მკვლელი პოლიციის თანამშრომელია?
12-01-2015
მკვლელი  პოლიციის თანამშრომელია?
"იმდენჯერ აქვს თავში ჩარტყმული ჩემს შვილს, რომ საშინელი სანახავია"

8 იანვარს 31 წლის კობა აღლემაშვილი  საღამოს 7 საათზე სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, როცა სადარბაზოში, ლიფტთან თავს დაესხნენ და მოკლეს. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სადარბაზოში ელოდა. აღლემაშვილს თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყეს. მისი ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. როგორც ამბობენ, სროლის ხმა არ გაუგონიათ. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მას აგვისტოშიც დაესხნენ თავს ისევ იმ
ადგილას, სადაც მოკლული ნახეს. მაშინ თავში არმატურა ჰქონდა ჩარტყმული და კომაში მყოფი ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს.

პირველი თავდასხმის დროს თავდამსხმელმა ოქროს ძეწკვი წაართვა. მოკვლა ვერ მოასწრო, სავარაუდოდ, მეზობლების გამოჩენის გამო.

მომხდარს მაშინ ყაჩაღობის კვალიფიკაციაც კი არ
მისცეს, უფრო მსუბუქი მუხლით დაარეგისტრირეს. აღლემაშვილის მამას უთხრეს, რომ მის შვილს გონზე მოსვლის შემდეგ დაჰკითხავდნენ, მაგრამ ესეც არ გაუკეთებიათ. კობა მომხდარს ვერავის უკავშირებდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონდა.

აღლემაშვილი 23 წლის იყო, როცა ქალაქ ვალედან თბილისში ჩამოვიდა და მცირე ბიზნესი დაიწყო. მას მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა. "არ ვიცი, პირველი თავდასხმის მოტივი რა იყო, ვის რა უნდოდა ჩემს შვილთან. მაშინ ძლივს გადამირჩა. გვითხრეს, გონებაზე მოვიდეს და დავკითხავთო, მაგრამ არავის მოუკითხავს. მაშინ ეს საქმე პოლიციას არ გამოუძიებია. ახლა კი მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას, მკვლელების დასჯას. ქვეყანაში განუკითხაობაა. იმდენჯერ აქვს თავში ჩარტყმული ჩემს შვილს, რომ საშინელი სანახავია", - ამბობს კობას მამა ზურაბ აღლემაშვილი.

სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დამნაშავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, დანაშაული გაუხსნელია და გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, სხვა ინფორმაცია აქვს ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ჩილინგარაშვილს: "ჩემი აზრით, ეს ორი დანაშაული ერთი და იმავე პირის ჩადენილია. მკვლელმა რომ დაინახა, რეაგირება არავინ მოახდინა, იფიქრა, ამჯერადაც ისე ჩაივლისო და აღლემაშვილი ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. მაშინ ოქროს ძეწკვი წაჰგლიჯა. ამ შემთხვევაში რა წაიღეს, ჯერ უცნობია. გარდაცვლილს ჯიბეში არაფერი აღმოაჩნდა. შეიძლება პოლიციამ ამოიღო მისი ნივთები და დაურთო საქმეს როგორც ნივთმტკიცება, შეიძლება დამნაშავემ წაიღო. როგორც პოლიციელებმა მითხრეს, დაკავებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დანაშაული აღიარა. ეს ყაჩაღობა იყო თუ სხვა რამ, ძალოვანებმა უნდა გაარკვიონ. სიკვდილის დღეს კობასა და მის მეუღლეს ქორწინებიდან 10 წლის იუბილე ჰქონდათ. სამწუხაროა, რომ 31 წლის კაცი მოკლეს. სამართალდამცავებს პირველი შემთხვევა რომ გამოეძიებინათ, საქმე აქამდე არ მივიდოდა".

თეა ხურცილავა
luka
13 იანვარი 2015 17:41
ნუთუ მოტივი მართლა უცნობიაა??
lado
13 იანვარი 2015 10:18
"მაშინ ძლივს გადამირჩა. გვითხრეს, გონებაზე მოვიდეს და დავკითხავთო, მაგრამ არავის მოუკითხავს. მაშინ ეს საქმე პოლიციას არ გამოუძიებია."
--------------------------------------------------

აბა, წმიდათაწმიდა სტატისტიკას ხომ არ შებღალავდნენ ასეთი "წვრილმანით"!
glaxuna
12 იანვარი 2015 22:25


,,მიმდინარეობს გამოძიება,,...

ქვეყანაში უკვე რეალურად განუკითხავი ვითარება ხო არ იქმნება ?!

როგორც შევარდნაძის ,,ეპოქაში,, ...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები