რომ დამჭირდეს ჩასვლა, ჩავალ და ჩემი უდანაშაულო შვილის მკვლელობას არ შევარჩენ", - ამბობდა დავითის მამა ზაურ ცინდელიანი.

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში და "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს - მას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გამოძიების ვერსიას ბიზნესმენის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. მათი მოთხოვნით და ინიციატივით, საქმეზე ოცამდე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდა.

როგორც ვარაუდობენ, პროკურატურა პირველად კვალიფიკაციას (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გაახმაურებს, საზოგადოება კი იმედოვნებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გაუხსნელ საქმეთა რიცხვს არ შეემატება.

ექსპრეზიდენტის საქმე

შეუერთდება თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი მსოფლიოში გასამართლებული პრეზიდენტების, ბოკასას, მილოშევიჩის, ფუხიმორის, კადაფის, მუშარაფისა და სხვათა სიას, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, როგორც ცნობილია, სააკაშვილს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შს ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიორგი უგულავას...

წლის განაჩენები

დედაქალაქის ყოფილი მერი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა კიევში, უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. პროკურატურამ გიგი უგულავას რვა ბრალდება წაუყენა, მათ შორის ე.წ. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე, ე.წ. რიყის ეპიზოდზე, ე.წ. ფონდების“საქმეზე, ასევე გამოძიება მიმდინარეობს "სითი პარკთან" დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ყოფილ მერს ასევე დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად. უგულავას ბრალი წაუყენეს მარნეულის ეპიზოდზეც - იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ წლების შემდეგ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ უგულავამ წლების წინ მას ფულის გათეთრების გამო მადლობა გადაუხადა.

თანაგუნდელისგან განსხვავებით, ყოფილ პრემიერ ივანე მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებული: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება. შს ექსმინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე დაუმძიმდა ბრალი, რაც გამოიხატა მის განზრახ ქმედებაში, რათა საქმეზე ჭეშმარიტება არ დამდგარიყო...

მთავარმა პროკურატურამ მერაბიშვილს (სააკაშვილთან, ადეიშვილსა და უგულავასთან ერთად) 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში დასდო ბრალი.

ამჟამად ევროპაში მყოფ სოდ-ის ყოფილ უფროს ერეკლე კოდუას კი მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის (ორ ეპიზოდში) ჩადენის ფაქტზე წარუდგინა ბრალი.

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, მეტიც, ყველა მათგანი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ნანა ფიცხელაური