SOS! ქალები, რომლებიც 2014 წელს ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

SOS! ქალები, რომლებიც 2014 წელს ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლნენ

ყოფილ ცოლს ხმალი ჯერ მუხლის არეში ჩაარტყა, შემდეგ ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია და თითი და ყური მოაჭრა...

ქალი ჯერ სცემეს და მერე ქუჩაში, სოფლის დასანახად ფეხშიშველი ატარეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხსაც შეეხო. "გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა, თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები..."

2014 წელს ოჯახური ძალადობის უსასტიკესი ფაქტები მოხდა. ერთი წლის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლულია 28 ქალი, დაობლებულია არაერთი პატარა. მიუხედავად უმძიმესი ფაქტებისა, მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ გაგვეხსენებინა რამდენიმე შემთხვევა, თუნდაც იმიტომ, საზაოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს რა პრევენციული ზომებია მისაღები, რათა ქვეყანაშო სისხლიანი ოჯახური კონფლიქტები დასრულდეს!

ბოლო შემთხვევა, 16 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოხდა. 36 წლის ეკა მოლაშვილი 28-ე ქალია, რომელიც 2014 წელს სიცოცხლეს ქმარმა გამოასალმა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ქმარმა დანა ჩაარტყა და ამის შემდეგ იმავე დანით თავის მოკვლაც სცადა. ეკა ადგილზე გარდაიცვალა, 58 წლის თენგიზ არჩვაძე ექიმებმა გადარჩინეს, მას ცოლის მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. უდედმამოდ დარჩა მათი 5 წლის გოგონა.

2014 წლის 22 აპრილს თბილისის ცენტრში, ვაკეში, ეჭვიანობის ნიადაგზე, 35 წლის ფრიდონ არჩვაძე ყოფილი მეუღლეს თავს დაესხა. ხალხის თვალწინ ყოფილ ცოლს ხმალი ჯერ მუხლის არეში ჩაარტყა, ქალი იქვე მოიცელა და მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ ფრიდონმა მას ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია და თითი და ყური მოაჭრა. ამის შემდეგ გზა გადაჭრა და შემთხვევის ადგილი აუღელვებლად დატოვა. ამ დანაშაულს წინ უსწრებდა სხვა ფაქტიც: ფრიდონ არჩვაძემ რამდენიმე თვით ადრე სოფიოს ავტომანქანის საბურავები დაუჭრა. მაშინ მოძალადეს პირობითი მსჯავრი დაედო. მიუხედავად ამისა, მორიგი დანაშაული მაინც ჩაიდინა. საბედნიეროდ, სოფო სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. სასამართლოზე ბრალდებული დეტალურად ჰყვებოდა როგორ დაჭრა მეუღლე სამურაის ხმლით. უმძიმესი მოსასმენი იყო დაზარალებული ქალის ჩვენება, რომელიც დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

სოფოს მსგავსად არ გაუმართლა საჯარო რეესტრის თანამშრომელს, 27 წლის სოფო ზურებიანს, რომელიც მეუღლეს 2014 წლის 14 მაისს ემსხვერპლა. ალექსანდრე ცოცხალაშვილი მას ქუჩაში გაუსწორდა. ისინი დაშორებულები იყვნენ. ალექსანდრე ცოლს შერიგებას სთხოვდა. გოგონა უარზე იყო. სახლთან მისულ სოფოს ქმარი სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ სოფომ ძმას, თემზას დაურეკა და გარეთ გამოსვლა სთხოვა. ცოლისძმის დანახვაზე დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და თემზას ესროლა. ძმამ დისთვის მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო, _ სოფო, გაიქეცი! თემზა იქვე წაიქცა, სოფო გაქცევას შეეცადა, მაგრამ მას ქმარი სროლით გაეკიდა და 5 ტყვია დაახალა. დაჭრილები იქვე დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სოფო გარდაიცვალა, თემზა ექიმებმა გადაარჩინეს. იმავე დღეს დააკავეს ცოცხალაშვილი, ის დანაშაული აღიარებს. მათ ერთი შვილი დარჩათ.

