რა მოუყვა ადვოკატს ძმების მკვლელობაში ბრალდებულმა - კვირის პალიტრა

რა მოუყვა ადვოკატს ძმების მკვლელობაში ბრალდებულმა

დიღომში მოკლული ძმების ბინაში 120 000 დოლარი იპოვეს

2 იანვარს  დიღმის მასივში შემზარავი დანაშაული მოხდა. ძმები ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში დახოცეს. მათი ცხედრები დეიდამ და კომპანია" "ჯეო ლიფტის" თანამშრომლებმა მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, დამნაშავეებმა ამ მკვლელობის შემდეგ სხვა დანაშაულიც ჩაიდინეს - ბინიდან" "ჯეო ლიფტის" ოფისის გასაღები მოიპარეს და იქიდან 500 ლარის ხურდა ფული წაიღეს. დილით თანამშრომლებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამის შემდეგ მოიძიეს მეპატრონე (საშა ატარშიკოვი). ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული და პოლიციას დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებია. დააკავეს "ჯეო ლიფტის" ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი.

როგორც ჩანს, დამნაშავეებმა არ იცოდნენ, რომ ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, რომელმაც  დამნაშავის სახე აღბეჭდა. ჯერ დააკავეს "ჯეო ლიფტის" ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი, მალევე კი - მისი ბიძაშვილი, 19 წლის ბესიკ ფიოლია და  23 წლის მიხეილ ვასილიევიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ძმებს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს და შემდეგ ორივე გაგუდეს, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატი გაგუდვას არ ადასტურებს. ის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

ძმები ატარშიკოვები ბინაში მარტო ცხოვრობდნენ. დედა ადრე გარდაცვლილა, მამა კი მოსკოვში ცხოვრობს და ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში.

საშა ატარშიკოვი კომპანია ,,ჯეო ლიფტის" ხელმძღვანელი იყო, იმავე ოფისში მუშაობდა მისი ძმა დენისიც. იგი მეორე ჯგუფის ინვალიდი გახლდათ.

ილია, "ჯეო ლიფტის" თანამშრომელი: - 3 იანვარს ოფისის კარი ღია დაგვხვდა. მაშინვე დავიწყეთ რეკვა ჩვენს უფროსებთან. არც საშა იღებდა ყურმილს და არც - დენისი. მათი ბინის კარიც დაკეტილი დაგვხვდა. დიდხანს რომ არ გვიპასუხეს, მათ დეიდას დავუკავშირდით. მას ბინის გასაღები ჰქონდა. დღის 2 საათზე ბინაში შევედით და საშინელება დაგვხვდა: მოკლული დენისი საძინებელ ოთახში ვიპოვეთ, საშა კი აბაზანაში ეგდო. ორივეს სახეზე ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი. მეორე დღეს გავიგეთ, რომ მკვლელობის მონაწილე, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ხითარიშვილი დააკავეს. გიორგი ჩვენთან მუშაობდა, 5-6 თვეა, რაც საშამ სამსახურიდან გაუშვა.

- შესაძლოა, ხითარიშვილმა ამის გამო იძია შური?

- გიორგი ოპერატორად მუშაობდა, შემოსულ ზარებს პასუხობდა და დაზიანების შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას. მართალია, სამსახურიდან გაუშვა, მაგრამ საშასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ბინის კარი დენისმა გაუღო. ამბობენ, ჯერ დენისია მოკლული. საშა გვიან მისულა და მერე ისიც მოუკლავთ. საშა ძალიან კარგი ადამიანი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო.

"ჯეო ლიფტის" ოფისში ატირებული მოხუცი ქალბატონი დამხვდა. იგი ფირმის ბუღალტერი აღმოჩნდა:

- გიორგი ხითარიშვილი მთელი დღე აქ იჯდა, როგორ გაიმეტა საშა და დენისი? საშა ძალიან მშვიდი იყო, 17 წლისა,  როგორც კი უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ამ საქმეში ჩაერთო. იმდენად უყვარდა საშას გიორგი, ფირმის დირექტორად გააფორმა. ვუთხარი, ამას ნუ აკეთებ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. საშა სულ ეუბნებოდა, ისწავლეო. არც საჭმელს აკლებდა და არც ხელფასს.  დენისი თურმე ქამრით მოახრჩვეს. საშა მერე მისულა და ის ხელით მოუხრჩვიათ. სხვა დაზიანებებიც აქვთ. ორივე ძმა ერთად რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდნენ. საშა უჭკვიანესი, განათლებული ბიჭი იყო, კარგადაც უკრავდა. რაც ყველაზე მთავარია, ყველას ეხმარებოდა. ტელევიზიით შევიტყვე ეს საშინელება. ისინი უმკაცრესად უნდა დასაჯონ! ორი ადამიანი მოკლეს 500 ლარის გამო!..

ძმების ბინაში პოლიციამ 120. 000 დოლარი იპოვა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფულს ეძებდნენ დამნაშავეები...

ბრალდებულ ბესიკ ფიოლიას ადვოკატი ხათუნა ხურცილავა:

- საშა გიორგი ხითარიშვილს იმდენად ენდობოდა, რომ შპს მის სახელზე გააფორმა. ერთ დღეს საშამ უთხრა, ძალიან მჭირდება 3.000 დოლარი და იქნებ მაშოვნინოო. იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ გიორგიმ დედამისის ბინა იპოთეკით დატვირთა და ფული გამოიტანა. საშა გარკვეული პერიოდი პროცენტს იხდიდა, მაგრამ მერე გადახდა შეწყვიტა. ამას გარდა, გიორგის ხელფასსაც არ აძლევდა. ხითარიშვილს ხელფასის სახით მისაღები 10. 000 ლარი დაუგროვდა. სწორედ ამ თანხასაც სთხოვდა საშას. გიორგი და ბესო ბიძაშვილები არიან, ორივე დედისერთაა. გიორგის დედა საქართველოში არ იყო და საშას მის ჩამოსვლამდე სთხოვდა ბინის დახსნას. დედამისმა ტრაგედიის შემდეგ გაიგო იპოთეკის ამბავი.

