ვის უქმნიდა საფრთხეს ეროსი კიწმარიშვილი და მკვლელობის რა ვარაუდები აქვს მის ძმას?
19-01-2015
ვის უქმნიდა საფრთხეს ეროსი კიწმარიშვილი და მკვლელობის რა ვარაუდები აქვს მის ძმას?
"ექსპერტიზამ დამანახა, რომ ჩემი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული, თავისივე ავტომანქანაში"

როგორც დაანონსდა, საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი მედიამენეჯერის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დეტალებს პროკურატურა ახლო მომავალში გაასაჯაროებს. გარდაცვლილის ძმა დარწმუნებულია, რომ საქმე გაიხსნება და თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება. რატომ გახდა აქტუალური მკვლელობამდე ორი კვირით ადრე იარაღის საკითხი მის ცხოვრებაში, ვის დაუპირისპირდა, ვისგან იცავდა თავს, სად შეიძლებოდა დაგეგმილიყო კიწმარიშვილის მკვლელობა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე "კვირის პალიტრას" საკუთარ
მოსაზრებას გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი უზიარებს:


- დეტალურად შევისწავლეთ გამოძიების მასალები, ჩამოვწერეთ შენიშვნები, ვერსიები და წარვუდგინეთ პროკურატურას. ალბათ, მალე  დასკვნებიც გაკეთდება. ჯერჯერობით, ისეთი არაფერია, რომ ვთქვა,  ვინმეზე ვეჭვობ-მეთქი. პროკურატურას საქმე თვითმკვლელობის მუხლით აქვს აღძრული, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს მათი პოზიციაა.

- გამორიცხავთ, რომ თქვენმა
ძმამ თავი მოიკლა?

- ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. ემოციურ მომენტებს რომ გვერდი ავუაროთ, ვერ ვხედავ მთავარს - მოტივს. ეროსი ავადმყოფი და დეპრესიული ადამიანი არ იყო.  ცხოვრებაში ბევრად მძიმე პერიოდები ჰქონია და ახლა არც ისეთ ჩიხში იყო, საიდანაც ვერ გამოვიდოდა. ის კი არა, ახალი გეგმები ჰქონდა - ტელევიზიის დაარსება უნდოდა, ასევე "60 წუთის" აღდგენა "რუსთავი 2"-ზე. ბევრისთვის ეს გადაცემა არცთუ კომფორტული სიახლე იქნებოდა.
"რუსთავი 2"-ს როცა ხელმძღვანელობდა, ბევრჯერ უფიქრია, რომ შესაძლოა, ვინმეს მისი ლიკვიდაცია შეეკვეთა. მაშინ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა სახელისუფლებო კლანების ქმედება, რასაც მოჰყვებოდა მოვლენები, რომლებიც ბევრ პოლიტიკურ ფიგურას გადაიყოლებდა. ამიტომ უთქვამს, გონიერება ეყოფათ, ეს არ გააკეთონო. ამიტომაც არ ჰყავდა დაცვა და არც იარაღის ტარების სურვილი გასჩენია ოდესმე.

- ახლა რატომ გაუჩნდა იარაღის შეძენის სურვილი?
- ეროსიმ ღიად დაიწყო თამაში, ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ პოლიტიკაში ჩაება, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, ასე ვთქვათ, ხელთათმანი ესროლა "ნაციონალებსაც" და ხელისუფლებასაც, ამიტომაც გადაწყვიტა, თავად დაეცვა თავი.  ცდილობდა, შეექმნა პატარა მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება რეგიონის მასშტაბით გათავისუფლდე ჯგუფური პოლიტიკური მიმართულებებისგან, იყო ლიდერი, მენეჯერი და წარმატებით შეასრულო ამოცანები. ამის მისაღწევად თანამშრომლობდა ისეთ პირებთან, რომლებიც ამ ნიშნით იყვნენ თავისუფლები. იმ საღამოს, როცა არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, ასე თქვა: "ბუმბული გავიწმინდე, ბევრი გეგმა მაქვს, ცოტას დავისვენებ, წავალ, მოვწყდები ყველაფერს და მერე შევუბერავო". არჩევნების მერე ერთხანს ცოტა დათრგუნვილი, უფრო გადაღლილი იყო - რთული მარათონი ჰქონდა, დამოუკიდებელი, არცთუ სერიოზული რესურსებით აღჭურვილი კანდიდატი იყო, თავად მოუწია ბევრი რამის გაკეთებამ. მოსწყდა კოლეგებს და იყო თავისთვის. ამასობაში ბევრი მტერიც გაიჩინა. მერე ისევ ჩადგა მწყობრში და გააქტიურდა. აპირებდა ასპარეზზე გამოსვლას ხმაურიანი ქმედებებით.