პოლიციელის მსხვერპლი გახდა სალომე ჯორბენაძე. შემზარავი დანაშაული 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ცენტრში, სკვერში, ხალხის თვალწინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა 19 წლის სალომე ჯორბენაძეს 5 ტყვია ესროლა. გოგონა იქვე გარდაიცვალა. მკვლელს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. მან პოლიციის ნომერი თავად აკრიფა და კოლეგებს თავისი ნებით ჩაბარდა. სამართალდამცავებმა ხელბორკილები დაადეს მოქმედ ძალოვანს. 25 წლის სერგი საცერაძე ზესტაფონის პოლიციაში მუშაობდა და დანაშაულიც ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. სალომე ჯორბენაძის მკვლელობის ფაქტი ადასტურებს, როგორ ვერ დაიცვა სახელმწიფომ მოძალადისგან ახალგაზრდა ქალი. ტრაგედიამდე სალომე ძალოვნებისგან დახმარებას ითხოვდა, მას რაიონის პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და გენერალურ ინსპექციაშიც ჰქონდა საჩივრები დაწერილი, ის აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. სალომე ჯორბენაძესაც ერთი შვილი დარჩა.

ტრაგედია დატრიალდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის ლექტორი, 33 წლის მაკა წივწივაძე ქამარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მაკას ქმარი ემუქრებოდა, რის გამოც ქალმა სამარალდამცავებს სთხოვა დახმარება, თუმცა ამჯერადაც ვერ მოხერხდა ტრაგედიის თავიდან აცილება. მაკას ერთი შვილი დარჩა.

ოზურგეთში სადისტურად მოკლა ქმარმა 40 წლის თემურ რამიშვილმა ნატალია ბეჟანიშვილი. 29 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედარიც არ ეღირსა ოჯახს. ორი შვილის დედა ქმარმა სახლში ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა, ამის შემდეგ სახლს ცეცხლიც წაუკიდა. ფაქტობრივად, იმ სახლში დაიფერფლა ნატალია, სადაც 8 წელი ცხოვრობდა. მკვლელობის მიზეზად ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა დასახელდა. ობლად დარჩა ორი პატარა.

სულის შემძვრელი იყო მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი ტრაგედიაც.24 იანვარს გამთენიისას, 54 წლის გიორგი ოკინაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მეუღლე და 21 წლის რძალი მოკლა, ხოლო ფეხებში დაჭრა საკუთარი ვაჟი. ამბობენ, ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდაო, პატარა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, სახლში სტუმრად მყოფმა ნათესავმა ბავშვი სამშვიდობოს გაიყვანა. ამ ტრაგედიის შემდეგ დამნაშავე მიმალვას ცდილობდა.

ტრაგედია მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანთან. იმ დღეს სოფელ თულარში მცხოვრებმა 41 წლის ელიმხან ედიგაროვმა მეუღლე, მელეიქა გასანოვა საკუთარ მანქანაში ჩაისვა და სახლიდან წამოვიდნენ. ქმარმა გზაში ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა. ჯერ იარაღით სცადა მისი მოკვლა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოსულ ცოლს მანქანით გადაუარა. სამართალდამცავებს დამნაშავე დააკავეს. ძალოვანთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე სოფელ ქეშალოში ქალი გადაურჩა სიკვდილს. ეჭვიანობის ნიადაგზე მას ლინჩის წესით ასამართლებდნენ. ლომონა ალაზოვა ხალხის თვალწინ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. ქალი გადარჩა, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები ბიძაშვილებმა მიაყენეს. სამართალდამცავებმა დანაშაულში ამხილეს მისი ბიძაშვილი, 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ალაზოვი, თუმცა ყველამ იცის, რომ ქალს სხვა ადამიანებიც სცემდნენ.

ღალატში ეჭვმიტანილი 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა. შეურაცხყოფილმა ქალმა თავი მოიკლა. ორი შვილის დედა ქმრის ნათესავებმა ღალატში ამხილეს, ამის გამო მას სოფლის ცენტრში სასტიკად გაუსწორდნენ. ქალი ჯერ სცემეს და მერე ქუჩაში, სოფლის დასანახად ფეხშიშველი ატარეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა. მისი მეუღლე დარწმუნებულია, რომ ცოლი არ აღალატებდა. ის დამნაშავე ნათესავების დასჯას ითხოვს.

თეა ხურცილავა