მარიამ კოჩალიძე სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა?! - მკვლელი ირანში დაიჭირეს - კვირის პალიტრა

მარიამ კოჩალიძე სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა?! - მკვლელი ირანში დაიჭირეს

გასულ კვირას შს სამინისტრომ თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო. ირანელი სამართალდამცველები ქართველ კოლეგებს ატყობინებდნენ, რომ დაკავებულია რუინთან მოჰამადამინი, რომელსაც ქართული მხარე 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობისთვის ეძებს. ირკვევა, რომ მან ანალოგიური დანაშაული ირანის ტერიტორიაზეც ჩაიდინა და 8 წლის ბიჭი გამოასალმა სიცოცხლეს...

შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სექსუალურ მანიაკს, რომელიც არასრულწლოვნებზე ნადირობდა - ირანის მოქალაქემ 16 წლის მარიამი იმ მოტივით მოკლა, რომ გოგონამ მას სექსუალურ ურთიერთობაზე უარი უთხრა. ამ მოტივს ასახელებს მკვლელი აღიარებით ჩვენებაში, რომელიც მან გამოძიებას მისცა. ჩვენებით ირკვევა, რომ ირანის მოქალაქე კიდევ რამდენიმე გოგონას აიძულებდა, დათანხმებოდნენ მის სურვილს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სამწუხაროდ, არც ერთ დაზარალებულს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

"კვირის პალიტრამ" მარიამ კოჩალიძის მკვლელობის დეტალების გახსენება შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, ვალერი თელიას სთხოვა, რომელიც იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა.

-  ჩვენ ძარცვაზე გვქონდა ეჭვი, რადგან გარდაცვლილ გოგონას საყურე არ ჰქონდა, მაგრამ როგორც დამნაშავემ აღიარა, მკვლელობის მოტივი გახდა ის, რომ გოგონამ უარი უთხრა სექსუალურ ურთიერთობაზე.

- იქნებ გაიხსენოთ, თავის დროზე როგორ მიაგენით დამნაშავის კვალს?

- შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, გოგონა ყელგამოჭრილი იყო და თავზე ლოდი ედო. ეს ადგილი მიუვალია, იქ მხოლოდ მეთევზეები დადიან. თავდაპირველად ისინი დავკითხეთ. იქვეა შსს-ს კინოლოგიის სამსახური, სადაც ძაღლებს წვრთნიან. ერთ-ერთმა კინოლოგმა მიგვითითა ადგილი, სადაც ხშირად დადიოდა წვერიანი მამაკაცი, სავარაუდოდ, უცხოელი. ერთხელ გამოლაპარაკებაც ვცადე, მაგრამ არ გამიჩერდაო. ეს კაცი მეთევზეებსაც ჰყავდათ შემჩნეული. ყველა ამბობდა, რომ მას ჰქონდა ზურგჩანთა, რაც ამოსაცნობად ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახდა. ამასთან, მკვლელობის შემდეგ დაიკარგა გოგონას ველოსიპედი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოვაჩინეთ. გავყევით კვალს, ვიდეოჩანაწერებით დავადგინეთ ასეთი პირის გადაადგილების მარშრუტი. ვიპოვეთ ტაქსი, რომლითაც ის მივიდა სარფის საბაჟომდე და ქვეყნიდან გასვლა მოახერხა.

ტაქსის დათვალიერებისას უკანა სავარძელზე აღმოვაჩინეთ სისხლის კვალი. ჩატარდა დნმ-ის ანალიზი და სისხლი გარდაცვლილის ჯგუფს დაემთხვა. ეს იყო მტკიცებულება, რომ მკვლელობა ნამდვილად ამ პირმა ჩაიდინა.

- მანამდე თუ ჰქონია კონტაქტი მარიამ კოჩალიძეს მასთან?

- ერთ-ერთი მოწმე მიუთითებდა, რომ ორი დღით ადრე მარიამი სწორედ მასთან ერთად შენიშნა. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ დროის იმ მონაკვეთში შესაძლებელი იყო, დამნაშავეს მოეკლა გოგონა და ქვეყნიდან გასვლაც მოეხერხებინა. ჩვენ სწორ კვალს დავადექით და დანაშაულიც გავხსენით.

- 8 წლის ბავშვის მკვლელობის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

-ვიცით, რომ ანალოგიური დანაშაული მან ირანშიც ჩაიდინა. როდესაც დააკავეს, მაშინვე გვაცნობეს, მაგრამ არ ვიცით, რა იყო ირანში მისი დანაშაულის მოტივი.

- მახსოვს, თავის დროზე გამოძიებამ ამოიღო მარიამ კოჩალიძის დღიური... გამოძიებისთვის რამე საინტერესო თუ ეწერა იქ?

-ძირითადად, მხატვრული ჩანახატები იყო. იმ ირანელთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩანაწერებში არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ ორი ბოთლი ლუდი, რომელიც მარიამმა შეიძინა. ეს დასტურდება მაღაზიის გამყიდველის ჩვენებით. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკვლელი და მარიამი ერთმანეთს ხვდებოდნენ და საუბრობდნენ.

ნატო კვინტრაძე მარიამს საკუთარი შვილივით ზრდიდა. ის მკვლელის დაკავებას წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელოდა. რუინთან მოჰამადამინის დაპატიმრების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

-თავიდან ყაჩაღობის მოტივზე საუბრობდნენ, რასაც არ ვეთანხმებოდი. ახლა თითქოს უთქვამს, ცოლი მყავდა ქართველი, უმიზეზოდ დამშორდა და ქართველ გოგონაზე იმიტომ ვიძიე შურიო. რაც შეეხება მოტივს - მარიამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. უკნიდან მიეპარა და ისე მოკლა.

სად მოიხდის სასჯელს მარიამ კოჩალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ირანის მოქალაქე? იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს ირანში გამოტანილი განაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი.

- ამ პირმა ჩვენი მოქალაქე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. განაჩენი გამოტანილია - დამნაშავეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. შესაძლოა, რუინთან მოჰამადამინი ირანში ბავშვის მკვლელობისთვის დააკავეს. თუ ასეა, ჩვენ ვალდებული ვართ, იქაურ განაჩენს დაველოდოთ, რათა შემდგომ გადაწყდეს, ეს ადამიანი ორივე დანაშაულისთვის სასჯელს ირანში მოიხდის თუ საქართველოში".

ვახო ბერიძე