საშას და გიორგის ცოტა ხნით ადრე კონფლიქტი მოუვიდათ. გიორგი სამსახურიდანაც წავიდა, თუმცა, საშას თავის ფულს ხშირად სთხოვდა. 6 თვე არბენინა, მაგრამ თანხას არ აძლევდა. ტრაგედიის დღეს ოფისშიც მიაკითხა. თანამშრომლებმა უთხრეს, საშა სახლშიაო, სახლში კი დენისი დახვდათ, მან შეიპატიჟა ბიჭები. ყავა დალიეს, საშას ელოდებოდნენ. გიორგი ამბობს, ძმები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ცუდი ურთიერთობა ჰქონდათო. ამის მიზეზი ერთ-ერთი ძმის განსხვავებული ორიენტაცია იყო. ხითარიშვილი ამბობს, დენისმა მითხრა, მაგარი კინო გავჩითე, მოდი, გაყურებინოო. თავის საძინებელში შემიყვანა და პორნოგრაფია ჩამირთოო. მამაკაცების ურთიერთობაზე იყო და გადავირიე, ვუთხარი, ამას რას მაყურებინებ-მეთქი, ამ დროს შარვალი ჩაიხადა და მითხრა, მოდიო. გიორგი ამტკიცებს, რომ სწორედ ამას მოჰყვა მკვლელობა... მერწმუნეთ, იგი ძალიან ნანობს მომხდარს. ტიროდა, არ მახსოვს, როგორ ჩავიდინეო.

- მას სხვებიც ეხმარებოდნენ?

- არა, სხვები მეორე ოთახში იყვნენ.

მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მოვიდა საშა. როგორც ირკვევა, მას მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, შენი სახლიდან ხმაური გამოდისო. საშას ბიჭები სახლში დახვდნენ და მათ შორის ხმამაღალი საუბარი დაიწყო. გიორგი ფულს სთხოვდა. ამბობენ, საშა ძმის ოთახში არც შესულაო. სახლში ისედაც სიბნელე ყოფილა, ნათურაც არ ჰქონდათ. თურმე ძმები ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდნენ. გიორგი ამბობს, საშამ მითხრა, რა უნდა მოგცე, ხომ გითხარი, ფული არ მაქვსო. მას ბესიკიც შეჰპასუხებია. ამბობს, საშამ ორივე ყურში ერთდროულად ისე ძლიერად დამარტყა ხელი, გავმწარდი და თავში ნამცხვრის საბრტყელებელი ჩავარტყიო. ბევრი დეტალი გასარკვევია. ორივე ბიძაშვილი იბრალებს მკვლელობას. ორივე ამბობს, მე მოვკალიო. მათ ციხეში გაიგეს, ორივე ძმა მკვდარი რომ იყო.

- ახლობლების თქმით, ერთი ძმა ქამრით არის მომხრჩვალი, მეორე - ხელით...

- სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. არც ერთი არ მოუხრჩვიათ.

- საშას ცხედარი აბაზანაში იპოვეს, იქ როგორ აღმოჩნდა?

- საშას გული რომ წაუვიდა, აბაზანაში შეუყვანიათ, რომ მოესულიერებინათ. მათ რომ ნამდვილად იჩხუბეს, ამას ადასტურებს ხითარიშვილისა და ფიოლიას დაზიანებებიც. ხმაური ნამდვილად იყო სახლში, ტელევიზორიც ყოფილა ჩართული. მეზობელმა რომ დაუკაკუნა კარზე, საშამ გასძახა, მშვიდობაა, ჩვენი ახლობლები არიანო...

- მოკლულების ბინაში პოლიციამ 120. 000 დოლარი იპოვა. იქნებ ეს თანხა ეგულებოდა ხითარიშვილს...

- დიახ,  ამოღებულია 120. 000 დოლარი. კედელზე ეკიდა დიდი სურათი. სწორედ ამ სურათის უკან იპოვეს სეიფი, რომელშიც თანხა იყო. ხითარიშვილი ამბობს, რომ მცოდნოდა, ფული იქ იყო, ხომ წამოვიღებდიო. იმდენად ეკონომიურად ცხოვრობდნენ, ამას ვერ წარმოიდგენდა.

- ოფისის გასაღები რატომ წაიღეს, მორიგი დანაშაული რატომღა ჩაიდინეს?

- წაყენებულ ბრალდებებს არც ერთი არ აღიარებს. მხოლოდ 500 ლარამდე რკინის ფულის აღებას აღიარებენ. ყაჩაღობის ბრალდებაც ტყუილად წაუყენეს.

- მიხეილ ვასილიევი რა ჩვენებას იძლევა?

- ის დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი არ მიუძღვის. ბიჭები ოთახში რომ ჩხუბობდნენ, ის აივანზე იყო. აკვირდებოდა, მეზობლებმა პატრული ხომ არ გამოიძახეს. ცხარე ცრემლით ტირიან ბიჭები, არც ერთი კრიმინალი არ არის.

თეა ხურცილავა