ხშირად ლაპარაკობდა სექტემბრიდან  სატელევიზიო სივრცეში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ასახელებდა "მაესტროსა" და "იმედში" მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნისთვის ნეგატიური იქნებოდა და აპირებდა ამ ვითარებაში საპირწონე ყოფილიყო.

- ამბობთ, ბევრი მტერი შეიძინაო. ვის გულისხმობთ, ვის უქმნიდა საფრთხეს?

- ვის უქმნიდა საფრთხეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რთულია ამაზე მსჯელობა, რეალური ვერსია არ არის გამოკვეთილი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს ყოფილიყო ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პლასტი, რომელმაც ყველაფერი დაგეგმა, ან შესაძლოა, აქაურებთან კოორდინაციაში მყოფი ძალა ქვეყნის გარედან.
ეროსი ვიღაცებს აღიზიანებდა თავისი გეგმებით. პირველად ივლისის დასაწყისში ჩვენს ერთ მეგობართან თქვა, რომ იარაღის ყიდვას აპირებდა. იარაღი თავის მოსაკლავად რომ ნდომოდა, ორი კვირით ადრე არ დაიწყებდა მზადებას. მის მეგობარ ბადრი ნანიტაშვილს შესთავაზა იარაღის ყიდვა, ბოლო 2-3 დღე იმაზე მსჯელობდნენ, რომელი მოდელი სჯობდა. საბოლოოდ, 50 მასრა აიღო და 7 ჰქონდა მჭიდში ჩალაგებული. თვითმკვლელს რაში სჭირდება 7 მასრა?

- იყო ვერსიები, რომ ბევრი რამ იცოდა, მათ შორის სანაიას, ჟვანიასა და სხვათა საქმეებზე, იყო მინიშნება მის ბიზნესკავშირებზეც...
- უფრო შორს მიმავალი ვარაუდები მაქვს, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი. ჩემი ძმის მკვლელობაში დარწმუნებული ვარ. ექსპერტიზებმა დამანახა, რომ ეროსი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული თავისივე ავტომანქანაში. ბევრი კითხვა ჩნდება, კერძოდ, ფანჯრები იყო ჩაწეული, სისხლი არ იყო ფანჯრებს იქით გასული, იარაღზე არ იყო სისხლი, არც თითის ანაბეჭდები... დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გადაკვალიფიცირდება მკვლელობის მუხლით. თუ არადა, მაშინ პროკურატურამ საპირისპირო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

- როდის წარმოადგენს პროკურატურა დასკვნას?
- ვფიქრობ, თებერვალში.

ნანა ფიცხელაური
Nikantro
20 იანვარი 2015 19:23
ამას წინათ ტელევიზიაში ჯურნალისტებისგან მოვისმინე მაკა ასათიანს ეროსისგან ნახევარი მილიონი ერგებოდა და თხოვდაო. დაუბრუნა ნეტავი? მაკა მამალი ქალია. ტყუილა უბრალოდ არავის არაფერს შეაწევს
mimi
19 იანვარი 2015 12:13
რა თქმა უნდა გაასაგეს,საცოდავი კოფილიკო ცკნარად ეცხოვრა ტკბილად ტავის ოჯახტან ერტად...ზალიან დამცკდა გული ვიზიარებ მათ მწუხარებას ნატელში ამყოფოს უფალმა...
kola
19 იანვარი 2015 11:36
მან იმდენი და ისეთი რაღაცეები იცოდა,მანამდე რომ აცოცხლეს კიდევაც გასაკვირია.თუ სიცოცხლე უნდოდა,უნდა აყოლოდა.აღარ უნდოდა და თამაშიც დაუმთავრეს.ვინ და როგორ,აზრი აღარ აქვს,ისედაც გასაგებია.

რედაქტორის რჩევით