იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ - ”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო”
19-01-2015
იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ - ”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო”
კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. ”კვირის პალიტრის” მე-3 ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ბატონ იურისთან, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა.

”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო”

თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ მოძიებული ინფორმაციით და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს...


როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ვაზაგაშვილს მანქანის მარცხენა მხრიდან ახლო
მანძილიდან ესროლეს და ამ დროს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ადვოკატებმა აჩვენეს სპეცოპერაციის ფოტომასალაც, რომელიც, მათი თქმით, 2006 წლიდან 2013 წლამდე სხვადასხვა მიზეზით არ იდო საქმეში.

იური ვაზაგაშვილი, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა: - ვიდეომასალა, 40-წუთიანია და ის გრიგოლ კვინიკაძემ გადასცა "ობიექტივს". კვინიკაძე სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ამ საქმის გამოძიებას
ხელმძღვანელობდა. ეს კვინიკაძე იმ ჯგუფში იყო, რომელმაც თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო. ახლა საფრანგეთშია გაქცეული. კვინიკაძემ კადრები კეთილი განზრახვით კი არ გამოაჩინა, არამედ იმიტომ, რომ თამაზაშვილისთვის დაენახებინა, თითქოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

- თქვენთვის რა სიახლე იყო ამ მასალაში?

- ამ ექსპერტიზით კი არა, წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის - პოლიციელებიც. წინა გაყალბებულმა ექსპერტიზამაც კი დაასკვნა, თავის მარცხენა მხარეს არის დაზიანება და თავის ქალა ისეა დაშლილი, რომ გვამთან ერთად მისი ნაწილები არ არის წარმოდგენილიო. კადრებში ჩანს, როგორ კრეფენ  თავის ქალის ნაწილებს. თვითმხილველების ცნობით, იმ გასროლამდე ზურა ცოცხალი იყო.

- ანუ ზურაბს საკონტროლო ტყვია დაახალეს?

- დიახ, ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს. საცობში მდგარი ავტომანქანის მარცხენა მხარეს იყო კედელი, კედელსა და ავტომანქანას შორის მანძილი კი 80 სმ-ია. კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანას მარჯვნიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ მარცხენა მხრიდანაც მოუარეს და სროლა დაიწყეს. ზურამ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, რის შემდეგაც ხუთმა კაცმა  BMW-დან დაუწყო სროლა. ამასობაში ზურამ მარჯვნივ აიღო საჭე და ბოძს შეეჯახა. ძირითადად, ესროდნენ უკნიდან და მარჯვენა მხრიდან. მარცხნიდან კედელმა ესროლა? ექსპერტებს თავის ქალა უნდა აეწყოთ და მერე დაადგენდნენ, რა იარაღიდან იყო ნასროლი ტყვიები... 

- გამოძიება მიმდინარეობს?

- რომელ გამოძიებაზე მელაპარაკებით?
პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით.  ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს. დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!
ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი: - ეს ფოტომასალა საქმეში დევს 2006 წლიდან. ვიდეოც, რომელიც "ობიექტივმა" გაავრცელა, საქმეში დევს. როგორ გგონიათ, იქ ვიღაც მივიდა და ვიდეოს და სურათებს იღებდა? საკითხავი ის არის, ამათ ხელში როგორ ვარდება ექსპერტიზის დროს გადაღებული მასალები. ეს მასალები პროკურატურიდან მედიასაშუალებებსა და დაზარალებულებთან ხვდება, რაც ნორმალური მოვლენა არ არის.

- ვაზაგაშვილის მამა ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტიზა, ფუთურიძე და სხვა მოწმეები ადასტურებენ, რომ მისი შვილი განზრახ მოკლეს, ახალგაზრდებს კი ცეცხლი არ გაუხსნიათ; არც დენთის კვალი დაუდგენია ექსპერტიზას მანქანაში...

