ქურდების "სამიტი" - რატომ შეიკრიბა ერევანში 300 გავლენიანი ავტორიტეტი - კვირის პალიტრა

ქურდების "სამიტი" - რატომ შეიკრიბა ერევანში 300 გავლენიანი ავტორიტეტი

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის რაღაც დსთ-ის სამიტის მსგავსი ღონისძიება, რომელსაც სომხეთი ხელმძღვანელობს. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას სომეხი სამართალდამცავების ასეთი უმოქმედობა?!"

"მოსკოვი ცდილობს, დანაშაულებრივი სამყაროს გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ"

სომხეთს გასულ კვირას კრიმინალური სამყაროს დაახლოებით 300 გავლენიანი "ავტორიტეტი" ეწვია. ფაქტია, რომ სომხეთის ხელისუფლება არათუ წინ აღუდგა კრიმინალური სამყაროს ერევანში ჩასვლას, არამედ ე.წ. სხოდკას უშუალოდ მმართველი პოლიტიკური ელიტა მასპინძლობდა. თურმე გავლენიანი "კანონიერი" ქურდები" საკუთარ რესტორანში მიიპატიჟა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ახლო მეგობარმა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა. სწორედ მის რესტორან "არსნაკარში" შენიშნეს პოსტსაბჭოთა სივრცის ისეთი გავლენიანი კრიმინალები, როგორიც არიან: რობინზონ არაბული, გიორგი უგულავა ("თახი"), დავით სებისკვერაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, ამირან სოფრომაძე ("სოფოტია"), ოლეგ შიშკანოვი ("შიშკანი"), შაქრო კალაშოვი, ბორის აფაქია ("აფაქელა"), ჰუსეინ აჰმადოვი ("ბრმა ჰუსეინი") და სხვები. ქურდული შეკრების მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა და ქართველ სამართალდამცველებს მათი ძებნა აქვთ გამოცხადებული. ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სომეხ სამართალდამცველებს არც ერთი მათგანის დაკავება აზრადაც არ მოსვლიათ, რის გამოც შესაძლოა ოფიციალურ ერევანში საპროტესტო ნოტა გაიგზავნოს.

ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სომხეთის შსს-ში საპროტესტო ნოტა უნდა გაიგზავნოს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზაზა ჭაიას თქმით, ამ საკითხზე ერევანშიც იმსჯელეს. შესაძლოა, საქართველოს საზღვრებთან მომდგარი კრიმინალური ანკლავი ქვეყანაში, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სიტუაციის არევით არის დაინტერესებული, რითაც გავლენის აღდგენას შეეცდებიან.

ზაზა ჭაია, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი: -  საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს, ამ ქვეყნების შს სამინისტროებს, დადებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ძებნილ პირთა დაკავებასა და მათ ექსტრადირებას. სომხეთის რესპუბლიკა ვალდებულია, დააკავოს ისინი, აცნობოს ქართველ კოლეგებს და მოახდინოს დაკავებულთა ექსტრადირება. პარადოქსია, რომ ამ შეკრების მთავარი ინიციატორია "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წელი ადამიანის გატაცებისთვის.

- რაკიღა სომხეთის პოლიცია არ რეაგირებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერევანში ჩასულ "კანონიერ ქურდებს" გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული?

- ეს შეკრება რუსეთის ხელისუფლების უნებართვოდ ვერ გაიმართებოდა. სომხეთი რუსეთის მოკავშირე ქვეყანაა როგორც პოლიტიკურად, ისე ყველა სხვა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ, ესპანეთიდან რუსეთში ექსტრადირებულ კალაშოვს ციხიდან გაათავისუფლებდნენ და სომხეთში ამ მასშტაბის შეკრების გამართვის უფლებას მისცემდნენ ისე, რომ ეს შეთანხმებული არ ყოფილიყო მაღალ ეშელონებთან? მოსკოვი ცდილობს, დანაშაულებრივი სამყაროს გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ და არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ შეკრებამ და იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ასახვა პოვოს ჩვენს ქვეყანაშიც. დღეს ქურდული სამყარო ვერ ახერხებს საქართველოში გავლენის აღდგენას და ცდილობს ქვეყნის გარედან, ახლა უკვე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მართოს სიტუაცია. ამიტომაც ქართველ სამართალდამცავებს დიდი ყურადღება მართებთ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რადგან აფეთქება სწორედ ციხეებიდან იწყება.