- ფუთურიძემ გამოძიებას ადვოკატთან ერთად მისცა ჩვენება და თქვა, რომ პოლიციელების მიმართულებით თავდაპირველად მან გახსნა ცეცხლი და მას აჰყვა ხუბულოვი. ისიც თქვა, ვისთან მიდიოდნენ საყაჩაღოდ, საიდან ჰქონდათ იარაღი... მანქანაში ნაპოვნი ერთ-ერთი იარაღი ფუთურიძის ბიძის იყო, რომელიც დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მანქანაში დენთის კვალიც არის, ნასროლიც!  ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ დენთის კვალი არის როგორც მანქანის წინა და უკანა სალონებში, ასევე გარდაცვლილების და ფუთურიძის ხელზე.
არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ფუთურიძე მანქანიდან გადატენილი "მაკაროვით" გადმოდის და სპეცრაზმელების მიმართულებით ისვრის.
რატომ ის არ მოკლეს? სასწრაფო მოიყვანეს და ადგილზე ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- რისთვის გახდა საჭირო ამხელა სპეცოპერაციის ჩატარება?

- ახალგაზრდებს უთვალთვალებდა პოლიცია, მათ ეს შენიშნეს და პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. საცობში იყვნენ სპეცრაზმელებიც და მათაც მიიღეს ზომები. პოლიციას ცეცხლს რომ გაუხსნი, ეს, რა თქმა უნდა, ფატალური შედეგებით დამთავრდება. დადასტურებულია, რომ ახალგაზრდები საყაჩაღოდ მიდიოდნენ. მათი მანქანიდან ოთხი იარაღი ამოიღეს, ასევე "სკოტჩი", დასაძინებელი საშუალებაც (ოჯახს, სადაც საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ძაღლი ჰყავდა და ცხადია, მისთვის).

მეოთხე თანამზრახველიც ჰყავდათ, მრავალჯერ ნასამართლევი, გვარად სინდოიანი, ისიც უნდა ჩაესვათ მანქანაში. იგი ამჟამად უკრაინაში იხდის სასჯელს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი - ყაჩაღობის დროს ქალს თავი მოაჭრა.
სინდოიანმა მისცა ბიჭებს ეს საქმე. სინდოიანმა აღიარებით ჩვენებაში ყველაფერი "დაფქვა", შემდეგ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ახლა ამ ადამიანებს პროკურორები აძლევენ მასალებს, სპეცეფექტები რომ შექმნან. ჯერ არ დამდგარა იმის დრო, ყველაფერი ვთქვა.

ნანა ფიცხელაური
ალექსანდრა
21 იანვარი 2015 16:01
დრო ყველას გასცემს პასუხს.... არავის არავისი სიკვდილი არ შერჩება... დრო გასცემს ყველას...რა არაადამიანი უნდა იყო რა ცხოველიიიი რომ ასე მოექცე ადამიანს... სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ....ვაი ბიჭებო.....
ნანა
21 იანვარი 2015 13:47
გადავხედე კომენტარებს და როგორც ვხედავ ორად იყოფა აზრი...არავინ იცის სად და რისთვის მიდიოდა ზურა ვაზაგაშვილი,სწორად და ზუსტად მას ეცოდინებოდა ეს და ამაზე მკითხაობა სისულელეა,მაგრამ გინდ დამნაშავე ყოფილიყო და გინდ უდანაშაულო,ასე დადევნება და ჩაცხრილვა,ვითომ ტერორისტები იყვნენ,დიდი უაზრობაა,მათი დაკავება სხვანაირადაც შეიძლებოდა,თუ დამნაშავეები იყვნენ,კანონიერი წესით გასამართლება შეიძლებოდა და არა ასე უსულგულოდ ჩახოცვა...არამგონია როდესმე გაირკვეს რა,რატომ და როგორ მოხდა,მაგრამ ფაქტია ეს უბედური კაცი ამ საქმეს შეეწირა,რასაც ახლანდელი მთავრობა გადაჰყვება ნამდვილად...
!
21 იანვარი 2015 13:27
ღმერთო, რა ხალხში გვიწევს ცხოვრება! ზოგიერთს სიკვდილიც კი შურს ადამიანისა. გვახრჩობს ერთმანეთის ზიზღი, ბოღმა, შური... წაიკითხეთ კომენტარები და თავად მიხვდებით. ძალიან მიკვირს, როგორ მოვაღწია ასეთმა გაუტანელმა ერმა დღემდე და როგორ შეინარჩუნა არსებობობა. რად გვინდა პუტინი და შაჰ-აბასი, ქართველების ყველაზე დიდი მტრები ისევ ქართველები არიან!

რედაქტორის რჩევით