ირაკლი ქადაგიძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: - ერევანში დღესაც მიმდინარეობს ქურდების "სამიტი". დიახ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის რაღაც დსთ-ის სამიტის მსგავსი ღონისძიება, რომელსაც სომხეთი ხელმძღვანელობს. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას სომეხი სამართალდამცავების ასეთი უმოქმედობა?!

- როგორ ფიქრობთ, რა მიზნით შეიკრიბა ქურდული სამყარო?

- დაახლოებით 6 იანვარს დაიწყო ქურდული შეკრება ერევანში. უმრავლესობა ქართველია. განიხილება ის კონფლიქტები, რომლებიც აქამდე ხდებოდა ქურდულ სამყაროში, საუბარია დედ ჰასანის, იაპონჩიკისა და ტარიელ ონიანის კონფლიქტებზე, რაც დაკავშირებულია გავლენების გადანაწილებასთან, სათამაშო ბიზნესებისა და ე.წ. ობშჩიაკის გაკონტროლებასთან.

- ამ შეკრების მთავარი ორგანიზატორი შაქრო კალაშოვი სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ დააკავეს, თუმცა, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. რატომ?

- როდესაც  ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნით არაბთა გაერთიანებულ საამიროში დააკავეს შაქრო კალაშოვი და ესპანეთში გადაიყვანეს, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე მიმართა ესპანეთს, რომ ის გადმოეცათ საქართველოსთვის, რაზეც ესპანურმა მხარემ გვიპასუხა, რომ კალაშოვი ჯერ ესპანეთში ჩადენილი დანაშაულისთვის მოიხდიდა სასჯელს და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოსცემდა საქართველოს. სასჯელის მოხდის შემდეგ კალაშოვი მოულოდნელად არათუ საქართველოში, არამედ რუსეთში აღმოჩნდა, მოსკოვის ციხიდან კი თავის დაღწევა მალევე მოახერხა. ეს მიუთითებს იმ კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც შედგა კალაშოვსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის.

- რატომ დაუშვა სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ამ დონის კრიმინალური შეკრება?

- ცხადია, ერევანში ჩასულ კრიმინალებს აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ჩასვლას ვერ გაბედავდნენ. შეხვედრები ერევანში მდებარე რესტორან "არსნაკარში" იმართება. ეს რესტორანი სომხეთის პრეზიდენტის უახლოესი მეგობრის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რუბენ აირაპეტიანის საკუთრებაა და ამით ყველაფერი გასაგებია. ის მმართველი პარტიის წევრიცაა.

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ?

- დღეს "კანონიერი" ქურდები" ქვეყანაში შემოსვლას ვერ ახერხებენ. ახლა თავი მოიყარეს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის, თურქეთის თუ სომხეთის მხრიდან. ისინი გავლენის აღდგენასა და მიმდევართა წრის გაფართოებას შეეცდებიან. მაგალითად, თურქეთში საქართველოს საზღვართან, კერძოდ, ხოფაში, ზის ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე, მასთან ჩადიან ქურდული სამყაროს მიმდევრები, იქ ხდება დირექტივების გაცემა და ა.შ. ვიცი კონკრეტული ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოდან ჩაიყვანეს პრობლემის მოსაგვარებლად. რამდენიმეს აქეთ შემოუთვალეს, წყნარად იყავით და ქურდულ სალაროში ფული შემოიტანეთო.

ვახო ბერიძე